2013 წლის 3 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. ამჯერად მარგველთა მეტოქე პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი, ქვეყნის 14-გზის ჩემპიონი, ქალაქ ხოჟუვის წარმომადგენელი საფეხბურთო კლუბი ”რუხი” გახლდათ.
დღევანდელი შეხვედრა ქალაქ სიდეში გაიმართა და ადგილობრივი დროით 15:30 (თბილისის დროით - 17:30) საათზე დაიწყო. პოლონური კლუბი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი იაცეკ ზელინსკი წვრთნის, თავის ქვეყნის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი გახლავთ. აღსანიშნავია, რომ "რუხი" ზაბჟეს "გურნიკთან" ერთად პოლონეთში ყველაზე მეტი (14-14) საჩემპიონო ტიტულის მფლობელი გახლავთ. ხოჟუვის კლუბი ძირითადად პოლონელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა, მათ გვერდით ჩეხი, სერბი, სლოვაკი და ლიტველი ლეგიონერებიც ასპარეზობენ.
ზესტაფონელები საგრძნობ დანაკლისს ვერც დღევანდელ შეხვედრაში ასცდნენ - ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო სლავთა წინააღმდეგ ვერ იასპარეზეს თედორე და თორნიკე გრიგალაშვილებმა, მიხეილ სარდალიშვილმა და ავთო ენდელაძემ. მარგველთა ბანაკი დატოვა გვატემალელმა ფორვარდმა ჰენრი ლოპესმა ...
პირველ და მეორე ტაიმებში იმერელთა დამრიგებელმა კახა კაჭარავამ ფაქტიურად სხვადასხვა შემადგენლობები ათამაშა - შეუცვლელად მხოლოდ მარგველთა გოლკიპერმა როინ კვასხვაძემ და დაცვის ხაზის წარმომადგენელმა ტრიომ (ღონღაძე, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი) იასპარეზეს. მთლიანობაში თამაში თანაბარი და დაძაბული კი გამოდგა, თუმცა მაინც თვალსაჩინო იყო ქართველთა უპირატესობა ისეთ კომპონენტში, როგორიცაა ინდივიდუალური ოსტატობა. პოლონელების სათამაშო მანერას, მართალია დისციპლინაზე დაფუძნებული, მაგრამ მაინც უფანტაზიო ეთქმოდა. იმ ეპიზოდებში, როდესაც ქართველები თამაშის ტემპს უმატებდნენ, სლავებს ძალიან უჭირდათ ტექნიკურ ქართველებთან გამკლავება.
"ზესტაფონს" ანგარიშის გახსნა უკვე 3-ე წუთზე შეეძლო, მაგრამ, "რუხის" კართან ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ, გიორგი კაჭკაჭიშვილის ახლოდან თავით დარტყმული სწორედ პოლონელთა გოლკიპერ მიჰალ პეშკოვიჩს მიუვიდა ხელებში. ხოჟუველთა კართან კიდევ ერთი სახიფათო მომენტი 33-ე წუთზე შეიქმნა - ლევან შარიქაძემ შორიდან დააქუხა და მეკარემ ბურთი გაჭირვებით მოიგერია. თავის მხრივ, პოლონელებიც ცდილობდნენ ოპონენტის მოედნის ნახევარზე თამაშის გადატანას, თუმცა როინ კვასხვაძეს ბევრი სანერვიულო ნამდვილად არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით ერთ ეპიზოდს, როდესაც ზესტაფონელთა დაცვისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაშის შედეგად ხოჟუველები "ზესტაფონის" საჯარიმოში სახიფათოდ შეიჭრნენ ...
მეორე ტაიმის დებიუტში ხოჟუველებმა ქართველთა შეწუხება მათ საჯარიმოში მაღალი ჩაწოდებებით სცადეს, თუმცა ზესტაფონელთა გოლკიპერი ძალიან დამაჯერებლად გამოიყურებოდა. 56-ე წუთზე კი ზესტაფონელებმა აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს - თორნიკე გორგიაშვილის მარცხენა ფლანზე გარღვევისა და საჯარიმოში გამოზომილი ჩაწოდების შემდეგ, რატი წინამძღვრიშვილმა ბურთი "რუხის" კარს ააცილა. მერე იყო შორი მანძილიდან გიორგი ჭანკოტაძის არაზუსტი დარტყმა, გიორგი კაჭკაჭიშვილის კიდევ ერთი თავური და პოლონელთა სახიფათო კონტრშეტევა, რომელიც კაჭკაჭიშვილმა და კვასხვაძემ ერთობლივი ძალისხმევით გაანეიტრალეს. საბოლოოდ, დღევანდელი შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ანგარიშით 0-0 დასრულდა.
დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელთა შემდგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება: კვასხვაძე, ღონღაძე, ლოსანო, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე (ბენაშვილი, 46), იელიჩი (გორგიაშვილი, 46), შარიქაძე (ბაბუნაშვილი, 46), სამუშია (ჭანკოტაძე, 46), ჭანტურიშვილი (აფციაური, 46), რაჟამაშვილი (რეკრუკი, 46), კუტალია (წინამძღვრიშვილი, 46).
შემდეგ სპარინგ-შეხვედრას იმერული გუნდი 5 თებერვალს უკრაინული პოლტავას ”ვორსკლასთან” გამართავს. დღევანდელი მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც ქართველთა დისლოკაციის ადგილის მახლობლად, სიდეში მდებარე ერთ-ერთი საფეხბურთო კომპლექსის საფეხბურთო მოედანზე გაიმართება.