ფეხბურთი

1:39 | 16.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

მასპინძელმა ბრწყინვალედ დაიწყო, ჯერი იტალია–ესპანეთზეა

კონფედერაციის თასის წლევანდელი გათამაშების გახსნით მატჩში, მასპინძელმა ბრაზილიის ნაკრებმა ალბერტო ძაკერონის დამოძღვრილი იაპონელები გაანადგურა და თავისი გულშემატკივრის იმედი გაამართლა. მსოფლიოს 5–გზის ჩემპიონები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მაგრამ რამდენჯერმე, იაპონელებმაც შეაწუხეს ჟულიუ სეზარი.

სიმბოლურია, რომ ტურნირის პირველი გოლი ბრაზილიელთა უმთავრესმა იმედმა ნეიმარმა მიითვალა, რომელმაც ლამაზად გათამაშებული კომბინაცია ეფექტური, და რაც მთავარია, შედეგიანი დარტყმით დააგვირგვინა. ამის შემდეგ, ბრაზილიელებმა კიდევ რამდენჯერმე შეუტიეს სახიფათოდ, მაგრამ პირველ ტაიმში ანგარიშის გაზრდა ვერ შეძლეს.

სამაგიეროდ, მე–2 ტაიმის დებიუტში, სკოლარის გაწვრთნილები კიდევ უფრო წინ გაიჭრნენ – დანი ალვესის ჩაწოდებული ბურთი პაულინიომ დაამუშავა და იაპონელთა კარის ბადეში მიუჩინა ადგილი – 2:0.

მატჩის დასკვნით ნაწილში, სკოლარიმ ლიდერები შეცვალა, ახალმა სისხლმა კი, ბრაზილიელები თითქოს უფრო გამოაცოცხლა, რაც შედეგშიც აისახა – ოსკარმა იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა ჟო, ფრედის ნაცვლად შესულმა ფორვარდმა კი, ტაბლოზე 3:0 დააფიქსირა.

ამგვარად, ბრაზილიის ნაკრებმა კონფედერაციის თასზე თავისი პირველი მატჩი მოიგო. ხვალ, გათამაშებაში ტურნირის კიდევ 2 ფავორიტი – იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებიც ჩაერთვებიან.

 

ბრაზილია. „ნაციონალური არენა“.

ბრაზილია – იაპონია 3:0 (1:0)

ბრაზილია: სეზარი, ალვესი, სილვა, ლუისი, მარსელო, გუსტავო, პაულინიო, ფრედი (ჟო 81), ნეიმარი (ლუკასი 74), ოსკარი, ჰალკი (ერნანესი 75).

მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი

იაპონია: კავასიმა, ნაგატომო, უჩიდა, კონო, იოსიდა, ჰონდა (ინუი 89), ენდო (ჰოსოგაი 78), კიოტაკე (მაედა 51), კაგავა, ჰასებე, ოკაზაკი.

მწვრთნელი: ალბერტო ძაკერონი

გოლები: 1:0 ნეიმარი (3), 2:0 პაულინიო (48), 3:0 ჟო (90)

გაფრთხილება: ჰასებე (45)

არში დარტყმა: 7 (4) – 9 (5) ჯარიმა: 15 - 14 კუთხური: 4 - 0 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 5 – 2

 

17 ივნისი: მექსიკა – იტალია, ესპანეთი – ურუგვაი

0.205505