თოვლიანი, ყინვით გარემოცული და დანისლული სტამბოლი. ზუსტად ისეთი, ორჰან ფამუქმა რომ აღწერა თავის დროზე. სტადიონთან ორნი დგანან. გრძელი პალტოს საყელოებში თავი აქვთ ჩარგული და თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობენ. ”რა ვქნათ ბიჭო ახლა? მარტო თბილისში დასაბრუნებელი ფული გვაქვს დარჩენილი და ხვალ როგორღა გავჩერდებით ამ დედააფეთქებულ ქალაქში?” – ამბობს ერთი და ჯიბიდან პოლიციისგან ფარულად იღებს თბილისიდან წაღებული ჭაჭით სავსე მათარას, მოსვამს და სასწრაფოდ იბრუნებს ჯიბეში. მეორეს სქელი ქუდი აქვს თვალებზე ჩამოფხატული და ნერვიულად სცემს ბოლთას. ”რაღა ახლა მოვიდა თოვლი და უბედურება ამის დედა ვატირე... მთელი ორი თვე ვაგროვეთ ”გალათასარაი”-”იუვეზე” წამოსასვლელი ფული და ჩვენი იღბალი რა ვთქვი ტო... თოვლის დრო იყო ახლა?...” – ამბობს და ისიც ჩუმად ყლურწავს ცეცხლოვან ჭაჭას.
მერე კიდევ ერთხელ გადაითვლიან დარჩენილ ფულს. ”აღმოაჩენენ”, რომ თბილისში თუ დარეკავენ და ავტობუსის ფულს ვინმე აქ დაახვედრებს, ავტობუსის მძღოლისათვის თხოვნა და ღიჯინიც შეიძლება. მაგრამ მანამდე ჯერ დასაძინებელი ალაგია მოსაძებნი. სასტუმროს ადმინისტრატორები ძალიან უცნაური ხალხია. მათთან უფულოთა თხოვნა არ ჭრის. ამიტომ ისევ მარტივ გამოსავალს პოულობენ. ავტოსადგურის ფოიეში სხდებიან და თვალგახელილი ელოდებიან საზიზღარი და ცივი ღამის გასვლას. წინა დღეს ნაყიდი გადადებული მატჩის ბილეთები მეორე დღესაც ჭრის და თამაშის უნახავად თბილისში წასვლა არ ეგების...
მეორე დრეა. ისევ თოვს. ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობა ძალიან არის შემცირებული. სტადიონ ”ალი სამი იენის” გარშემო შეგროვილი თურქი ქომაგობა ზლაზვნით მიემართება გადადებული მატჩზე დასასწრებად. სამუშაო საათებია და სტადიონზე წინა დღეზე ბევრად ცოტა ხალხია. თუმცა ქომაგების ამ რაოდენობის მეათედიც საკმარისია იმისათვის, რომ თბილისდან სტამბოლში ”იუვენტუსის” საგულშემატკივროდ ჩასული ორი კაცი კოხტად მიბეგვონ. ამიტომ ღამისმთეველი ქართველი გულშემატკივრები პალტოების ჯიბეებში იტენიან ”იუვენტუსის” საგულშემატკივრო შარფებს და რაც კი შეიძლება მშვიდი სახით სხდებიან ტრიბუნაზე კუთვნილ სკამებზე.
გადის დრო და სულ უფრო ცოფდება და გიჟდება თურქი ქომაგობა. აქა-იქ სხვადასხვა საგნების სროლაც დაიწყეს. თოვლი კი კვლავ მოდის და მოდის, მაგრამ აშკარაა, რომ ამჯერად მატჩის გადადებას მსაჯი ცოცხალი თავით არ აპირებს. ბოლოს კი ვესლი სნეიდერს გააქვს ის გოლი, რომელიც ალბათ ყველამ ვნახეთ და სულ გადადიან ჭკუიდან ისედაც გვარიანად დარეხვილი თურქი გულშემატკივრები. მატჩის დასრულებისთანავე იწყებენ ღრეობას. სულ ფეხებზე იკიდებენ სათანადო აკრძალვებს და თოვლიანი სტამბოლის ქუჩებში უბრახუნებენ ვისკის ღრიალით: ”მაშალა გალა! მაშალა სტამბულ!”. დაღვრემილი ქართველი ბიჭები კი ავტოსადგურისაკენ მიჩანჩალებენ ნახევრად მშივრები და სამყაროზე დაბოღმილები. ამოდენა გზაზე წასვლა, ღამისთევა და სტადიონზე თუ სადგურში კანკალი მხოლოდ იმისათვის, რომ თურქთა ზეიმი ნახო –მართლაც დიდი ტრაგედიაა თბილისიდან სტამბოლში აბარგებული ”იუვენტუსის” ქომაგისათვის.
ძალიან რთული გამოდგა ავტობუსის ისეთი მძღოლის ნახვა, რომელიც თბილისამდე დააცდიდა ბიჭებს ფულს. უმეტესობას რა თქმა უნდა რიგითი “გადამგდებები” ეგონათY და ვერც კი წარმოედგინათ, თუკი თბილისიდან გაყინულ სტამბოლში ფეხბურთის სანახავად ჩამსვლელი გადარეულებიც არსებობდნენ. (მით უმეტეს, როდესაც ქართული გუნდიც კი არ თამაშობდა) ბოლოს ერთი ხოფელი ქართველი მძღოლი ნახეს, რომელიც დიდი ამოხვნეშებითა და ამბებით დათანხმდა ბიჭებს თბილისში წაყვანაზე.
დაიძრა ავტობუსი. ავტობუსში სულ უკანა სკამებზე მიყუჟული თბილისელი ბიჭებიდან ერთს ეძინა, მეორე კი მოწყენილად შესცქეროდა დაორთქლილი ფანჯრიდან ”გალათასარაის” მაისურით შემოსილ რამდენიმე თურქ ჯეელს, რომლებიც სადგურში მთვრალები დაბრიალობდნენ და მთელი ხმით ყვიროდნენ: “მაშალა, მაშალა გალა! მაშალა გალა!!!”...