სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

0:41 | 31.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის წინამძღოლობით ფინალში

სტამბულის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის ფინალურ სერიაში თამაშის უფლება მოიპოვა. მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა “ბანვითი” 73:66 დაამარცხა და ნახევარფინალური სერია 3:1 მოიგო, რაშიც ქართველმა მცველმა დიდი წვლილი დაიდო.

შეგახსენებთ, რომ “ბანვითმა” რეგულარული სეზონი დამაჯერებლად მოიგო და წესით, ფავორიტიც უნდა ყოფილიყო, თუმცა, მეოთხეადგილოსან “გალასთან”, რომელმაც ჩემპიონატში 8 მატჩით ნაკლები მოიგო, ვერაფერი გააწყო.

ბანვითელებს თავის გადარჩენის ბოლო შანსი ჰქონდათ და გასული შეხვედრის პირველი ტაიმი 14 ქულით მოიგეს, მაგრამ შემდეგ მარკოიშვილს და მის თანაგუნდელებს ვეღარაფერი დაუპირისპირეს.

საბოლოოდ, მანუჩარმა 26:59 წუთს ითამაშა და 19 ქულით, 3 მოხსნით და 1 პასით ორივე გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

ქართველი კალათბურთელი განსაკუთრებით სარგებლიანი პერიმეტრიდან იყო და 7-დან 5 სამქულიანი გამოიყენა, რასაც 2-დან 1 ორქულიანი და 2 საჯარიმო წაამატა, პასივში კი 2 დაკარგვა და 3 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

მარკოიშვილს მცირედით ჩამორჩა პუერტო-რიკოელი კარლოს აროიო, რომელმაც თითქმის შეუცვლელად (38:33) ითამაშა და 18 ქულა მიითვალა, ერსინ დალიმ კი 13 ქულას 8 მოხსნა წაამატა.

როგორც აღვნიშნეთ, “გალათასარაიმ” ფინალში გააღწია, სადაც სტამბულურ დერბიში თანაქალაქელ “ფენერბაჰჩეს” შეერკინება.

ფინალური სერია უკვე ოთხ მოგებამდეა და მოედნის უპირატესობა “ფენერის” მხარესაა. 3 და 5 ივნისს მატჩებს სწორედ “ფენერბაჰჩე არენა” უმასპინძლებს, 8 და 10 ივნისს გუნდები “აბდი იპეკჩი არენაზე” გადაინაცვლებენ, შემდეგ კი, საჭიროებისდა მიხედვით, 13 ივნისს მასპინძელი “ფენერბაჰჩე” იქნება, 16-ში – “გალათასარაი”, 19-ში კი ისევ “ფენერი”.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.123383