ჩოგბურთი

9:56 | 29.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მარეი ავსტრალიის ღიას ფინალშია

შოტლანდიელი ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში გავიდა და დიდი შანსი აქვს იმისა, რომ ბოლო 74 წლის განმავლობაში გახდეს პირველი ბრიტანელი, ვინც დიდი სლემის ტურნირის ჩემპიონი გახდება. ნახევარფინალში, მარეიმ ოთხ სეტში, 3:6, 6:4, 6:4, 6:2, ხორვატ მარინ ჩილიჩს მოუგო.
”დიდი სლემის ტურნირებზე ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლაა. ძალიან მინდა ამ ტურნირის მოგება. განსაკუთრებით ჩემი მშობლებისთვის და იმ ხალხისთვის, ვინც გვერდში მიდგას და ყველანაირად მეხმარება... ასევე ბრიტანული ჩოგბურთისთვის და საერთოდ, ბრიტანული სპორტისთვის”, - ნამატჩევს განაცხადა მარეიმ.
სკოტმა შესანიშნავად ითამაშა. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო მომენტი (მეორე სეტის მეხუთე გეიმში), როდესაც ჩილიჩის დარტყმული ბურთი ბადის თოკს მოხვდა და იქვე დაეცა. მარეიმ მეორე დავარდნამდე მიასწრო და ბურთი ჰაერში დაკიდა. და სანამ მეტოქე მას კორტის მეორე მხარეს გადაგზავნიდა, სკოტმა პოზიციის დაკავება შეძლო და მიღებაზე წაღმა ისე მოზომოლად დაარტყა, სახტად დარჩენილმა მეტოქემ ბურთისთვის თვალის გაყოლებაღა შეძლო. შემდეგ კი მარეიმ განაცხადა, რომ ასეთ დარტყმებს ვარჯიშის დროს ამუშავებდა.
ხორვატი, რომელიც დიდი სლემის ნახევარფინალში პირველად თამაშობდა და რომელმაც მანამდე სამი დამქანცველი, ხუთსეტიანი ბრძოლა გადაიხადა და კორტებზე, საერთო ჯამში, 18 საათზე მეტი დაჰყო, მარის ამ შესანიშნავ გარჯამდე, თამაშს აკონტროლებდა. მარი ნახევარფინალამდე ისე მივიდა, ერთი სეტიც არ წაეგო, მაგრამ ჩილიჩთან პირველივე სეტი დათმო.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე, ოთხ ურთიერთდაპირისპირებაში, მარის ჩილიჩი სამჯერ ჰყავდა დამარცხებული. მაგრამ შარშან, აშშ-ის ღიას მეოთხე წრეში, ხორვატმა სამ სეტში შეძლო მისი დამარცხება და ბუნებრივია, ამ წარმატების გამეორებას ამჯერადაც ეცადა. პირველ სეტში მან ორჯერ მიაღწია ბრეიკს და თითქოს, ამით მეტოქე გატეხა კიდეც. მაგრამ ზემოთ აღწერილი მომენტის შემდეგ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. იმ ქულით, მარეიმ, რომელსაც მანამდე მეტოქის მოწოდების მოგების შანსი ერთხელაც არ მისცემია, ბრეიკ პოინტი მიიღო. მოკლედ, მარიმ მეორე სეტი ერთადერთი ბრეიკის უპირატესობით მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტი ორივე მეჩოგნემ მეტწილად პოზიციურ თამაშში გაატარა. მარიმ მესამე გეიმში ბრეიკი აიღო, მაგრამ ჩილიჩმა იქვე ბრეიკითვე უპასუხა. თუმცა, სკოტმა იგრძნო მეტოქის დაღლა და ტემპი ააჩქარა, რასაც ხორვატმა ვერაფერი დაუპირისპირა. შედეგად, მარიმ მეხუთე გეიმში კიდევ ერთხელ აიღო ბრეიკი და ამჯერად, ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე შეინარჩუნა.
მეოთხე სეტში, ჩილიჩს აშკარად დაეტყო დაღლა. მესამე გეიმში მან ორმაგი შეცდომით გაუადვილა მეტოქეს საქმე, რომელმაც ეს შანსიც გამოიყენა და კიდევ ერთხელ, ჩილიჩის შეცდომით მეხუთე სეტში იხეირა, როდესაც ხორვატის დარტყმული ბურთი ბადემ მოიგერია.
ახლა მარეი როჯერ ფედერერის და ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგას ნახევარფინალს დაელოდება, რომელიც ტურნირის მთავარი შეხვედრისთვის, მის მეტოქეს გამოავლენს.
ქალთა ბადეში კი უკვე ორივე ფინალისტი ცნობილია - ჩემპიონის წოდებისთვის ერთმანეთს ბელგიელი ჟუსტინ ანენი და ამერიკელი სერენა უილიამსი დაუპირისპირდებიან. ორივემ ფინალისკენ გზა ჩინელ მეტოქეს გადაუღობა - სერენამ რძოლაში, 7:6, 7:6 მოუგო ნა ლის, ჟუსტინმა კი 51 წუთში, 6:1, 6:0 გაანადგურა ძი ჯენი.
”ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა მოგებით დავასრულე. ეს ჩემი საუკეთესო თამაში არ იყო, მაგრამ დანებება არასდროს მჩვევია და ჩემმა ბრძოლისუნარიანობამ ამჯერადაც მომაგებინა”, - განაცხადა სერენამ, ვინც შაბათს თავისი საჩემპიონო ტიტულის შენარჩუნებას ეცდება.
ბელგიელისთვის ეს მეორე ტურნირია დაბრუნების შემდეგ და აშკარად ჩანს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრას წინაზე უკეთ ატარებს. ”ოცნება გრძელდება. ფინალში მსოფლიოს პირველ ნომერს ვხვდები. მან დღესაც დაამტკიცა, რომ მებრძოლია, ასე რომ, ტიტულის მოსაპოვებლად, მაქსიმალური გარჯა დამჭირდება”, - განაცხადა ჟუსტინმა.

მერაბ ლორთქიფანიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168235