მარნეულში 1996-98 წლებში დაბადებულ ძიუდოისტებს შორის თენგიზ ნავერიანის ხსოვნის ტურნირი გაიმართა. გუნდურ შეჯიბრებაში, რომელიც ქვემო ქართლის ძიუდოს რეგიონალური ფედერაციისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, 12 გუნდი ჩაერთო. მათ შორის ერთი აზერბაიჯანული გუნდიც.
წინასწარი შეთანხმებით, ტატამზე სომეხი ძიუდოისტებიც უნდა გასულიყვნენ, მაგრამ მათი საქართველოში სტუმრობა ბოლო მომენტში გამოირიცხა და იმერეთის ნაკრები, რომელიც მარნეულში გაფართოებული შემადგენლობით ჩავიდა, 2 გუნდად - იმერეთად და ქუთაისად გაიყო. იმერელთა და აზერნაიჯანელთა გარდა, შეჯიბრებაში თითო რვაკაციანი გუნდით ჩაერთვნენ: კახეთი, თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, მცხეთა-მთიანეთი, აფხაზეთი და სამეგრელო-ზემო სვანეთი.
წილისყრამ პირველ წრეში ოთხი წყვილი გამოავლინა, დანარჩენი ოთხი კი ტურნირში პირდაპირ მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერთო და სწორედ ამ ოთხეულმა შეძლო ნახევარფინალის საგზურების მოპოვება.
ფინალში თბილისი და კახეთი გავიდნენ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის ძლევით. გადამწყვეტ შეხვედრაში კი დედაქალაქელებმა 5:3 იმარჯვეს და ჩემპიონის ტიტულთან ერთად ფულადი ჯილდო, 3 ათასი ლარიც მოიპოვეს. ფინალში დამარცხებულს 2 ათასი ერგო, ხოლო მესამეადგილოსნებს – 500-500.
ტურნირის ყველაზე ტექნიკური მონაწილის პრიზი თბილისელ გიორგი გველესიანს გადაეცა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუნდის წევრი ბექა ფალიანი ყველაზე ლამაზი გდებისთვის დააჯილდოვეს, ხოლო კახელი სიმონ მამარდაშვილი უსწრაფესი მოგებისთვის.
ოთარ მაღლაკელიძე







