სოხუმისაკენ მიმავალი სუპერ-ჩქაროსნული მატარებლის კუპეში ოთხნი ვსხედვართ. მატარებელი ზღვის ნაპირის გასწვრივ საშინელი სისწრაფით მიჰქრის და სანაპიროზე დარგული პალმები მოჩვენებებივით გაიელვებენ ხოლმე მატარებლის ფანჯრიდან.
მაისის წვიმიანი დღეა. ჩემს წინ მჯდომი ქუთაისელი ასაკოვანი კაცი სპორტულ გაზეთს კითხულობს და თან კითხვებით გვაბრუებს. “ცხუმს“ 1:0 ქე აწყობს, მარა რას გოუგებ ამათ? შარშანაც ნახევარფინალიდან არ გამოვარდნენ... რას ფიქრობთ, მეიგებს დღეს?“ – მეკითხება და პასუხს არც კი ელის, თავადვე განაგრძობს: “ისე, რა გინდა, შე კაი კაცო, ადრე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლაზე მთელი საქართველო ოცნებობდა. ახლა კი, აი “ცხუმი“ უკვე ზედიზედ მეორედ გადის ლიგის ნახევარფინალში და მაინც უკმაყოფილოები ვართ“...
ჯიბეში, ნახევარფინალზე დასასწრებ ბილეთებს ვისინჯავ. ნეტა იცოდეთ, რამხელა წვალება გადავიტანე, სანამ ამ ბილეთებს ვიშოვნიდი. “ცხუმი“-“ბარსელონას“ ნახევარფინალზე დასწრება მარტო სოხუმელებს კი არა, თითქმის მთელს თბილისს გვინდოდა. სოხუმის ახალი სტადიონი კი მხოლოდ 40 ათას კაცს იტევს. შარშანაც მინდოდა ბილეთის შოვნა, მაგრამ ცხვირწინ ამაცალეს გლდანელებმა.
აი, ოჩამჩირეც! წვიმაში რაღაცნაირად, გადღაბნილად ჩანს მთელი ქალაქი. 13 წლის წინ, ვერც კი ვიოცნებებდი აქ ჩამოსვლაზე. ახლა კი, 2025 წელია და აფხაზეთში ჩქაროსნული მატარებლით მივქრივართ.
ოჩამჩირეში მატარებელი ცოტა ხნით ჩერდება. წვიმას გადაუღია და “ფეხის გასაშლელად“, თითქმის ყველა მგზავრი ბაქანზე ჩავდივართ. უმეტესობა, ჩემს მსგავსად, “ცხუმის“ საგულშემატკივროდაა წამოსული. ბევრს სოხუმის გუნდის საკლუბო მაისური აცვია. აქა-იქ, “ცხუმის“ ემბლემიანი დროშებიც ჩანს. “აბა შენ იცი ახლა, ჩაიხლიჩე დღესაც სტადიონზე ბღავილით ხმა. არ გაგიჟდე ახლაც, მაშინდელივით”, – ეუბნება ხანშიშესული ქალი ცამეტიოდე წლის ბიჭს. ამ ბავშვს, ალბათ, არც სჯერა, რომ მის დაბადებამდე სოხუმში ჩასვლა კი არა, აფხაზეთის საზღვარზე გადასვლაც კი ოცნება იყო ბევრი ქართველისთვის.
”არ დავლიოთ ბუჯო? აი კონიაკი ქე მაქვს. აპა, ”ბარსამ” თუ წელსაც მოგვიგო, გული რაფერ უნდა გადავაყოლოთ”, – მეუბნება ვაგონში დაბრუნებისთანავე ქუთაისელი თანამგზავრი და ჩანთიდან კონიაკს იღებს. ”მეც კი მაქვს კარგი ღვინო, მაგრამ სოხუმში რომ ჩავალთ, მაშინ რომ დავლიოთ, არ სჯობს?”, – ამბობს ხაშურში ამოსული ულვაშებიანი ახალგაზრდა კაცი, რომლის სახელიც კი არ ვიცით.
სოხუმამდე ვინ მოითმენს?!... ”ამით, მოდით ჩემო კაი ხალხო, ”ცხუმს” გოუმარჯოს. სამი წელია, ქე უგებს ჩვენს ”ტორპედოს”, მაგრამ რას ვიზამთ. ეგენიც ჩვენები არიან და იგინიც! თან ყველაზე მეტი ფული სოხუმში ტრიალებს და იმიზა იყიდეს ამდენი უცხოელი ფეხბურთელი. გოუმარჯოს ”ცხუმს” და ღმერთმა ქნას, ფინალამდე გაეღწიოს” - ქუთაისელის ნათქვამი ყველას მოგვწონს.
”ცოტა დიდი რომ აეშენებინათ სოხუმელებს სტადიონი, უფრო კარგი იქნებოდა. სულ ასე უნდა ვიწვალოთ ბილეთებზე?! 40 ათასი მაყურებელი ძალიან ცოტაა დღეს”, – ვამბობ ჩემს დარდს. ”ყველაფერი ერთად ხომ არ გაკეთდება ჯიგო. აცადე იმ ამერიკელ ბიზნესმენებსა და მალე ნახავ, თუ თასი არ ააღებინონ სოხუმსა”, – მეპასუხება ხაშურელი და თან თავის ჩანთას ხსნის, საიდანაც ამოსული, სოფლის მოხარშული ქათმის სასიამოვნო სუნი, ყველას ცხვირში გვიღიტინებს.
ამასობაში, სხვა კუპედან ორი თბილისელი ბიჭიც გვიერთდება. გვინდა, მივიწ-მოვიწიოთ და ისინიც დავსვათ, მაგრამ დაჯდომაზე უარს ამბობენ და ეგრევე, ზეზეულად ისხამენ ქუთაისელის კონიაკს. ”მსაჯი სადაური იქნება დღეს ხო არ იცით?” – გვეკითხება ერთ-ერთი. ”რუსია მგონი” – ვპახუხობ. ”მერე არ “დაგვწვავს?“ რუსია მაინც...”. ”დაგვწვავს” და მაგისი აჯობებს. ძველი დრო კი აღარაა ბიძია, ყველა ჩვენ რომ გვიტყაპუნებდა თავში. მთავარია, კარგად ითამაშონ ჩვენებმა. სულ არ მეშინია მე მსაჯის”, - ქუთაისელის ამ ნათქვამს თითქმის ყველა ვეთანხმებით და ახლა უკვე იმაზე განვაგრძობთ კამათს, მწვრთნელი ვის დააყენებს ძირითად შემადგენლობაში.
ამასობაში, სოხუმიც გამოჩნდა. თეთრი, მზიანი სოხუმი. თითქმის მთელი საქართველო გამოვიარეთ და ყველგან წვიმდა. სოხუმში კი კაშკაშა მზე დაგვხვდა. ”მიყვარს ეს დალოცვილი და ძალაა!“ – ამბობს ხაშურელი და ქუდს იხდის, სწორედ ისე, ეკლესიაში შესვლის წინ რომ იხდიან ხოლმე.
”მთავარია, დღეს მოვიგოთ და მეტი არაფერი მინდა”, – ეს უკვე მერამდენედ ვიმეორებ გულში. ერთი თვის წინათ, ”იუვენტუსს” თუ მოვუგეთ, ”ბარსელონა” რა გახდა!..
ლევან სეფისკვერაძე