ფეხბურთი

17:49 | 9.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მახარაძემ ყატარელებს ვერც ამჯერად აჯობა

აზიის საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგაში, ზედიზედ მეორე თამაში ვერ მოიგო ტაშკენტის “ფახთაქორმა”, რომლის კაპიტანი კახა მახარაძეა.

B ჯგუფის მე-3 ტურში, “ფახთაქორმა” ყატარში ადგილობრივ “ლახვიასთან” 1:3 წააგო, ხოლო სამშაბათს, ყატარელებს ტაშკენტში უმასპინძლა. დაპირისპირება 2:2 დასრულდა და მახარაძემ შეუცვლელად ითამაშა, თანაც 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

მატჩის პირველ წუთზე ანგარიში “ლახვიას” ურუგვაელმა თავდამსხმელმა სებასტიანო სორიამ გახსნა, ხოლო 26-ეზე თანაფარდობა გულომ ურუნოვმა აღადგინა – 1:1. 55-ე წუთზე “ფახთაქორი” ფრანგმა თავდამსხმელმა დამე ტრაორემ დააწინაურა – 2:1. თუმცა, მასპინძლებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და ტუნისელმა იუსუფ მსაკნიმ უზბეკების კარი მეორედ აიღო. აქვე გეტყვით, რომ “ლახვიას” მთავარი მწვრთნელი ცნობილი ბელგიელი სპეციალისტი ერიკ გერეტსია.

“ფახთაქორს” 7 ქულა აქვს და B ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფება, ჩამორჩება რა “ლახვიას”, რომელმაც 8 ქულა დააგროვა. მე-3 ადგილზე 3 ქულით არაბთა გაერთიანებული საამიროების “ალ შაბაბი” იმყოფება, ხოლო საუდის არაბეთის “ალ იტიფაქს” ერთი ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.

 

 

0.132142