თბილისში მერიის თასის საინტერესო საკალათბურთო ტურნირმა აიღო სტარტი. შეჯიბრებაში საქართველოს გარდა დიდი ბრიტანეთის, ბელარუსისა და მოლდოვას ეროვნული გუნდები მონაწილეობენ და ყველას თავისი მიზანი აქვს გადასაჭრელი. ქართველთა ამოცანა, ცხადია, ტურნირის მოგებით გულშემატკივრის გახარება და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ სათანადოდ მომზადებაა, ჩვენი დღევანდელი მოწინააღმდეგე მოლდოვა კი გაცილებით მოკრძალებულ მიზანს ისახავს.
მატჩის წინ მოლდოველთა უკრაინელ მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ პოლეაჰს გავესაუბრეთ. სტუმართა დამრიგებელმა გვითხრა ამ პოსტზე 21 ივლისს დავინიშნე, გუნდს კი მხოლოდ ევროპის პირველობის C დივიზიონში თამაშის გამოცდილება აქვს და ჯერჯერობით მოლდოვას მაღალი კლასის ნაკრებებთან პაექრობით ძალა არ მოუსინჯავსო. პოლეაჰმა ისიც გვითხრა, გუნდში მხოლოდ 2 ლეგიონერი მყავს (გერმანიის სამოყვარულო კლუბის და რუმინეთის მეორე დივიზიონის წარმომადგენელი), დანარჩენები კი შედარებით სუსტი მოლდოვური ლიგის წარმომადგენლები არიან.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს კარგი საწვრთნელი მატჩი უნდა გამოსვლოდა და ასეც მოხდა. იგორ კოკოშკოვმა განაცხადში შეყვანილი თოთხმეტივე კალათბურთელი დატვირთა, ყველაზე ნაკლები დრო (5 წუთი და 40 წამი) კი მოედანზე გუნდის კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ გაატარა. ჩვენების უპირატესობა განსაკუთრებით პირველ ტაიმში იგრძნობოდა. საწყისი 20 წუთიანი მონაკვეთი 65:21 მოვიგეთ, მესამე-მეოთხე პერიოდებში საქართველოს ნაკრებმა შედარებით მოკრძალებული ანგარიშებით (24:20, 19:15) იმარჯვა, საბოლოოდ კი 108:56 იმარჯვა და თბილისის მერიის თასი გამარჯვებით გახსნა.
ხვალ ჩვენი ნაკრების მეტოქე დიდი ბრიტანეთის ეროვნული გუნდია. რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გარეშე მოასპარეზე ალბიონელებმა დღეს ბელარუსთან ორგვარი შთაბეჭდილება დატოვეს. პირველ ტაიმში კუნძულელებმა აშკარად დაჯაბნეს აღმოსავლეთსლავები (40:21), შესვენების შემდეგ კი ბელარუსმა თავისი ჩვეული, დისციპლინირებული თამაში აჩვენა, სროლებიც წაუვიდა და საბოლოოდ 77:68 იმარჯვა.
დიდ ბრიტანეთთან საქართველო ფავორიტია, თუმცა, ჩვენებს მთელი მატჩის განმავლობაში მონდომებითა და ყურადღებით თამაში მართებთ. ამ შემთხვევაში, მიჯრით მეორე შეხვედრას აუცილებლად მოვიგებთ.
თბილისის მერიის თასი
2 აგვისტო
დიდი ბრიტანეთი – ბელარუსი 68:77 (10:12, 30:9, 19:33, 9:23)
საქართველო – მოლდოვა 108:56 (25:12, 40:9, 24:20, 19:15)
საქართველო: სასტარტო: ზაზა ფაჩულია (1მოხსნა, 2ჩაჭრა, 5.40 წუთი), ლევან ფაცაცია (5ქულა, 4მ, 17.32), ვიქტორ სანიკიძე (6ქ, 3მ, 4პასი, 12.41), გიორგი ცინცაძე (3პ, 9ქ, 10.19), თორნიკე შენგელია (10ქ, 6მ, 4პ, 3ჩ, 15.26). სათადარიგოები: ნიკა მეტრეველი (11ქ, 2მ, 2პ, 19.47), ოთარ ფხაკაძე (5ქ, 2პ, 2 ჩ, 20.22), დუდა სანაძე (14ქ, 2მ, 2პ, 16.56), მიხეილ ჭოჭუა (2ქ, 7.48), ბექა ბურჯანაძე (17ქ, 3მ, 3ჩ, 20.22), გიორგი შარაბიძე (16ქ, 4მ, 18.45), მიხეილ ბერიშვილი (2პ, 2ჩ, 9.37), ბესიკ ლეჟავა (10ქ, 2მ, 4პ, 15.26), ბექა წივწივაძე (3ქ, 5პ, 9.19).







