ფეხბურთი

12:57 | 14.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ პელეგრინი: “ფეხბურთელთა უმთავრესი ამოცანა მაყურებლის გართობაა”

მანუელ პელეგრინი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელია. ჩილელი სპეციალისტის დამოძღვრილი “მანჩესტერ სიტი” სადღეისოდ ერთბაშად ოთხ ფროტზე იბრძვის წარმატების მისაღწევად, მალე კი ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს – ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასთან” მოუწევს შებმა. პელეგრინის ინტერვიუც სწორედ კამპ ნოუელებთან მოსალოდნელ ბატალიაზე საუბრით დაიწყო.

- მალე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ბარსელონასთან” ორრაუნდიანი დაპირისპირება მოგელით...

- ევროპის უპირველეს საკლუბო ტურნირში ყველაზე მნიშვნელოვანი ცივი გონების შენარჩუნებაა. თან არ უნდა დავივიწყოთ, რომ მომდევნო ეტაპზე 2 მატჩის ჯამში მოგებული გადის. მეტოქის დასამარცხებლად საკუთარი ინტელექტი ბოლომდე უნდა გამოავლინო. ვფიქრობ, წარმატების მიღწევის რეალური შანსი გვაქვს. ჩვენი ფილოსოფია კონტრშეტევბზე არაა დაფუძნებული. “მანჩესტერ სიტი” მინდორზე დომინირებას შეეცდება. თუ დააკვირდებით, ჩვენ ამგვარი სტილით ვთამაშობთ. კატალონელებს ბურთის ფლობის პროცენტით უნდა ვაჯობოთ.

- “მანჩესტერ სიტისთან” ადაპტირების პროცესმა იოლად ჩაიარა თუ ახალ გარემოსთან შეჩვევა გაგიჭირდათ?

- როგორც კი კონტრაქტი გავაფორმე, “მანჩესტერ სიტის” ისტორიის, კულტურის საფუძვლიანი შესწავლა დავიწყე. როდესაც რომელიმე კლუბში მიდიხარ სამუშაოდ, მისი სული, ფილოსოფია ბოლომდე უნდა გაითავისო. როდესაც ამას შეძლებ, საქმიანობა გაცილებით გაგიიოლდება და დასახული ამოცანების რეალიზებასაც მოახერხებ.

- პირადად თქვენ რა სიახლე შეიტანეთ “სიტის” ფილოსოფიაში?

- უპირველესად ჩემი გაწვრთნილი გუნდების შემოქმედებით მხარეს ვაქცევ დიდ ყურადღებას. მათ მოგებას შემტევი ფეხბურთის წყალობით უნდა მიაღწიონ. ცხადია, სათამაშო ბალანსი აუცილებელია, შეტევისა და უკანა ხაზს შორის წყვეტა არ უნდა იყოს, მაგრამ ფეხბურთელთა უმთავრესი ამოცანა მაყურებლის გართობაა. საამისოდ კი გუნდში მაღალი რანგის შემსრულებლების ყოლაა აუცილებელი.

- თქვენი აზრით, რითაა უმთავრესად გამორჩეული მაღალი კლასის ფეხბურთელი?

- საუკეთესო მოთამაშეები უპირველესად საფეხბურთო სიმამაცითა და გუნდის თამაშზე გავლენის მოხდენის უნარით გამოირჩევიან. ტექნიკური აღჭურვილობა აუცილებელი პირობაა, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მზადყოფნის გარეშე ვერაფერს მიაღწევ. ვარსკვლავები მიღწეულს არასდროს ჯერდებიან და ყოველთვის საკუთარი ტალანტის კიდევ უფრო დახვეწაზე ზრუნავენ. ნებისმიერი გუნდის საბაზო წარმატების წინაპირობა კოლექტივში მტკიცე ხასიათის ნიჭიერი ფეხბურთელების ყოლაა.

- საფეხბურთო მწვრთნელის საჭირო თვისებებზე რას გვეტყვით?

- დამრიგებელი, რომელიც მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს, წარმატებული ვერასდროს გახდება. პროფესიის სხვადასხვა ჰობისთან კომბინირებაა საჭირო. ხშირად ისეთ სფეროებს ვუთმობ საკმარისზე მეტ დროს, რომლებშიც ბევრი არაფერი გამეგება. ვსწავლობ ისეთ საგნებსა და დისციპლინებს, რაც, შესაძლოა, მწვრთნელობისას არასდროს გამომადგეს. ესპანურად, იტალიურად, ფრანგულად, ინგლისურად ვსაუბრობ, ახლა გერმანული ენის შესწავლაც დავიწყე. გარწმუნებთ, ეს ფეხბურთთან კავშირში არაა.

- ფეხბურთელებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- მოთამაშეობისას ფეთქებადი ხასიათით გამოვირჩეოდი და ეს თვისება მწვრთნელობის საწყის პერიოდშიც “გადამყვა”. მაგრამ დროთა განმავლობაში გამოცდილება მომემატა და მივხვდი, გასახდელში ფეხბურთელებს სიმშვიდე რომ სჭირდებათ. ვცდილობ მაქსიმალურად გაწონასწორებული ვიყო და სიტუაციიდან გამომდინარე, მოთამაშეებს ფსიქოლოგიური წონასწორობა შევუნარჩუნო ან აღვუდგინო. საამისოდ საკუთარი ხასიათის შეცვლა მომიწია. ცხოვრებაში არასდროს შემშინებია. როდესაც მორალურად სათანადოდ ხარ მზად, დასახული მიზნისკენ უშიშრად უნდა იარო. ჩემ ფეხბურთელებს ყოველდღიურად ვარწმუნებ, რომ ისინი საუკეთესოები და მამაცები არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111754