საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 21-23 მარტს თბილისში გასამართ საერთაშორისო ტურნირამდე ორ შეკრებას გაივლის. მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ ეროვნული გუნდის წევრები და კანდიდატები ბაკურიანში იახლა, მაგრამ საერთო განაცხადი დიუსელდორფის გრან პრიზე ნაჭიდავები უშანგი მარგიანისა (81 კგ) და ლევან მატიაშვილის (+100 კგ) გარეშე შეავსო. ამ ძიუდოისტებს ხელი სწორედ გერმანულ ტურნირზე მიღებული ტრავმების გამო შეეშალათ.
მარგიანისა და მატიაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დღეებში საქართველოს ძიუდოს ფედერაციამ გაავრცელა.
“დიუსელდორფში უშანგი მარგიანმა ტრავმა რეპეშაჟში მიიღო, სირაჟუდინ მაგომედოვთან შეხვედრაში, მატიაშვილმა კი ადამ ოქრუაშვილთან მესამე ადგილისთვის დაპირისპირებისას. როგორც ნაკრების ექიმმა გიორგი მგელაძემ გვაცნობა, მარგიანს აქვს მყესიოგოვანი დაჭიმულობა და ერთი კვირა მოუწევს მკურნალობა. მატიაშვილის დიაგნოზი კი ლატერალური იოგის დაჭიმულობაა. იგი სამდღიანი მკურნალობის შემდეგ დამატებით გაივლის კვლევას და მხოლოდ შემდეგ დადგინდება, თუ როდის შეძლება ვარჯიშის განახლებას” – ვკითხულობთ ფედერაციის ფეისბუქ-გვერდზე.