ფეხბურთი

17:56 | 24.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

"მსაჯების დაკავების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვქონდა" - ლევან მიქელაძე

 დაკავებულებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

სფფ-ის მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტმა 8 მსაჯის დღევანდელი დაკავების შესახებ არაფერი იცოდა. 

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” მსაჯთა და მსაჯთა დამკვირვებელთა კომიტეტის თავჯდომარემ ლევან მიქელაძემ განუცხადა.

“შუა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოვიდნენ, რომლებმაც აღნიშნული მსაჯების მიერ ჩატარებული თამაშების სია მოითხოვეს. საუბარი უმაღლეს და პირველ ლიგაში ჩატარებულ მატჩებზე იყო. ეს სია გადავეცით. მათი დაკავების შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გვქონდა. მომხდარი  ჩვენც საინფორმაციო გამოშვებიდან გავიგეთ” – თქვა მიქელაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 8 ქართველი არბიტრი დააკავა: ოთარ ხეცაძე, ირაკლი ურუშაძე, მამუკა ურუშაძე, თეიმურაზ ხუჭუა (ყველა ეროვნული კატეგორიის არბიტრები), ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკაროღლი (პირველი კატეგორია), ონისე მოლოდინაშვილი (ეროვნული კატეგორიის ასისტენტი) და თორნიკე გვანცელაძე (ფიფას არბიტრი).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მსაჯები 2500-დან 5000-მდე ამერიკული დოლარის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდნებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით ჩასატარებელ მატჩებზე ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ასრულებდნენ კიდეც.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიების ხელთ არსებული მონაცემებით, ანალოგიური სქემით მოქმედებენ სხვა მსაჯებიც, რომელთა მიმართ გამოძიება გრძელდება. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო.

 

http://police.ge/ge/shss-s-antikoruftsiulma-saagentom-komertsiuli-moskidvis-faqtze-rva-piri-daakava/7171

0.115631