მიუნხენის “ბაიერნიდან” ფლორენციის “ფიორენტინაში” გადასულმა მარიო გომესმა “იების” შემადგენლობაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა (2 გოლი გაიტანა) და ჩემპიონატის სტარტზე მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო. გომესს 3 თვე გაუცდა, სადღეისოდ კი გუნდთან ერთადაა და თანდათან სპორტულ ფორმაშიც შედის.
- ფლორენციის საფუძვლიანად გაცნობა თუ მოასწარით?
- მიუხედავად იმისა, ფლორენციაში რამდენიმე თვე რომ მაქვს გატარებული, პრაქტიკულად ერთი თავისუფალი დღეც არ მქონია. ეს ტრავმისა და დაზიანების მოშუშების შემდგომი აღსადგენი პერიოდის “დამსახურებაა”. ისე კი, ქალაქის ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი მოვინახულე, დავათვალიერე ბრწყინვალე ქანდაკებები. ფლორენცია ულამაზესი ქალაქია. მისი ისტორიული ნაწილი ფანტასტიკურად გამოიყურება.
- ტიფოზები სუპერმარიოდ მოგიხსენიებენ. თუ იცით, კიდევ ვის აქვს ანალოგიური მეტსახელი?
- რასაკვირველია ვიცი – ბალოტელის. ჩემ სეხნიას მაღალი კლასის ფეხბურთელად ვთვლი.
- “შტუტგარტში” ჯოვანი ტრაპატონისთან ერთად მუშაობდით, “ბაიერნში” პარტნიორად ლუკა ტონი გყავდათ. როგორ გრძნობენ თავს იტალიელები გერმანიაში?
- სინიორ ჯოვანიცა და ლუკაც გერმანიაში ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ. ტრაპთან ურთიერთობას ძლიერ ვაფასებ და მასთან თანამშრომლობამ ბევრი სასარგებლო რამ შემძინა. ტრაპატონი ბრწყინვალე მწვრთნელი და მეტად კარგი ადამიანია. სწორედ მან მომცა შანსი და “შტუტგარტის” ძირითად შემადგენლობაში დამაყენა.
ტონის რაც შეეხება, მიუნხენში ლუკას უდიდეს პატივს სცემდნენ. ვფიქრობ, იგივე მიდგომა ჰქონდათ მის მიმართ დანარჩენ გერმანიაშიც. ტონი მაღალი კლასის თავდამსხმელია, ყოველთვის მზადაა გუნდის ინტერესები გაითვალისწინოს და პარტნიორებს დახმარების ხელი გაუწოდოს. მთლიანობაში, აპენინის ნახევარკუნძულზე გერმანელებს პატივისცემით ეპყრობიან.
- “ფიორენტინას” ამჟამინდელ დამრიგებელ ვინჩენცო მონტელაზე რას გვეტყვით?
- მონტელას სურს გუნდმა შემტევი ყაიდის ფეხბურთი ითამაშოს, ბევრი გაიტანოს. ეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნაა და ამავდროულად, მაყურებლსაც მოსწონს და გულშემატკივარსაც.
- იტალია სერიოზულმა ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა, გერმანიაში ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა. სწორედ კრიზისის გამო თქვენმა ოჯახმა თავის დროზე ესპანეთიდან აბარგება გადაწყვიტა და გერმანიას შეაფარა თავი...
- მამა ყოველთვის ახერხებდა ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფას. მე მისით არა მარტო ვამაყობდი, მიბაძვასაც ვცდილობდი. იგი ყოველთვის მუხლჩაუხრელად შრომობდა და ჩემ ადამიანად და სპორტსმენად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის. სიყვარულით გარემოსილ ოჯახში ვიზრდებოდი. ამისთვის მადლობელი ვარ მშობლების და უფროსი დისა, რომელიც ამჟამად არქიტექტორად მუშაობს.
- თქვენი მამა მადრიდის “რეალის” გულშემატკივარია...
- არა მარტო მამა – ჩემი ოჯახის “ესპანური ნაწილი” “ბლანკოსს” ქომაგობს.
- არადა, “რეალს” უარი უთხარით. ამის თაობაზე ოჯახის წევრებთან გამოტყდომა რთული არ იყო?
- გადაწყვეტილების მიღებისას მამა ყოველთვის გვერდით მიდგას და მხარს მიჭერს. იგი საქმის კურსში იყო, მადრიდიდან რომ დამიკავშირდნენ. აი, ბაბუისთვის კი ეს ამბავი არ გამიმხელია.
- “ფიორენტინაზე” არჩევანი რატომ შეაჩერეთ?
- ფლორენციაში თავის გამოჩენის მეტი შესაძლებლობა მომეცემა. ამასთან, ულამაზეს ქალაქში ვიცხოვრებ. საკუთარი არჩევნით კმაყოფილი ვარ.
- გვერდს ვერ ავუვლით მსოფლიოს ჩემპიონატის თემას. როგორ გგონიათ, ბრაზილიის მომავალი წლის მუნდიალს უკეთ მომზადებული გერმანია შეხვდება თუ იტალია?
- სადღეისოდ ბუნდესმანშაფტის შემადგენლობაში 22-23 წლის ბევრი მოთამაშეა, რომლებიც მეტად ძლიერები არიან და ლამის ყოველთვიურად პროგრესირებენ. ვფიქრობ, იოაჰიმ ლიოვის გუნდი ტურნირამდე დარჩენილ დროში კიდევ უფრო მოუმატებს. ჩეზარე პრანდელის “სკუადრა აძურაც” სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით, ბუნდესთიმი კლასით იტალიის ნაკრებს აღემატება.