რუსულმა ინტერნეგამოცემა news.sportbox.ru-მ, ვლადიკავკაზის “ალანიას” თავდამსხმელი ოთარ მარცვალაძე, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-11 ტურის გმირად დაასახელა.
განვლილ ტურში, “ალანიამ” საკუთარ მოედანზე ტულის “არსენალის” წაუგებელი სერია შეწყვიტა, რაშიც მარცვალაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა. ვლადიკავკაზელებმა 2:0 გაიმარჯვეს და ქართველმა ფორვარდმა გატანილ ბურთთან ერთად, საგოლე პასიც მიითვალა.
“უქმობის პერიოდში, ვლადიკავკაზელთა ქართველ ფორვარდს ფეხბურთის თამაში მოენატრა. შეგახსენებთ, რომ “ალანიას”, ახალი ფეხბურთელების განაცხადში შეყვანის უფლება მე-8 ტურის წინ მისცეს. ახლა, მარცვალაძე “ხევს” და “ანგრევს”. “არსენალს” ჯერ თავად გაუტანა მაღალი ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე, ხოლო შემდეგ, სტრელცოვის სტილში ასისტენტობა გიორგი გაბულოვს გაუწია”, – იუწყება news.sportbox.ru მარცვალაძის შესახებ.
მიმდინარე სეზონში, მარცვალაძემ “ალანიაში” 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.