კალათბურთი

0:01 | 12.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა “გალათასარაი” პლეი-ოფში გაიყვანა

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” ევროლიგის ტოპ-16-ის დასკვნით ტურში ბელგრადის “პარტიზანს” 64:55 სძლია და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ესპანურ “ბარსელონას” ეთამაშება.

სტამბულელთათვის გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ჩინებულად გამოიყურებოდა და მასპინძელთა შორის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

მანუჩარი სასტარტო ხუთეულში იყო და 34:04 წუთში 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველი მცველი “გალას” მხრიდან ყველაზე დიდი დროით დაიტვირთა, რა დროშიც 4-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მარკოიშვილის დამაჯერებელი გარჯა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყი იმ ფონზე, რომ თამაში არ წაუვიდა თურქული კლუბის კიდევ ერთ ლიდერ კარლოს აროიოს. პუერტო-რიკოელმა უკანახაზელმა 27:16 წუთში ათივე (!) სროლა ააცილა და მატჩი უქულოდ დაასრულა, თუმცა კი, აქტივში 7 პასი ჰქონდა.

“გალათასარაიმ” 7 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და F ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა, მეოთხედფინალში კი, როგორც აღვნიშნეთ, E ჯგუფის გამარჯვებულ “ბარსელონას” დაუპირისპირდება. პლეი-ოფში თამაში სამ მოგებამდე იქნება და მოედნის უპირატესობა კატალონიელთა მხარეს იქნება, შეხვედრები კი 15-დან 25 აპრილამდეა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ ევროლიგის მეოთხედფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ 2 კალათბურთელი იასპარეზებს.

გიორგი შერმადინის “ოლიმპიაკოსი” მადრიდის “რეალს” გაეჯიბრება, რომელმაც დასკვნით ტურში მოულოდნელად “ჟალგირისთან” წააგო და F ჯგუფში პირველობა მოსკოვის ცსკა-ს გადაულოცა (ამგვარად, “არმიელები” ძალებს ათენის “პანათინაიკოსთან” მოსინჯავენ).

კიდევ ერთ მეოთხედფინალში რიკი ჰიკმანის “მაკაბი” ოთხთა ფინალის მასპინძელ – მილანის “ემპორიო არმანის” დაუპირისპირდება.

0.126149