როგორც უკვე ვიუწყებოდით, საქართველოს 19-წლამდე მორაგბეთაა ნაკრებმა ინგლისური ტურნეს ფარგლებში ინგლისის საგრაფოთა 20-წლამდელთა გუნდთან პირველი სპარინგ-მატჩი გამართა და 10:36 დამარცხდა.
19-წლამდე “ბორჯღალოსნებმა” სკამაოდ მაღალ ტემპში დაიწყეს თამაში და არც აგრესიული დაცვა მოუკლიათ, მაგრამ წლოვანებაში სხვაობამ და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეთა შესამჩნევმა ფიზიკურმა სხვაობამ, მაინც თავისი ქნა და საბოლოო ჯამში მასპინძლებმა იმარჯვეს.
ჩვენი ბიჭების სასიკეთოდ უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად წაგებული მატჩისა, მათ ორგანიზებულად ითამაშეს დაცვაში და აუტებშიც კარგად გაირჯნენ.
გუნდში სამი ტრავმაა – მორკინალებმა თორნიკე ზოიძემ, ჟორა მღებრიშვილმა და ნიკა ნეფარიძემ სავარაუდოდ ტვინის შერყევა მიიღეს და შემდეგ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. რამოდენიმე მოთამაშეს მიკრო-ტრავმები აწუხებს და მათი მდგომარეობა ამ დღეებში გაირკვევა.
მატჩის შემდგომ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ზურა ამონაშვილმა რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში აღნიშნა, რომ მარცხის მიუხედავად, ქართველმა 19-წლამდელებმა კარგი შეხვედრა ჩაატარეს. სახეზე იყო ორგანიზებული თამაში დაცვაში და დროული გადაწყობა, ხოლო მასპინძლების მიერ უპირატესობის ხაზის გადაკვეთა გაცუდებული ინდივიდუალური ბოჭვების ხარჯზე ხდებოდა, რომელიც მათი უპირატესი ფიზიკური ძალით იყო გამოწვეული.
“სტატიკურ ფაზებში ვერ ვივარგეთ, თუ არ ჩავთვლით აუტებს. ერთი-ორი მოწინააღმდეგის აუტიც კი წამოვიღეთ. მინდა ავღნიშნო, რომ ბიჭებმა ორგანიზებული დაცვა ითამაშეს. დროულად ახდენდნენ გადაადგილებას და ტაქტიკურადაც სწორედ თამაშობდნენ, მაგრამ გაცუდებულმა ბოჭვებმა საბოლოო ჯამში მდევრის პოზიციაში ჩაგვაყენა. შეტევაშიც კარგად გაირჯნენ ბიჭები და ორი ძალიან კარგი ლელოც დადეს.
საგრძნობი იყო ასაკობრივი სხვაობა და ინგლისელი მოთამაშეების ფიზიკური სიძლიერე, შემიძლია ვთქვა, რომ “ჯანში“ იყო სხვაობა. შესაბამისად, ვიდეო-ანალიზს გავივლით და უფრო დაწვრილებით გავიაზრებთ ყველა ხარვეზსა თუ შეცდომას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოვემზადებით შემდეგი, ოფიციალური თამაშისათვის.
პირველი შეხვედრა, ისევე, როგორც მთელი ტურნე მხოლოდ ერთ მიზანს, განვითარებას ემსახურება და ამ კუთხით მიმაჩნია, რომ მატჩმა დადებითად ჩაიარა“, - დასძინა ამონაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა მართვადი, ანუ სავარჯიშო ხასიათის იყო. შესაბამისად, ორივე გუნდის მწვრთნელებმა მოთამაშეები გამოსცადეს 24 მაისს გასამართი, ოფიციალური საერთაშორისო ტესტის წინ.
პირველი ტაიმი
http://www.youtube.com/watch?v=pioJeemt1kI
მეორე ტაიმი