ლეგენდარული დიეგო მარადონას აგენტმა ანჯელო პიზანიმ განაცხადა, რომ მისი კლიენტი იტალიური “ნაპოლის” თავკაცობაზე თანახმაა. მოგეხსენებათ, არგენტინელმა ნეაპოლში 7 წელიწადი გაატარა და ადგილობრივი გულშემატკივრების კერპი გახდა. შესაბამისად, დიეგოს დაბრუნებაზე უარს არცერთი ნეაპოლელი ქომაგი იტყვის.
გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონიდან, “ნაპოლის” ვალტერ მაცარი აღარ უხელმძღვანელებს. როგორც კლუბის პრზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, ახალი მწვრთნელის გვარი “მ”-ზე იწყება, რაც მარადონას იტალიაში დაბრუნებას კიდევ უფრო რეალურს ხდის.
“მარადონა ერთადერთი მწვრთნელია, რომლის გვარიც “მ”-ზე იწყება და “ნაპოლის” გაწვრთნაზე თანახმაა. დიეგო უბედნიერესი იქნება, თუკი ნეაპოლელები დაბრუნების შანსს მისცემენ. აუცილებელი არაა, მარადონა მწვრთნელის რანგში დაბრუნდეს. შესაძლოა, მან სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავოს. ის ყველანაირ როლს მოირგებდა”, - განუცხადა პიზანიმ Radio Italiana CRC-ს.
შეგახსენებთ, რომ მარადონა 2 წლის განმავლობაში წვრთნიდა არგენტინის ეროვნულ ნაკრებს, შემდეგ კი, ემირატებს მიაშურა და “ალ ვასლში” წელიწადი გაატარა.