ბლოგი

10:57 | 11.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარტინ პალერმო და სხვები

არგენტინელი მარტინ პალერმო ფეხბურთელობისას ისეთი გიჟი და შერეკილი ვინმე იყო, აბა ვინ წარმოიდგენდა, რომ მისგან კარგი და ჭკუადამჯდარი მწვრთნელი დადგებოდა? ამიტომაც, არასოდეს უნდა ვენდოთ მხოლოდ ადამიანის ერთ მხარეს და თავიდანვე არ უნდა დავუსვათ კაცს “დიაგნოზი” – ამისგან არაფერი გამოვაო.

ფეხბურთელი რომ ნიჭიერი იყო – ეს კი ვიცოდით, მაგრამ ამ მარტინ პალერმოს (რომელსაც არგენტინაში “უწმინდურ მარტინსაც” კი ეძახიან ისეთი ხასიათი ჰქონდა) დღე არ გავიდოდა რომელიმე “ყვითელი” გამოცემის გარეკანზე არ ყოფილიყო გამოჭიმული. ძმაკაცებიც თავისნაირი დაუწყობელები ჰყავდა და მტერსა და ავს კაცი მათ თუ გადაეყრებოდა. ამიტომაც, ბევრმა არ დაიჯერა როდესაც არგენტინაში გავრცელდა ხმა, რომ პატარა მაგრამ ულამაზეს ქალაქ სარანდის (ბუენოს აირესის პროვინცია) ცნობილი საფეხბურთო კლუბ ”არსენალის” პრეზიდენტმა განაცხადა: “ჩემს კლუბში მწვრთელად მარტინ პალერმოს ვნიშნავ და ვისაც ჩემი გადაწყვეტილება არ მოგწონთ იმის იქითაც გზა გქონიათო”.

ამ გადაწყვეტილების მერე კარგა ხანი გავიდა და ყველამ თვალნათლივ დაინახა, რომ მარტინ პალერმოს მართლაც აქვს განსაკუთრებულად იდუმალი ნიჭი, რომლის აღმოჩენაც პატარა ამბავი სულაც არ არის და ბარაქალა “არსენალის” მესვეურებს ამისათვის. ამჟამად ”არსენალი” არგენტინის ჩემპიონატში საკმაოდ სუსტად თამაშობს, მაგრამ კოპა ლიბერტადორესზე პალერმოს გუნდმა ისეთი ამბები დაატრიალა, ბევრ გამოცდილ და ბევრისმნახველ მწვრთნელსაც კი რომ შეშურდება.

“არსენალი” ლათინოამერიკის უპირელეს საკლუბო თასის მეოთხედფინალშია გასული და თუკი ცოტა იღბალმაც შეუწყო ხელი, არც ნახევარფინალი მოსჩანს მთლად შორსა და ბუნდოვნად. სარანდელებმა მიუხედავად იმისა, რომ პარაგვაის “ნასიონალთან” გასვლითი შეხვედრა წააგეს, “უწმინდური მარტინი” იმუქრება, თავი მომჭერით თუ ჩემი ბიჭები ფინალამდე არ გავიყვანოო. ეს თავისუფლადაა შესაძლებელი. მით უმეტეს, რომ ბრაზილიური კლუბები წლევანდელ ლიბერტადორესზე უჩვეულოდ სუსტად თამაშობენ და მეოთხედფინალში მხოლოდ ერთი კინკილა “კრუზეიროღაა” შემორჩენილი, რომელსაც მარტინ პალერმოს სან ლორენცოელი თანამემამულეები უპირებენ “სკალპის ახდას”.

ლიბერტადორესზე მომდევნო კვირას ყველაფერი გაირკვევა. შესაძლებელია პარაგვაელებმა დიდი ფხა გამოიჩინონ და თავი არ დააჯაბნონინ მარტინის გუნდს, მაგრამ უკვე შეგვიძლია იმის თქმა, რომ პალერმოსგან მეტად საინტერესო მწვრთნელი დადგა და გასახარია, რომ მას და ზოგადად მისი თაობის არგენტინელ ფეხბურთელებს განსაკუთრებულად დიდი სამწვრთნელო ნიჭი აღმოაჩნდათ. მხოლოდ დიეგო სიმეონეს ხსენება რად ღირს, რომელმაც მადრიდის “ატლეტიკო” წარმოუდგენელ სიმაღლეზე აიყვანა და მადრიდულმა კლუბმა აგერ უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწია. “ატლეტიკოს” ფეხბურთელები იძახიან, აგერ ნახეთ “ბარსელონასთან” არ დავმარცხდებით და ესპანეთის ჩემპიონობაც ჩვენ დაგვრჩებაო.

ერთი სიტყვით, უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინელებს ნიჭიერ მწვრთნელთა თაობა ჰყავთ და როგორც ასევე ყოფილი ფეხბურთელი ახლა კი მწვრთნელი ბაროს შელოტო ამბობს: ”პოსტრმარადონასეული არგენტინული ფეხბურთი მალე განთავისუფლდება მარადონას კომპლექსისაგან” და სანამ ეს მომხდარა, აგერ გვაქვს შესანიშნავი ტურნირი, ლიბერტადორესის თასი, სადაც მეოთხედფინალში ერთბაშად სამი არგენტინული გუნდი გავიდა და მათგან არც ერთი არაა ლეგენდარული “ბოკა ხუნიორსი” და “რივერ პლეიტი”. არგენტინაში როგორც ჩანს სხვა დრო დადგა და “სხვა ხალხის ჟრიამული ისმის”. შეიძლება სწორედ ესაა დიდი მომავლის დასაწყისი!

0.124762