მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თანაქალაქელ “ფენერბაჰჩესთან” სტუმრად განცდილი ორი მარცხის შემდეგ, შინაურ კედლებში მეტოქე 73:64 დაამარცხა და თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა – 1:2.
“გალამ” შეხვედრის ბედი დასკვნით მეოთხედში გადაწყვიტა, თორემ მანამდე საყაიმო ანგარიში გახლდათ. ქართველმა კალათბურთელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 31 წუთში 9 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
მარკოიშვილმა 6-დან 3 ორქულიანი და 7-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
მასპინძელთა რიგებში საუკეთესო სერბი ფორვარდი ზორან ერცეგი გახლდათ 17 ქულით და “ფენერბაჰჩეს” შემადგენლობაშიც სერბეთის ნაკრების წევრი ნემანია ბიელიცა გამოირჩა ორმაგი დუბლით – 17 ქულა, 10 მოხსნა.
10 ივნისს გუნდები ისევ “გალათასარაის” სარბიელზე ითამაშებენ, ფინალი კი ოთხ მოგებამდე გრძელდება.