ფეხბურთი

10:52 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცე: “მსოფლიოს ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები ასპროცენტიან მზადყოფნაში შეხვდება”

21 წლის მარიო გიოტცე სამჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, 17 მაისს კი ბერლინში, გერმანიის თასის ფინალში, მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში თავის ყოფილ გუნდს დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდება. გიოტცე წინასაფინალე განწყობას fcbayern.de-ს კორესპონდენტს უმხელს, სეზონს აჯამებს და მომავალ მსოფლიოს ჩემპიონატზეც საუბრობს.

- გერმანიის თასის 2012 წლის გათამაშების გადამწყვეტი მატჩი და ჩემპიონთა ლიგის 2013 წლის ფინალი ტრავმის გამო გამოტოვეთ. ბერლინში საფეხბურთო კარიერის პირველ ფინალს ჩაატარებთ. რა განწყობით ხვდებით მატჩს?

- განსაკუთრებული საღამო იქნება. მოუთმენლად ველი ჩემ პირველ ფინალურ შეხვედრას. ამასთან, მოხარული ვარ, ყოფილ პარტნიორებს კიდევ ერთხელ რომ შვეხვდები.

- მიუნხენის “ბაიერნში” თქვენ მიერ გატარებული სეზონი დასასრულს უახლოვდება. რა შეფასებას მისცემდით გუნდის გამოსვლას?

- ბუნდესლიგა მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ვითამაშეთ, გერმანიის თასის მოგების რეალური შანსი გვაქვს. ვფიქრობ, უკმაყოფილების საბაბი არ უნდა გვქონდეს. ნაყოფიერი, წარმატებული სეზონი ჩავატარეთ. ახლა ბოლო აკორდი ბერლინში უნდა დავსვათ.

- “ბაიერნში” გადასვლას გამართლებულ ნაბიჯად თვლით?

- ჩემთვის ეს დიდი, სწორი ნაბიჯი იყო. სეზონის სტარტი ტრავმის გამო რთული გამომივიდა. ამის მიუხედავად, გუნდთან ადაპტირების პრობლემა არ შემქმნია. მიუნხენში თავს კომფორტულად გრძნობ. ვამაყობ, “ბაიერნის” მოთამაშე რომ ვარ. მომავალი სეზონისთვის ამბიციური გეგმა მაქვს, მთავარია ტრავმების თავიდან აცილება მოვახერხო.

- გეგმას ხომ ვერ დაგვიკონკრეტებდით?

- მთლიანობაში ჩემი სტატისტიკა ურიგოდ არ გამოიყურება, მაგრამ მეტი მინდა. მეტი სახიფათო მომენტების შექმნა, საგოლე გადაცემების შესრულება და გადამწყვეტ ეპიზოდებში უფრო ეფექტური თამაში მსურს. ამ მიმართულებებით გაუმჯობესებას შევეცდები.

- “ბორუსიადან” “ბაიერნზე” გადართვა გაგიჭირდათ?

- არა. ფეხბურთი ყველგან ფეხბურთია. ცხადია, “ბაიერნს” “ბორუსიასგან” განსხვავებული ფილოსოფია აქვს, მაგრამ ჩემი საფეხბურთო უნარ-ჩვევები გადაწყობის საქმეში დამეხმარა. უბრალოდ, შესაძლებლობები სწორად უნდა გამოიყენო და წარმოაჩინო. აღვნიშნავდი მწვრთნელების დახმარებასაც.

- მიუნხენი თქვენთვის მშობლიურ ქალაქად უკვე იქცა?

- მიუნხენი ბრწყინვალე ქალაქია. მზიან დღეებში პრაქტიკულად სულ ქუჩაში ვარ და მეტად სასიამოვნო დროს ვატარებ.

- მომავალი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ გერმანიის ნაკრებს მუნდიალის ერთ-ერთ ფავორიტად თვლიან. პირადად თქვენ როგორ აფასებთ ბუნდესმანშაფტის შანსს?

- დარწმუნებული ვარ, ტურნირამდე დარჩენილ დროს იოაჰიმ ლიოვი ნაყოფიერად გამოიყენებს და მსოფლიოს ჩემპიონატს გერმანიის ნაკრები ასპროცენტიან მზადყოფნაში შეხვდება. სიცხის მიუხედავად, გულშემატკივრებს ბრაზილიაში კარგ თამაშს და გახარებას ვპირდებით.

0.113953