ძიუდო

9:59 | 10.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

მარცხი არასპორტულად

1996 წლის 20 ივლისს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი ატლანტის ოლიმპიურ თამაშებს უცნაურზე უცნაური და ქართველი გულშემატკივრებისთვის დღესაც მოუნელებელი მიზეზის გამო დაემშვიდობა – ქართულმა დელეგაციამ, აწონვის ადგილის დაზუსტება ვერ შეძლო და მძიმე წონის უმთავრესი ფავორიტი ტატამზე არ შეუშვეს.

2010 წლის 9 სექტემბერს, ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, ტოკიოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ უფრო უცნაური, ნეიტრალური თვალისთვის კურიოზული მიზეზის გამო ჩამოაცილეს – ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალურ შეხვედრაზე დააგვიანა და ავტომატური წაგებით დაისაჯა.
პირველი ისტორიის შემდეგ 14 წელი გავიდა. ატლანტის სკანდალმა დავით ხახალეიშვილს კარიერა დაუნგრია. სპორტსმენი, რომელსაც აქტიურ სპორტში კიდევ ბევრი დიდი გამარჯვების მოპოვება შეეძლო, კიმონოს და ტატამს მალევე დაემშვიდობა. რამდენიმე თვის წინ, ირაკლი ცირეკიძემაც გააკეთა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება. თან, ყოველგვარი ხელისშემშლელი და სანერვიულო ფაქტის გარეშე. ერთხელ გადაიფიქრა, მაგრამ არავინ იცის, როგორ იმოქმედებს მასზე იაპონური იმედგაცრუება.
გუშინ, ცირეკიძემ ტოკიოს ტატამზე ორი გამარჯვება მოიპოვა. ჩემპიონატი უკრაინელი არტემ ბლოშენკოს ძლევით გახსნა (იპონი 3 წუთსა და 24 წამში), უზბეკ რამზიდინ საიდოვთან კი საკმაოდ დაძაბული ბრძოლა, საფინალო სირენამდე 25 წამით ადრე მეორე ვაზარით დააგვირგვინა და მერვედფინალში გავიდა. ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი კუბელ ორეიდას დესპაინთან შეხვედრაშიც ფავორიტად იყო მიჩნეული, მაგრამ... მოულოდნელად, ტატამზე მხოლოდ დესპაინი გამოცხადდა და ირაკლის არყოფნის გამო, საჩუქრად მეოთხედფინალის საგზური მიიღო. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა უმთავრესმა იმედმა კი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს შანსი ერთდროულად დაკარგა. 
ფინალების დასრულებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ, ქართველ მწვრთნელებს ტელეფონები ჯერ კიდევ გათიშული ჰქონდათ. ბოლოს და ბოლოს, ტოტიკაშვილმა ოფიციალური კომენტარისთვისაც მოიცალა და აი რა განაცხადა:
“ლაშა გუჯეჯიანი ჭიდაობდა. მწვრთნელისთვის განკუთვნილი ადგილი მეკავა და მითითებებს ვაძლევდი, როცა დავინახე, რომ გვერდით ტატამზე ცირეკიძის მოწინააღმდეგე გამოვიდა და ირაკლის ელოდებოდა. მაშინვე წამოვხტი და გავიქეცი გასახდელში. გასახდელი იყო ძალიან შორს. სანამ იქიდან მოვედით, დაახლოებით ერთი წუთი გავიდა, მაგრამ მსაჯთა კომისიის თავმჯდომარემ, ტატამის არბიტრებს შეხვედრის შეწყვეტა უბრძანა”.
იაპონიაში გუნდს, ამირან ტოტიკაშვილის გარდა, კიდევ ორი მწვრთნელი ახლავს – გურამ მოდებაძე და სულიკო ფეიქრიშვილი. საინტერესოა, თუკი, მთავარ მწვრთნელს იმ კონკრეტულ მომენტში სხვა საქმე ჰქონდა (გუჯეჯიანს სეკუნდანტობდა), ხოლო ირაკლი ცირეკიძე შემდეგი შეხვედრისთვის მოთელვაში გაერთო, სად იყვნენ ასისტენტი მწვრთნელები, ან თუნდაც ქართული დელეგაციის სხვა წევრები?
საქართველოში მყოფმა კომპიუტერებთან მსხდომმა გულშემატკივრებმა თუ ვიცოდით რომელ ტატამზე, რომელი წყვილი რომლის შემდეგ ჭიდაობდა და ქართველების შეხვედრებამდე რამდენი ბრძოლა რჩებოდა ხოლმე ჩასატარებელი, როგორ აღმოჩნდნენ ინფორმაციულ ვაკუუმში უშუალოდ დარბაზში მყოფნი. 
მოსათელ დარბაზებში, როგორც წესი, მონიტორებია დამონტაჟებული და სპორტსმენები თავად ადევნებენ თვალს ყველა ტატამზე მიმდინარე მოვლენებს. ესეც რომ არა, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყოველთვის არის მომსახურე პერსონალი, რომლებიც იმ სპორტსმენებს აფრთხილებენ, ვისი შეხვედრაც ახლოვდება. ამდენი ხელშემწყობი პირობის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრების თავკაცისგან მოხსენიებული მიზეზი, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა. თითქმის ერთი წელია, ტოტიკაშვილი გუნდს უდგას სათავეში და ამ დროში, 15-კაციანი და უფრო მრავალრიცხოვანი შემადგენლობითაც არაერთ საერთაშორისო ტურნირზე გამოსულა, მაგრამ პრობლემა არასოდეს შექმნია. მით უმეტეს, ასეთი უსუსური მიზეზით.
9 სექტემბერს მედლები მამაკაცთა ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში – 100 და +100 კილოგრამებში გათამაშდა. ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) საწყის ეტაპებზევე დამარცხდნენ. ლაშა გუჯეჯიანი (+100 კგ) კი, ჯერ მეოთხედფინალს, ხოლო შემდეგ, რეპეშაჟის ნახევარფინალს ვერ გასცდა. ხვალ მედლები მამაკაცთა 81 და 90 და ქალთა 70 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება. საქართველოს სახელით ტატამზე ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი (90 კგ) გავლენ და იმედია, ჩემპიონატის მასპინძლები ქართველების შეხვედრებს ისე გადაანაწილებენ, რომ ერთმანეთს არ დაამთხვიონ.
დაბოლოს, 1996 წლის ოლიმპიური თამაშების სკანდალის გამო, მთელი სიმძიმე თავის თავზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აიღო. ბერდია გუგავამ თანამდებობა დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარში ბრალი სხვა პასუხისმგებელ პირებზე ნაკლებად მიუძღვოდა.
 
 
ოთარ მაღლაკელიძე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.175126