სხვა

18:05 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ქევხიშვილი მისისიპის უნივერსიტეტის გუნდის მწვრთნელად დაინიშნა

ამერიკის საუნივერსიტეტო ჩემპიონატების (NCAA) ხუთგზის გამარჯვებული... მრავალგზის რეკორდსმენი... ათენისა და პეკინის ოლიმპიური თამაშების მონაწილე... ფლორიდის უნივერსიტეტის წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი... ევროპის საკლუბო ჩემპიონატების სამგზის გამარჯვებული, ევროპის 2010 წლის ჩემპიონატის ფინალისტი... ამ და კიდევ ბევრი სხვა მიღწევების მქონე ადამიანისათვის, როგორც ჩანს, საქართველოში სამუშაო ადგილი არ გამოიძებნა. და აი - ცნობილი გახდა, რომ ბირთვის მკვრელი მარიამ ქევხიშვილი რამდენიმე დღის წინათ აშშ-ში, კერძოდ მისისიპის უნივერსიტეტის სატყორცნო სახეობების გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მარიამს „მსოფლიო სპორტი“ ესაუბრა:

- ბოლო დროს ტრავმები მომიმრავლდა. მკურნალობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული და გადავწყვიტე სამწვრთნელო კარიერა დამეწყო. საამისოდ ნიადაგი უკვე კარგა ხნის მომზადებული მქონდა - ჩემი მწვრთნელის სტივ ლემკეს ასისტენტი ვიყავი. ძალიან მინდა წარმატებული მწვრთნელი ვიყო და საამისოდ ყველაფერს ვაკეთებ.

- როგორ მიიღეთ შეთავაზება მისისიპის უნივერსიტეტის ბირთვის მკვრელთა მწვრთნელის პოზიციაზე?

- ჩემი რეზიუმე რამდენიმე უნივერსიტეტს გადავუგზავნე და ყველა მათგანიდან შემოთავაზება მქონდა. ერთ-ერთი საუკეთესო შემოთავაზება სწორედ მისისიპის უნივერსიტეტიდან იყო. ავწონ-დავწონე და დავთანხმდი. ჩემს მოვალეობაში შედის საუნივერსიტეტო ნაკრების წევრთა მომზადება სატყორცნო სახეობებში; ბირთვი, ბადრო, შუბი, ურო და ასევე მოკლე ურო. ეს უკანასკნელი მხოლოდ ზამთრის სახეობადაა მიჩნეული.  

- საქართველოდან არანაირი შემოთავაზება არ გქონიათ?

- არანაირი. 

- როგორ ცხოვრობს მარიამ ქევხიშვილი ამერიკაში?

- ვცხოვრობ მეუღლესთან ერთად, რომელიც კერძო დაცვის სამსახურში მუშაობს. ჩვენი პატარა კი თბილისში, ჩემს მშობლებთან იზრდება.

- მომავალ გეგმებში რა შედის?

- როგორც უკვე აღვნიშნე, თავდაუზოგავად ვშრომობ, მისისიპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელთა იმედები რომ გავამართლო. ყოველივე ეს მომავალ საუნივერსიტეტო შეჯიბრებებში ჩემი შეგირდების წარმატებებში უნდა გამოიხატოს.

თენგიზ ჩობანიძე


 

0.189605