კალათბურთი

15:15 | 18.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი შენგელიას გარეშე

თორნიკე შენგელიას “ჩიკაგო ბულსმა“ მშობლიურ “იუნაითიდ სენთერში” ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ ლიდერი “ოკლაჰომა სიტი“ მიიღო და მართალია, ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია, საბოლოოდ, 85:97 დამარცხდა.

მატჩში მონაწილეობა არ მიუღია თორნიკე შენგელიას, რომელსაც გრიპის ნიშნები აქვს და მწვრთნელებმა განაცხადში არ შეიყვანეს.

მასპინძელთაგან ტრადიციულად აქტიური გახლდათ ფრანგი ლეგიონერი ჟოაკიმ ნოა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ამჯერადაც ძალიან ცოტა დააკლდა. მის აქტივში 9 ქულა, 9 პასი და 12 მოხსნაა.

სამაგიეროდ, დაბლ-დაბლი (12 ქულა, 11 მოხსნა) გაიფორმა კარლოს ბუზერმა, ხოლო კიდევ ერთმა მძიმე ფორვარდმა ტაჯ გიბსონმა პირად ანგარიშზე 16 ქულა ჩაიწერა.

როგორც მოსალოდნელი გახლდათ ოკლაჰომელებს ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა კევინ დიურანტმა ულიდერა, რომელმაც მოედანზე 42:10 წუთი გაატარა, თამაშიდან 21-დან 11 სროლა გამოიყენა, 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო და 35 ქულას 12 მოხსნა და 5 პასი წაამატა.

სხვათა შორის, შეხვედრის შემდეგ ნოამ დიურანტის გარჯას განსაკუთრებული შეფასება მისცა: “მისი ასპარეზობა ნამდვილად გამორჩეულია. ამჟამად, კევინი მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელია. ცხადია, იგი ლიგის MVP-ს ტიტულსაც იმსახურებს”.

აღსანიშნავია, რომ ჩიკაგოელებმა თამაშიდან განხორციელებული 85 ტყორცნიდან მხოლოდ 29 გამოიყენეს (34.5%) გამოიყენეს, არადა, ოდნავ მეტი სიზუსტე რომ გამოევლინათ, გამარჯვება არ გაუჭირდებოდათ.

ასე კი, “ბულსს” 37 მოგების წილ 30 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, თუმცა, კი გამარჯვებების რაოდენობით მესამეადგილოსან “ტორონტო რეპტორზს” უტოლდება.

20 მარტს ჩიკაგოელები კონფერენციის ერთ-ერთ აუტსაიდერ “ფილადელფიას“ ესტუმრებიან, 19-ში კი ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსი” გასვლით მატჩში “პორტლენდს” გაეჯიბრება.

სათქმელია, რომ ფილადელფიელებისთვის “ინდიანასთან” მარცხი (90:99) ზედიზედ 21-ე (!) გახლდათ, რაც გუნდის ანტირეკორდია. უკანასკნელად, “სიქსერზმა” 29 იანვარს “ბოსტონთან” იმარჯვა.

თავის მხრივ, ცუდი დროება უდგას “სელტიქსმაც”, რომელმაც კლუბის ისტორიაში პირველად დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენლებთან 15-ვე გასვლითი შეხვედრა წააგო. გასულ სათამაშო დღეს, ბოსტონელები “დალასთან” 89:94 დამარცხდნენ.

0.123593