ცნობილი ესპანური გამოცემა Marca-ს ცნობით, მადრიდის “რეალმა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა შეთანხმებას მიაღწიეს.
წყარო ირწმუნება, რომ კლუბსა და 24 წლის ფეხბურთელს შორის, პირად კონტრაქტთან დაკავშირებით ყველა საკითხი გადაწყვეტილია. კონტრაქტი ხუთწლიანი იქნება და კროოსი ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 5-5 მილიონ ევროს მიიღებს.
ახლა მადრიდელები მოლაპარაკებას ტონის კლუბთან - მიუნხენის “ბაიერნთან” იწყებენ. გამომდინარე იქიდან, რომ კროოსს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით აკავშირებს, წესით შეთანხმების მიღწევა არ უნდა გაჭირდეს. ბუნდესლიგის გასულ სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში გერმანელმა ორი გოლი გაიტანა.







