რუსმა ჩოგბურთელმა მაია კირილენკომ, რომელმაც ინდიან უელსში მიმდინარე პრესტიჟულ ტურნირზე ტოპ 10-ის ორი წამრომადგენელი გამოთიშა ასპარეზობას (აგნეშკა რადვანსკა, პეტრა კვიტოვა), პრესკონფერენციაზე კომენტარი გაუკეთა საკუთარ წარმატებულ თამაშს.
"მე ძალიან მიხარია რომ ტოპ-10-ის ერთბაშად ორ მოწინააღმდეგეს გავუმკლავდი ინდიან უელსში. განსაკუთრებით კი ისაა ძალიან კარგი, რომ ეს ორი სხვადასხვა ტიპის ჩოგბურთელი გახლავთ. მაგალითად: აგნეშკასთან კომბინაციების გათამაშებები დიდხანს გრძელდება, პეტროვასთან კი მაქსიმუმ 3-4 დარტყმაში ყველაფერი მთავრდება. მჭირდებოდა დროული ადაპტირება მომეხდინა ორივე მოწინააღმდეგის თამაშზე, რასაც წარმატებით გავართვი თავი.
ვგრძნობ, რომ ნამდვილად შემიძლია ტოპ10-ის დონეზე თამაში. მე იქ ყოფნის ნამდვილად არ მეშინია და რეგულარულად გავაგრძელებ მათ დამარცხებას".
ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე კირილენკოს მოწინააღმდეგე მისივე თანამემამულე, მსოფლიო რეიტინგის მესამე ჩოგანი მარია შარაპოვა იქნება. დიდი სლემის ტურნირების ორგზის ტრიუმფატორმა შარაპოვამ მომავალ მატჩთან დაკავშირებით განაცხადა:
"კირილენკოს თამაშს თვალი მივადევნე და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. თანამემამულეების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია, თუმცა პოზიტიური ის გახლავთ, რომ რუსეთს ფინალში ეთი წარმომადგენელი აუცილებლად ეყოლება. ჩვენი დაპირისპირებები ყოველთვის ძალიან დაძაბული და საინტერესო მატჩები გამოდის."