ფეხბურთი

16:36 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძე: "დინამოსთან" გამოცდილება არ გვეყო"

ამ სეზონის წინ ბევრი არ ელოდა, რომ ქუთაისის "ტორპედო" ლიდერთა ჯგუფში იქნებოდა. მიზეზი გასაგებია: გია გეგუჩაძისა და არაერთი გამოცდილი ფეხბურთელის წასვლა დაეტყობოდა გუნდს, თუმცა როგორც იტყვიან, ისე არ იწვიმა, როგორც ქუხდა – "ტორპედო" ამჟამად მეორე ადგილზეა. ესპანელი სარაგოსას გაწვრთნილები შაბათს თბილისის "დინამოსაც" უგებდნენ და ბოლო წუთებში დამარცხდნენ.

"ტორპედოს" ახალგაზრდული გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელია ნახევარმცველი მათე ცინცაძე. 18 წლის ცინცაძე ვასილ მაისურაძის 19-წლამდელთა ნაკრების წევრიცაა და როგორც იცით, 13-18 ნოემბერს ამ ნაკრებს შინ ელის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური მატჩები: მეტოქეები ჰოლანდია, მოლდოვა და უელსი იქნებიან, ჯგუფიდან კი ორი გუნდი გადის.

"მსოფლიო სპორტი" ცინცაძეს ესაუბრა:

- "დინამოსთან" მარცხის მიუხედავად, ორი აზრი არაა, "ტორპედო" კარგ სეზონს ატარებს. რის ხარჯზე?

- ერთ გუნდად ვართ შეკრულნი, ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. გვაქვს სამოქმედო გეგმა და ვიცით, რა უნდა ვაკეთოთ მოედანზე. ჟერარდ სარაგოსა კარგი მწვრთნელია, მისი როლი საკმაოდ დიდია.

- უფრო რაზე აკეთებს აქცენტს სარაგოსა?

- ბურთის ფლობაზე და კონტროლზე. ანუ, როგორც ესპანელები.

- 18 წლის ხართ თქვენ და გუნდის კიდევ რამდენიმე ფეხბურთელიც. უმაღლეს ლიგაში გაცილებით გამოცდილ და ასაკოვან ფეხბურთელებთან ჭიდილი არ გიჭირთ?

- სიმართლე გითხრათ, არ მიჭირს, რადგან გუნდში გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, რომლებიც პირველ სეზონს არ ატარებენ უმარლესში და გვერდში გვიდგანან. მაგალითად, ზაზა ჭელიძე, გიორგი ხიდეშელი, გიორგი კუხიანიძე.

- "დინამოსთან" მატჩზე რას იტყვით?

- ალბათ, წაგების ღირსნი არ ვიყავით, მაგრამ გამოცდილება არ გვეყო. მოვდუნდით, არადა დრო ცოტაღა იყო დარჩენილი და შეგვეძლო ბოლომდე მიგვეყვანა საქმე.

- ამ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" გაუტანეთ მშვენიერი საჯარიმო დარტყმით. ადრეც გაგიტანიათ მსგავსი გოლი?

- საჯარიმოთი ადრე არა, მაგრამ ამასწინათ სერბეთის 19-წლამდელებს პირველ მატჩში პენალტი გავუტანე, მეორეში კი – თავით შევაგდე გოლი.

- სერბებთან ამხანაგური მატჩები იყო. წინ კი ოფიციალური თამაშებია: ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. 1995 წელს დაბადებულები ის თაობაა, რომლისაც ძალიან ეიმედება გულშემატკივარს – 17-წლამდელებში ხომ ნახევარფინალში გახვედით. გაქვთ იმედი, რომ ეს ციკლიც წარმატებული იქნება?

- სერბეთთან იმას ვიტყვი, რომ ფიზიკურად გვაჯობეს და ამიტომაც ვერ მოვიგეთ. თუმცა არც წაგვიგია: ვჯობდით ტექნიკაში. მოახლოებულ შესარჩევს რაც შეეხება, ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეთ, შემდეგ კი ვნახოთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ 19-წლამდელთა ეს ჩემპიონატიც წარმატებული იქნება ჩვენთვის. კარგი გუნდი გვყავს, კარგი მწვრთნელი და დანარჩენს მინდორზე ვნახავთ.

- 19-წლამდელები როდის გადადიხართ შეკრებაზე?

- 4 ნოემბერს იკრიბება ნაკრები. მანამდე საქართველოს თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩი გვექნება "სპარტაკთან" (პირველი შეხვედრა ქუთაისში 2:2 დასრულდა), 4-ში "ჩიხურას" ვუმასპინძლებთ ჩემპიონატში. ამის მერე კი ნაკრებს შევუერთდებით.

0.116827