კალათბურთი

13:36 | 27.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის პირველი მარცხი

მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა. სტამბულელებმა სტუმრად “ალიაღა პეტკიმთან” 69:77 წააგეს და სამი ტურის თავზე სატურნირო ცხრილში ლიდერობა დათმეს.

გასულ შეხვედრაში ქართველმა მცველმა 19:15 წუთს ითამაშა და 8 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. მარკოიშვილმა 2-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართა რიგებში 10-ქულიან ზღვარს მხოლოდ ერსან დალი (16 ქულა, 10 მოხსნა) და ფურკან ალდემირი (13 ქულა) გადასცდნენ, ხოლო მასპინძლებს ამერიკელებმა შონ ჯეიმს მარშალმა (17 ქულა) და მარსელიუს დუეინ სომერვილმა (15 ქულა) ულიდერეს.

“გალათასარაის” თურქეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი 3 ნოემბერს “თოფაშის” წინააღმდეგ ელის, 31 ოქტომბერს კი სტამბულელები ევროლიგის ეგიდით მალაგაში “უნიკახას” გაეჯიბრებიან.

უკრაინის თასზე ქვედალიგელ “ნემოს” მე-2 მატჩიც დამაჯერებლად მოუგო ლევან ფაცაციას “დნიპროაზოტმა”. დნიპროძერჟინსკელებმა ოდესელებს სტუმრად 84:56 სძლიეს და მაშინ ქართველმა კალათბურთელმა 20 ქულა მიითვალა. საშინაო შეხვედრაში “დნიპროაზოტმა” 100:48 მოიგო, ფაცაციას მონაგარი კი 2 ქულა იყო.

ესპანეთის ჩემპიონატში ბექა ბურჯანაძის “კახასოლი” “ვალიადოლიდს” ესტუმრა და 68:81 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 03:09 წუთი გაატარა და 2 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ბურჯანაძემ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, მის წინააღმდეგ კი ორჯერ დაჯარიმდნენ. “კახასოლს” სამივე მატჩი წაგებული აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

0.11577