საფეხბურთო კლუბ “კანილიასის” პრეზიდენტის თქმით, მომდევნო სეზონიდან, ჟოზე მოურინიო “რეალში” აღარ იმუშავებს.
მადრიდულ “კანილიასსა” და ჟოზე მოურინიოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. 2011 წელს, ესპანური კლუბი გაკოტრებისგან სწორედ პორტუგალიელმა იხსნა, როდესაც “კანილიასს” 10 ათასი ევრო შესწირა. გარდა ამისა, მოურინიო გუნდის მწვრთნელებს რჩევებს აძლევს ხოლმე და ბოლოს – “განსაკუთრებულის” შვილი სწორედ “კანილიასში” თამაშობს. აქედან გამომდინარე, მოკრძალებული მადრიდული გუნდის პრეზიდენტს, ჟოზე მოურინიოსთან დაკავშირებულ საკითხებში, ნამდვილად დაეჯერება.
“მოურინიომ გვითხრა, რომ მომდევნო სეზონიდან, ჩვენს მწვრთნელებს რჩევებს ვეღარ მისცემს, რადგან აქ აღარ იქნება.
თუ ჟოზე “რეალს” დატოვებს, ეს ესპანური ფეხბურთისთვის დიდი დანაკლისი იქნება. იმედი მაქვს, ფლორენტინო პერესი ამ პრობლემას მოაგვარებს.” – ციტირებს “კანილიასის” პრეზიდენტის, მანუელ ალვარესის სიტყვებს COPE Deportes-ი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, მოურინიოს სახელს ხშირად უკავშირებენ ლონდონის “ჩელსისა” და ფრანგულ “პარი სენ ჟერმენს”.





