მანუჩარ მარკოიშვილის “გალათასარაიმ” თურქეთის ჩემპიონატის ფინალური სერია იოლი გამარჯვებით დაიწყო. სტამბულელებმა “ბანვითს”, რომელმაც ნახევარფინალში საკმაოდ ძლიერი “ეფეს პილსენი” დაჯაბნა, შანსი არ დაუტოვეს და 79:62 სძლიეს.
მარკოიშვილი, რომელიც ქართველ კალათბურთელთა შორის ალბათ ყველაზე სტაბილური მოთამაშეა, ამჯერადაც ჩინებულად გამოიყურებოდა. მანუჩარი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 28 წუთში 13 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
ქართველმა მცველმა 4-დან 1 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო. “მანუზე” უკეთესი მონაგარი მხოლოდ ჯეიმონტ გორდონს (18 ქულა) და კარლოს აროიოს (17) ჰქონდათ.
7 ივნისს, გუნდები ერთმანეთს ისევ სტამბულში დაუპირისპირდებიან, სულ კი ფინალური სერია ოთხ მოგებამდე გრძელდება.
ძალიან გაირთულა საქმე ვიქტორ სანიკიძის “მონტეპასკიმ”, რომელსაც იტალიის ჩემპიონატის ოქროს მედლებამდე ერთი ნაბიჯი აკლდა, თუმცა, მის გადადგმას ვერაფრით ახერხებს.
სიენელები “ჩიმბერიო ვარეზესთან” ფინალურ სერიას 3:1-ს იგებდნენ, მაგრამ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცეს.
განსაკუთრებით დასანანი გუშინ განცდილი მარცხი გამოდგა. “ჩიმბერიოს” სერბმა კალათბურთელმა დუშან საკოტამ გადამწყვეტი ორქულიანი ზუსტად საფინალო სირენასთან ერთად ჩააგდო და სტუმრებს 82:80 მოაგებინა, არადა, როდესაც სტუმრები თამაშს ანახლებდნენ, დასასრულამდე 0.62 წამი (!) გახლდათ დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაში, რომელიც “მონტეპასკიმ” სტუმრად 67:71 წააგო, სანიკიძემ ორმაგი დუბლი (10 ქულა, 11 მოხსნა) შეასრულა, თუმცა, გუნდის მთავარი მწვრთნელის ლუკა ბანკის გული ვერც ამით მოიგო.
ამჯერად, ქართველი ფორვარდი მოედანზე მხოლოდ 6 წუთი გამოჩნდა და აქტივში ერთადერთი მოხსნა ჰქონდა. ვიქტორმა სამქულიანის სროლაც მოასწრო, თუმცა, საკუთარი ნახევრიდან, რადგანაც მეოთხედისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა.
ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი მე-7 მატჩი 7 ივნისს შედგება და ფავორიტი უკვე “ჩიმბერიოა”, რადგანაც თამაში ვარეზეში შედგება.
ბარემ აქვე ვთქვათ, რომ იტალიის ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტის ვინაობა დღეს გაირკვევა. “ასეა რომას” და “ლენოვო კანტუს” სერიაში ასევე 3:3-ია, ბოლო შეხვედრას კი რომი უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ მანო..წარმატებები
მანო გილოცავ პირველ რიგში ქალიშვილის შეძენას, ღმერთმა ბედნიერი და წამრატებული გიმყოფოს. ასევე გილოცავ ბრწყინვალე სტარტს ფინალურ სერიაში. ესე ერთი და სხვა მრავალი(ორივე მილოცვას ეხება ბოლო წინადადება)
ეს ტრენერი მაგარი დაუნია,თან ვიკას ცოდვამ უწია..სისტემატიურად უყურებ მონტეპასკის თამაშებს და ვიკა იმენნა ათვალწუნებული ყავს, რამდენი ენდო და ათამაშა იმდენი შედეგი დაუდო, მაგრამ ტიპი მაინც ესტონელ კანგურს ენდობა, რომელიც ვიკას ფრჩხილის ფასი არაა, იმიტო არა რო ქართველია , მართლა ყველაფრით ჯობია, ერთი 3 ქულიანებს ესვრის ოდნავ უკეთესი პროცენტით. დგეს 6 წუთი ათამაშა და დაისაჯა კიდეც, ვიკა ყველაზე ლამაზად მოთამაშე ქართველი კალათბურთელია! და ნაკრებში მაგის იმედი მაქვს ,მანუსთან და თოკოსთან ერთად!!!
სიენამ რა ქნა @