კალათბურთი

1:34 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 16 ქულა და საყაიმო ანგარიში ფინალში

თურქეთის ჩემპიონატის ფინალური სერია უაღრესად საინტერესოდ მიმდინარეობს. მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” სტამბულისვე “ფენერბაჰჩესთან” სტუმრად განცდილი 2 მარცხის კვალად, შინ 2 გამარჯვება იზეიმა და სერიაში წონასწორობა აღადგინა.

მე-4 შეხვედრაში “გალამ” 88:82 იმარჯვა და სასიხარულოა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ამჯერადაც გამორჩეული ფიგურა გახლდათ. მარკოიშვილმა მოედანზე 32:25 წუთი გაატარა და 16 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. მანუჩარმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არცერთხელ დაუკარგავს და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

“გალათასარაის” რიგებში ყველაზე შედეგიანი პუერტო-რიკოელი კარლოს აროიო გახლდათ 24 ქულით, “ფენერბაჰჩეს” ლიდერებმა ბო მაკკალებმა და ლინას კლეიზამ კი 22-22 ქულა მიითვალეს.

ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება. 13 ივნისს გუნდები “ფენერბაჰჩეს” სარბიელზე ითამაშებენ, 16-ში მასპინძელი კვლავ “გალათასარაი” იქნება, ხოლო თუ საჭირო გახდა, გადამწყვეტ მე-7 შეხვედრას, 19 ივნისს ისევ “ფენერი” მიიღებს.

0.148671