კალათბურთი

23:06 | 29.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი უშუქო თბილისზე, ჯორდანზე, “ბასკოზე”, კიევზე, სან ანტონიოზე და...

მანუჩარ მარკოიშვილი ცსკა-ში თვენახევრის წინ გადავიდა, თუმცა უკვე დაამტკიცა, რომ ნამდვილი პროფესიონალია. ქართველმა უკანახაზელმა შესანიშნავად ითამაშა რუსული გრანდის წინასასეზონო მატჩებში და არაერთხელ გუნდსაც ულიდერა. ქართველი გულშემატკივარი კარგად იცნობს მანუჩარს და ისიც, თუ რის ხარჯზე მიაღწია მან წარმატებებს, თუმცა მასთან პორტალ სპორტს.რუ-ზე გამოქვეყნებული ინტერვიუ მაინც საინტერესო წასაკითხია. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საიტი მარკოიშვილთან ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ.

 

საქართველო

- რა გახსოვთ საქართველოში თქვენი ბავშვობიდან?

- 90-იან წლებში საქართველოში არ იყო დალხენილი ცხოვრება. პატარა ვიყავი და გამოვიარე ძალიან რთული გზა. ჩვენ ვიბრძოდით, ერთმანეთი გაგვქონდა – მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ნათესავებს. არ იყო ელექტროენერგია, არ იყო გათბობა და ცხელი წყალი, ჩვენ ვცხოვრობდით ჯუნგლებში და ძალიან ბევრი რამის სწავლა მოგვიხდა. ცხოვრებისეული პირობების გამო ადრეული ასაკიდან დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მომიწია. ჩემით ვიკვლევდი გზას, ვიღებდი გადაწყვეტილებებს.

ქალაქში ავტობუსები 6 საათამდე დადიოდნენ, მანამდე კი სულ გადატენილი იყო. მიწევდა ვარჯიშიდან სახლში ფეხით დაბრუნება, არადა დარბაზიდან 8 კილომეტრში ვცხოვრობდი. დავდიოდი მეგობრებთან, ჩემს ძმასთან ერთად, ხანდახან დედაც დამყვებოდა. მაშინ ეს ყველაფერი რთულად მეჩვენებოდა და ასეც იყო, თუმცა ახლა, როცა ვხედავ, რომ სწორ გზას ვადექი, ყველაფერი ტკბილად მახსენდება.

- თქვენ ქუჩაში გაიზარდეთ?

- ჩვენ ოჯახში აღვიზარდეთ. გვასწავლიდნენ უფროსებისა და მშობლების პატივისცემას. იყო პერიოდი, როცა სახლში არაფერი არ ხდებოდა, ვერაფრით ვერთობოდით და ამიტომაც ავიღებდით ბურთს და მივდიოდით გარეთ მეგობრებთან. ვთამაშობდით ფეხბურთს, კალათბურთს, ბანქოს, დომინოს. ანაც უბრალოდ ცეცხლს დავანთებდით და განვლილი დღის შესახებ ვსაუბრობდით. ვერ ვიტყვი, რომ ქუჩაში გავიზარდე, მაგრამ იყო მომენტები, როცა მიწევდა ქუჩის ცხოვრების გამოცდა. ეს არაა ლამაზი, მაგრამ დიდ გამოცდილებას გძენს, გეხმარება, დაინახო ცუდიც და კარგიც. ქუჩაში თავისებური, უცნაური გაგებაა, რომლის სწავლაც ძალაუნებურად გიწევს.

- თქვენ ლამის მე-8 კლასში გახდით პროფესიონალი...

- დიახ, დაახლოებით 14 წლის ასაკში. წავედი ბათუმში, სადაც იყო კარგი საკალათბურთო სკოლა, დარბაზი, არ ციოდა და მოდიოდა ცხელი წყალი. დღეში ორჯერ ვვარჯიშობდით. გუნდის უფროსობა გვეხმარებოდა სწავლაში. ცხელი კერძები გველოდებოდა ვარჯიშის შემდეგ, ხოლო სახლში ტრანსპორტით დავყავდით. წელიწადში ორჯერ გვაძლევდნენ სათამაშო სპორტულ ფეხსაცმელს. ესეთი ფუფუნება მაშინ საქართველოში სხვაგან არ იყო. თბილისიდან ბათუმამდე 350 კილომეტრია, თუმცა როცა კლუბიდან მამაჩემს დაურეკეს, მშობლებმა დაუფიქრებლად გამიშვეს ბათუმში.

- კარიერის ასე წარმატებულად დაწყებამ ხშირად უკურეაქცია იცის, მაგრამ თქვენს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა...

- ალბათ საქმე სწორ აღზრდაშია. მამაჩემიც კალათბურთელი იყო. 1 წელი მასთან ვვარჯიშობდი და მახსოვს, რა კარგადაც არ უნდა მეთამაშა, ის მაინც იმ შეცდომებზე მიმითითებდა, რასაც ვუშვებდი ხოლმე. ის არასდროს მაძლევდა იმის უფლებას, რომ საკუთარი თავით, თამაშით კმაყოფილი ვყოფილიყავი. ეს თვისება დღემდე გამომყვა. რაც არ უნდა გავაკეთო დღეს, ხვალ ის არ მახსოვს და ვცდილობ მაქსიმუმი გავიღო. ადრეულ ასაკში გავხდი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის, იტალიური „ბენეტონის“ წევრი და კარგად დავინახე, რომ სინამდვილეში დიდი არაფერი მოთამაშე არ ვიყავი. არავინ გცემს პატივს, თუ მოედანზე არ დაამტკიცებ შენს სიძლიერეს. ძალიან ძნელი იყო, რადგან უცხოელი ვიყავი. ადგილობრივზე ან 10-ჯერ მაგარი უნდა ყოფილიყავი, ან არაფრად არ ჩაგთვლიდნენ.

- ქართული სტუმრათმოყვარეობის კულტურა ბოლო დროს შეიცვალა?

- როგორ ვთქვა, შეიძლება ცოტათი შეიცვალა. ეს იმიტომ, რომ კრიმინალის გაზრდის შემდეგ ხალხი ერთმანეთს ძნელად ენდობა. არა უცხოელების, ერთმანეთის ნდობა დაიკარგა. ენდე, შემოუშვი, ის კი გძარცვავს. ძალიან ბევრი მსგავსი შემთხვევები ხდებოდა 90-იანი წლების საქართველოში, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა.

ქართული სტუმართმოყვარეობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო, როცა ოჯახში ადამიანი შემოვიდოდა, რაც ჰქონდათ, ყველაფერი საუკეთესო სტუმარისთვის უნდოდათ. რომ არ ჰქონოდათ, ყველაფერს აკეთებდნენ და სტუმარს პატივისცემის გარეშე არავინ უშვებდა. ეს ჩვეულება უფრო მეტად სოფლებსა და მთიან რეგიონებშია. ქართველი ხალხი მთლიანობაში ძალიან სტუმართმოყვარეა.

 

იტალია, კიევი

- 16 წლის ასაკში უცხოეთში გამგზავრება არ გაგიჭირდათ?

- მე მქონდა კარგი მაგალითი. ჩემი ძმა თამაშობდა კალათბურთს და იყო საკმაოდ პერსპექტიული. როცა ის პატარა იყო, საზღვარგარეთ სათამაშოდ წასვლის შანსი გაუჩნდა, მაგრამ მამაჩემმა ჩათვალა, რომ მისი გამგზავრება ნაადრევი იყო. ჩათვალა, რომ ასაკის გამო ის საკუთარი თავის მოვლას ვერ შეძლებდა. ის დარჩა საქართველოში, თუმცა მერე ვეღარ მოახერხა საზღვარგარეთ წასვლა. როცა მე წამოვიზარდე და წასვლის შანსი მომეცა, მამაჩემმა მითხრა, თავად გადაწყვიტე, რას იზამო. ვიყავი ბედნიერი, რადგან ასეთ ძლიერ გუნდში გადავედი, თუმცა ამავდროულად ძალიან გამიჭირდა ოჯახის მთელი სეზონით მიტოვება.

- თქვენმა ძმამ კარიერა დაასრულა?

- დიახ, არსად არ ვარჯიშობს, ისვენებს და იმატებს წონაში.

- დიდი ხანი ითამაშეთ იტალიაში და რას იტყვით იტალიელებზე?

- იტალიელები ძალიან თავისუფალი ხალხია. თუ საქართველოში ადამიანს ზედმეტი ფული აქვს, ის არ დაიწყებს მის ფლანგვას, არამედ მოახმარს ოჯახს. იტალიაში კი მეტი თავისუფლებაა, მათ ძლიერი ქვეყანა აქვთ და უყვართ კარგი, მდიდრული ცხოვრება. ყველას კარგად აცვია. ისინიც კი, ვისაც არ აქვთ საკმარისი ფული, მაინც ცდილობს, რომ მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებოდეს. იტალიელები ქართველებივით ემოციური ხალხია. უბრალო საუბრის დროსაც კი ისინი ხელებით ლაპარაკობენ. რეალურად კი ძალიან თბილი ხალხია, მე იტალიელი ხალხი ძალიან მიყვარს.

- როდესმე გქონიათ ძვირფასი იტალიური კოსტიუმი?

- ვერ ვიხსენებ და ახლაც არ მაქვს. არასდროს დამჭირვებია პიჯაკის ჩაცმა, მხოლოდ ქორწილში. ჩაცმა კი მიყვარს, მაგრამ დიდი გარდერობის მფლობელი არ ვარ. ყველაზე ძვირფასი აქსესუარი, რაც მაქვს, მაჯის საათი „როლექს დეიტონაა“, რომელიც გასულ ზაფხულში შევიძინე.

- ყველაზე ძალიან რა მოგწონდათ და რა არ მოგწონდათ კიევში?

- საცობები არ მომწონდა. რეალურად 15 წუთის სავალი გზის გავლას ხშირად საათსა და 15 წუთს ანდომებ. მომწონდა ლამაზი გოგონები. კიევში გავიცანი და დავქორწინდი უკრაინელ გოგონაზე. კიევში ხალხი გაცილებით ოჯახურები არიან.

- საცობები ახსენეთ და სწრაფი სიარული ხომ არ გიყვართ?

- არა. მამაჩემი სულ ამ გამოთქმას მახსენებს: „ნელა ივლი, შორს წახვალ“. სისწრაფე არ მიყვარს, რადგან როცა ჩქარობ, რეაქციაზე დრო გიმცირდება. შეიძლება კარგი მძღოლი ხარ, მაგრამ ვიღაცა შეიძლება ვერ რეაგირებს შენს სისწრაფეზე ისე, როგორც შენ გგონია და დამნაშავე მაინც შენ გამოდიხარ, რადგან სიჩქარეს აჭარბებ.

- რა ავტომობილი გყავთ?

- მანქანა აქამდე არ მყოლია. მოსკოვში შევიძინე BMW 320 Grand Turismo.

- იტალიაში სათამაშოდ მეორედ რომ წახვედით, ცხოვრობდით ქალაქ კომოსთან ახლოს. თვლით, რომ ეს ადგილი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესია?

- ტრევიზოში მე საკმაოდ პატარა ასაკში ვცხოვრობდი და ასეთ რამეებს ყურადღებას არ ვაქცევდი. არსად არ დავდიოდი, მხოლოდ ვენეციაში ვიყავი. როცა „კანტუში“ ვთამაშობდი, მყავდა მეგობარი გოგონა, რომელიც ჩამოდიოდა და მაშინ დავიწყე ქალაქების, ღირშესანიშნაობების დათვალიერება.

კომო არის ერთ-ერთი ის ქალაქი, რომელიც მამშვიდებს. გსიამოვნებს სეირნობა, ხვდები მომღიმარ, ბედნიერ ადამიანებს. ტბასთან ძალიან კარგი ადგილებია, სადაც შეგიძლია დაჯდე და სილამაზით ისიამოვნო. იტალიელები ამაყობენ, რომ აქვთ ასეთი ლამაზი ტბა. კანტუში, კომოსა და ამ რეგიონის მთებში ამზადებენ კერძს სახელად „პიცოკერი“. ხელით დამზადებული მაკარონი, კარტოფილი, მწვანილი და ბევრი ყველი. ყველაფერი ერთმანეთში ერევა, იხარშება და ემატება კარაქი, რომელიც შიგნიდან დნება. ამ კერძს ამზადებენ ზამთარში და ძალიან გემრიელია.

 

ჯორდანი, „ბურგერ კინგი“, ცსკა

- ჯორდანი ჯობს თუ ლებრონი?

- ისეთი კითხვაა – კალათბურთის უპატივცემულობა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჯორდანის შედარება სხვასთან არ შეიძლება. ვინც კალათბურთში ეპოქა შეცვალა, მეხსიერებაში ის სამუდამოდ რჩება. ჯორდანმა შეცვალა თამაში, მან სულ სხვანაირად დაანახა ადამიანებს კალათბურთი. ლებრონი ძალიან ძლიერია, მისი შემჩერებელი დღეს არავინაა, მაგრამ მისი შედარება ჯორდანთან მე არ შემიძლია. ჯორდანი უფრო ტექნიკური იყო, უფრო ლამაზად თამაშობდა და რაც მთავარია, მეტ თამაშებს იგებდა. ჯორდანმა კალათბურთში ეპოქა შეცვალა. ისევე როგორც ალენ აივერსონმა, რომელიც ისეთი სწრაფი იყო და განსხვავებული მანერის იყო, რომ ნბა-ს ამის გამო წესების შეცვლა მოუხდა.

- ვინ გახდება ჩემპიონი?

- „ლეიკერსი“ ვერ მოიგებს. ადვილია თქმა: „ლებრონი გადავიდა და „კლივლენდი“ ჩემპიონი გახდება“. მინდა „კლივლენდი“ ფინალში ვიხილო, მაგრამ არა მგონია, მათ შეძლონ ისეთი გუნდის შეკვრა, როგორიც „სან ანტონიოა“. თუკი ლებრონ ჯეიმსი გუნდებს გამოიცვლის და ის პირველივე წელს ყველგან ჩემპიონი გახდება, დაიმსხვრევა მოსაზრება გუნდურ კალათბურთზე.

- ზოგიერთი ამბობს, რომ „სან ანტონიო“ მოსაბეზრებლად თამაშობს.

- არა მგონია, იმან, ვისაც კალათბურთი ესმის, თქვას, რომ „სან ანტონიო“ მოსაბეზრებლად თამაშობს. ესაა გუნდი, რომელსაც ჰყავს მწვრთნელი და არაა მხოლოდ მოთამაშეთა ათლეტიზმზე დამოკიდებული. ისინი ფიქრობენ თამაშის დროს. მათ აქვთ არაერთი იარაღი, რომლიც გამოყენებაც შეუძლიათ. ეს იმიტომ, რომ მათ ჰყავთ მწვრთნელი, რომელიც, როგორც მახსოვს, 18 წელია, გუნდს სათავეში უდგას. ძალიან მომწონს მათი სტილი. „სან ანტონიოში“ გუნდურობა გამორჩეულად იგრძნობა.

- შაკილ ონილს ნათქვამი აქვს, რომ მსოფლიოში ყველაზე გემრიელი საჭმელი „ბიგ მაკია“. თქვენ ბოლოს როდის და რომელ სწრაფი კვების ობიექტზე იყავით?

- ბოლოს მოსკოვში, „ბურგერ კინგში“, რომელიც  „მეტროპოლისში“ მდებარეობს. მეუღლესთან ერთად ვიყავი, გვშიოდა და გვეჩქარებოდა. მოვირთვით „ვოპერი“ გლეხურად შემწვარ კარტოფილთან ერთად, რასაც „პეპსი“ დავაყოლეთ. ისე კი ფასტ-ფუდის მოყვარული არ გახლავართ.

- კალათბურთი და რეპი ახლოს დგანან. რომელი კომპოზიცია მოგწონთ?

- ვერ გამოვარჩევ, რომ რამე განსაკუთრებულად მომწონებოდეს, რადგან რეპერების ლექსიკაში ძირითადად ფული, ქალები, იარაღი, ძალადობა და მკვლელობები ფიგურირებენ. არის შემთხვევა, როცა სიტყვებს არ აქცევ ყურადღებას და მუსიკა მოგწონს, ამ მხრივ გამოვარჩევ 2Chainz-ს. ისე კი არ მაქვს გამორჩეული სტილი, ან მიმდინარეობა. ჩემი პლეილისტი მოიცავს სხვადასხვა სტილის ქართულ, რუსულ, ინგლისურ და იტალიურ სიმღერებს. ერთი სიტყვით, კარგი ყველაფერი მომწონს.

- როცა თქვენ ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმეთ, ეს გარკვეულ ნაწილს არ მოეწონა. რას ეტყვით თქვენს კრიტიკოსებს?

- ალალად გეტყვით, რომ არ წამიკითხავს კომენტარები. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, რადგან არაა ჩემი საქმე ის, თუ ვინ რას ლაპარაკობს. ჩემი საქმეა, ვარჯიშებზე ვიარო და მოვემზადო თამაშებისთვის, ხოლო მერე გავიდე მოედანზე და დავამტკიცო.

ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია – გააჩნია მისი ავტორი ვინაა. ფორუმზე არ ჩანს, ფრაზებს ოლიმპიური ჩემპიონი წერს თუ ის, ვისაც ბურთი ხელშიც არ სჭერია. ამიტომაც რასაც ინტერნეტში წერენ, სერიოზულად ვერ მივიღებ. ვიცი, რომ უშეცდომო არ ვარ. მთავარია, არ დანებდე და მოედანზე ბოლომდე დაიხარჯო.

- ცსკა-ს ამერიკელი ლეგიონერი აარონ ჯექსონი ამბობს, რომ ხანდახან ჭიქა ვისკიზე უარს არ ამბობს. ასე ხუმრობს?

- 3 კვირა მთებში ვიყავით შეკრებაზე, სადაც ვისკის ვერ დალევდი. ისე კი ინდივიდუალურია ყველაფერი. მე ძალიან იშვიათად ვსვამ და უპირატესობას წითელ ღვინოს ვანიჭებ. ხშირად არა, მაგრამ როცა სიტუაცია ითხოვს, ვსვამ ხოლმე. ანგელოზი არც მე ვარ.

- სონი ვიმსი კი ამბობს, რომ მოსკოვში რთულია გოგონას გაცნობა...

- საბედნიეროდ, ჩემთან არ მოდიან და არ უჩივიან იმას, რომ გოგონების გაცნობას ვერ ახერხებენ. გაცნობის სურვილი რომ მქონდეს, ასეთი პრობლემა არ შემექმნებოდა, რადგან რუსულად თავისუფლად ვლაპარაკობ.

www.gbf.ge

0.122404