ძიუდო

18:39 | 18.09.2011 | ნანახია [] - ჯერ

მატიაშვილმა ვერცხლის წერტილი დასვა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბელგიის ქალაქ ლომელში 16-18 სექტემბერს ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა და საერთო გუნდურ ჩათვლაში 39 ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა. არადა ჩემპიონატის სულ ბოლო შეხვედრაში ქართველ მძიმეწონოსანს, ლევან მატიაშვილს ავსტრიელი დანიელ ალერშტორფერისთვის რომ მოეგო, თავადაც ევროპის ჩემპიონი ხდებოდა და საქართველოს ნაკრებიც.
ტურნირის დასკვნით, მესამე დღეს გია გუგავას გუნდის წევრთაგან კვარცხლბეკზე სწორედ მატიაშვილი ავიდა. ალერშტორფერთან მარცხამდე მან სამი მეტოქე ჩამოიცილა. რუმინელ დანიელ ნატეას ვაზარ-იუკოთი გასცდა. ლიტველ ჟილვინას ზაბარსკასსა და რუსეთის სახელით მოჭიდავე სტეპან სარკისიანს იპონებით მოუგო. ფინალის ბედი კი ერთადერთმა იუკომ გადაწყვიტა, რომელიც ავსტრიელმა ძიუდოისტმა მსაჯებისგან ქართველის ორჯერ გაფრთხილების გამო მიიღო.
ალერშტორფერმა გადამწყვეტ გამარჯვებამდე რამდენიმე საათით ადრე მძიმე წონაში მოჭიდავე მეორე ქართველიც დაამარცხა - უშანგი კოკაურს საწყის ეტაპზევე აჯობა და ჩემპიონატს გამოთიშა.
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი მერმანიშვილს სამეულამდე  ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. ბელარუსი ვლადიმირ შუმეიკას, ლიტველი ჟილვინას ლეკავიჩუსის, შვედი ბენჟამინ შტოფელისა და გერმანელი სიმონ გლოკნერის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონთან, რუს ჰუსენ ხალმურზაევთან წააგო. რეპეშაჟის ფინალში კი სლოვენიელ მიჰაელ ზგანკთანაც ვერას გახდა და მსოფლიოს პირველობა მეხუთე ადგილით დაასრულა. ამავე წონაში გიორგი ქავთარაძე შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა, უკრაინელ ვიტალი კოვტუნოვთან მარცხით. იქამდე კი წმინდად აჯობა გერმანელ იონას ბაუერს.
100 კილოგრამში ტატამზე გიორგი ცნობილაძე და ელგუჯა ბიბილაშვილი გავიდნენ, მაგრამ მხოლოდ თითოჯერ. პირველ წრეში ორივე ჰოლანდიელ მეტოქესთან დამარცხდა. ცნობილაძე ტიის ვან ჰუიგენბოსთან, ხოლო ბიბილაშვილი ტიმო ლესტერჰუიზთან.
დღესვე მედლები გოგონათა ორ უმძიმეს წონაში – 78 და +78 კილოგრამებშიც გათამაშდა. საქმეში ქართველი მძიმეწონოსანი ელენე ქებაძეც ჩაერთო და ტოლსწორადაც ეჭიდავა გერმანელ კაროლინ ვეისს, მაგრამ დამატებით დროში მიღებული გაფრთხილებით დამარცხდა. ვეისმა ქებაძის გარდა ოთხ მოწინააღმდეგეს სძლია და ევროპის ჩემპიონი გახდა. ყველაზე მეტად მას ქართველთან გაუჭირდა, დანარჩენ შეხვედრებში კი მოწინააღმდეგეები პირწმინდად დაჩაგრა და საქმე იპონით მოუმთავრა.
შეგახსენებთ, საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 16-კაციანი შემადგენლობით იჭიდავა. ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) ჩემპიონი გახდა, მატიაშვილი და ლერი ჭელიძე (55 კგ) მეორე ადგილზე გავიდნენ, მიხეილ ჩოხელი (73 კგ) – მესამეზე.

ძიუდო
ევროპის ჩემპიონატი
ახალგაზრდები
ლომელი, ბელგია
18 სექტემბერი


ვაჟები

90 კგ
1 ჰუსენ ხალმურზაევი (რუსეთი)
2 პეტერ პალტჩიკი (ისრაელი)
3 ჟაკუბ ზარზეცნი (პოლონეთი)
3 მიჰაელ ზგანკი (სლოვენია)
5 გიორგი მერმანიშვილი (საქართველო)

100 კგ
1 დომენიკო დი გუიდა (იტალია)
2 ფეიაზ იაზიჩი (თურქეთი)
3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)
3 ისმაილ ურუსოვი (რუსეთი)

+100 კგ
1 დანიელ ალერშტორფერი (ავსტრია)
2 ლევან მატიაშვილი (საქართველო)
3 სვენ ჰაინლი (გერმანია)
3 დამაინ ნასიადკო (პოლონეთი)

გოგონები

78 კგ
1 ჯუსი სტენჰუიზი (ჰოლანდია)
2 ალიონა პროკოპენკო (რუსეთი)
3 ურსკა გრაკნერი (სლოვენია)
3 მადელეინ მალონგა (საფრანგეთი)

+78 კგ
1 კაროლინ ვეისი (გერმანია)
2 ზიტა ნოტერი (გერმანია)
3 ალექსანდრა ბაბინცევა (რუსეთი)
3 ტესი საველკოულსი (ჰოლანდია)

გუნდური ჩათვლა. ვაჟები
                      ო    ვ    ბ    V   VII
1 რუსეთი            2      0     4      3      3
2 სომხეთი           2      0     0      0      0
3 საქართველო 1     2    1    1     1
4 უკრაინა            1       0     1     1      2
5 იტალია            1       0     1     0      1
6 ავსტრია            1       0     0     0      1
7 გერმანია           0       1     2     1      1
8 ისრაელი           0       1     1     2      0
9 სლოვენია         0       1     1     1      0
10 საფრანგეთი    0       1     0     0      3

ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09524