უზბეკეთის საფეხბურთო უმაღლესი ლიგაში ტაშკენტის “ფახთაქორმა” ლიდერობა დაკარგა. მე-10 ტურში “ფახთაქორი” სტუმრად “ნასაფს” დაუზავდა – 1:1. კახა მახარაძემ ტაშკენტელებს შეუცვლელად უკაპიტნა. “ფახთაქორს” 24 ქულით 14 გუნდში მე-2 ადგილი უკავია და გატანილ-გაშვებული ბურთების უარესი სხვაობით თანაქალაქელ “ლოკომოტივს” ჩამორჩება.
პოლონეთში სეზონი დაასრულეს გიორგი ფოფხაძემ და ნიკა ძალამიძემ. ბოლო ტურში. ბიალისტოკის “იაგიელონიამ” გასვლაზე “კრაკოვიასთან” ქულები გაიყო – 2:2. ფოფხაძემ 90 წუთი ითამაშა, ხოლო ძალამიძე სამატჩო განაცხადში ტრავმის გამო არ ფიგურირებდა. “იაგიელონია” 29 ქულით ქვედა 8 გუნდში მე-3 ადგილზე გავიდა.
ლატვიის ვირსლიგის მე-13 ტურში, დაუგავპილსის “დაუგავამ” სტუმრად რიგის “დაუგავას” 1:0 აჯობა. გიორგი ჩიხრაძემ, გიორგი ხუმარაშვილმა და ჯემალ ჯალიაშვილმა გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშეს. ბიძინა ცინცაძე 18-კაციან განაცხადში არ იყო. დაუგავპილსელები 26 ქულით 10 გუნდში მე-3 ადგილზე არიან.
“ბუხარა” თავის მოედანზე “მაშალთან” 3:4 დამარცხდა. გიორგი კვესიეშვილმა მასპინძლებში მოედანზე ორი ტაიმი დაჰყო. მან მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “ბუხარა” 12 ქულით მე-10 პოზიციაზეა.
ყაზახეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, “ატირაუმ” შინ ყარაგანდის “შახტიორს” 3:2 აჯობა. “ატირაუს” საბუთებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების შემდეგ, გიორგი ფეიქრიშვილი დაუბრუნდა. ის თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო. “ატირაუს” 21 ქულა აქვს და 12 გუნდში მეშვიდეა.
“ჟეტისუმ”, რომელსაც ომარ თეთრაძე წვრთნის, “აქტობე” მიიღო და 1:0 სძლია. თეთრაძის შეგირდები 16 ქულით მე-10 ადგილზე არიან.
ბელარუსის უმაღლესი ლიგის მე-10 ტურში სოლიგორსკის “შახტიორმა” “ბელშინას” უმასპინძლა და 1:2 წააგო. სანდრო გურული სოლიგორსკელთა სასტარტოში იმყოფებოდა და 66-ე წუთზე შეცვალეს. “შახტიორი” 15 ქულით 12 გუნდში მეხუთეა.
“დნეპრმა” მოგილიოვში ბორისოვოს ბატესთან 0:1 წააგო. ნიკა მნათობიშვილმა მასპინძლებში პირველიდან ბოლო წუთამდე ითამაშა. “დნეპრი” 9 ქულით მეცხრეა.