გერმანელი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი “ბარსელონაში” ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხა. მან კატალონელებთან კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ ლუის ენრიკეს “ბარსას” თავკაცად დანიშვნის შემდეგ, ტერ შტეგენი კლუბის პირველი შენაძენია. რობერტ ენკეს შემდეგ, ის მეორე გერმანელი მეკარე იქნება, რომელსაც კამპ ნოუელთა რიგებში უთამაშია. განვლილ სეზონში, 22 წლის ტერ შტეგენმა მიონხენგლადბახის ”ბორუსიაში” 35 მატჩი ჩაატარა და 43 გოლი გაუშვა.
კატალონელთა ყოფილი ლეგენდარული მეკარე, ბასკი ანდონი სუბისარეტა ტერ შტეგენს სწრაფ, მოძრავ, მოქნილ, გამოსვლებზე კარგად მოთამაშე გოლკიპერად ახასიათებს და მისი აზრით, “ბარსას” ახალ წევრს შემდგომი ზრდის პერსპექტივაც აქვს.
ბარსელონელ ჟურნალისტებთან საუბარი ტერ შტეგენმა კასტილიურ ენაზე დაიწყო და მასმედიელებს დაჰპირდა, მალე როგორც ესპანურ, ასევე კატალონურ ენებს აითვისებს.
- გერმანულ ბუნდესლიგაში წარმატებით ასპარეზობდით. “ბარსელონაში” გადმოსვლა თქვენი კარიერისთვის წინგადადგმული ნაბიჯი გახდება?
- “კამპ ნოუზე” თამაში ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და როდესაც კატალონიიდან წინადადება მივიღე, სიამოვნებით დავთანხმდი. “ბარსელონა” უდიდესი ტრადიციის კლუბია, ბოლო პერიოდში კი პლანეტის საუკეთესო გუნდად ვთვლი. მართალია, ახლახან დასრულებულ სეზონში “ბარსას” ტიტულები არ მოუპოვებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში გაცილებით წარმატებით გამოვალთ. პირადად ჩემთვის “ბარსელონაში” გადმოსვლა ახდენილი ოცნებაა.
- სხვა კლუბებისგან შეთავაზება არ გქონიათ?
- ჩემთვის სხვა ვარიანტი არ არსებობდა. კარიერის დასაწყისიდანვე “ბარსელონაზე” ვიყავი ორიენტირებული. ეს ჩემთვის, სრულიად ახალი, მაღალი დონეა. არასდროს მიწარმოებია მოლაპარაკება სხვა კლუბთან. აქვე მადლობა მინდა მოვუხადო მიუნხენგლადბახის “ბორუსიას”. ამ კლუბში ჩამოვყალიბდი როგორც მეკარე და კატალონიაში გადასვლისას ხელმძღვანელობას ჩემთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია.
- თქვენთვის სამაგალითო რომელი მეკარეა?
- ბავშვობიდანვე ოლივერ კანის თამაში მხიბლავდა. თავდაპირველად მას ვბაძავდი, შემდეგ კი თანდათან საკუთარი სტილი შევიმუშავე. ახლა მეტი წინსვლის დრო დამიდგა.
- მზად ხართ ვიქტორ ვალდესის სრულფასოვნად შესაცვლელად?
- რამდენადაც ვიცი, ვალდესი კლუბს 30 ივნისს დატოვებს, ამიტომაც პარტნიორობა არ მოგვიწევს. ვიქტორი ბრწყინვალე მეკარეა და მან “ბარსელონასთვის” ბევრი გააკეთა. ვალდესი სათანადო გაცილებას იმსახურებს.
- “ბარსელონას” სათამაშო სტილთან ადაპტირებისთვის დიდი დრო დაგჭირდებათ?
- მწამს, გუნდს მალე გავუშინაურდები. დარწმუნებული ვარ, “ბარსელონა” ჩემი სახლი გახდება.