კალათბურთი

22:57 | 5.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “ბიჭებმა კარგად ითამაშეს, მე კი მათ ვერაფრით დავეხმარე”

იასმინ რეპეშა: ”ბოლო წამებზე ფორტუნამ გადმოგვხედა”


ხორვატიასთან მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მხრიდან იგორ კოკოშკოვი და 25 ქულის ჩამგდები გიორგი ცინცაძე გამოცხადნენ, იასმინ რეპეშამ კი ანტე ტომიჩი იახლა, რომელმაც გადამწყვეტი ორქულიანი მიითვალა. მათ გარდა, მატჩის შეფასება მანუჩარ მარკოიშვილს და რიკი ჰიკმანსაც ვთხოვეთ.

იგორ კოკოშკოვი: “ხორვატიის ნაკრებს და მის თავკაცს გამარჯვებას ვულოცავ. კარგი თამაში იყო და ვფიქრობ, გულშემატკივარმაც ისიამოვნა. ჩვენ ზონური დაცვა მოვსინჯეთ, რომელმაც მხოლოდ ნაწილობრივ გაამართლა. ბოლო შეტევაში ტომიჩმა მარცხენა ხელიდან შეუტია და ამ დროს თავის დაცვა უფრო ძნელი იყო. ანტე ჩინებული კალათბურთელია და თანაც 40-წუთიანი მძიმე მატჩის ბოლოსკენ ისეთივე კონცენტრაციით დაცვა ძალიან ძნელია. ცინცაძემ მართლაც კარგად ითამაშა, პრინციპში, მას არანაირი შეზღუდვა არ დავუწესეთ და თავისუფლად გაისარჯა”.

მანუჩარ მარკოიშვილი: “სამწუხაროა, რომ ცინცაძემ, ჰიკმანმა, სანიკიძემ და სხვა ბიჭებმაც კარგად ითამაშეს, მე კი მათ ვერაფრით დავეხმარე. ისედაც მოკლე სკამი გვაქვს და როდესაც დამატებით გუნდის ერთი წევრი სათანადო დონეზე ვერ ითამაშებს, წარმატების შანსი მცირდება. იმედია, შემდეგ თამაშებში ყველაფერს გამოვასწორებ. ამ მატჩის მოგებით, საქმეს ძალიან წინ ვიგდებდით, თუმცა, წინ კიდევ 3 თამაშია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ”.

გიორგი ცინცაძე: “ხორვატებს გამარჯვებას ვულოცავ. დასანანად წავაგეთ, მაგრამ ასეთია კალათბურთი. უკანასკნელ წამებზე ხან შენ იმარჯვებ, ხან – მეტოქე. მიუხედავად მარცხისა, ევროპის ჩემპიონატზე ისეთივე მონდომებით უნდა გავაგრძელოთ თამაში, როგორც – აქამდე. წარმატების შანსი ჯერაც არის”.

რიკი ჰიკმანი: “დრამატული მატჩი გამოდგა, რაც კალათბურთში ხშირად ხდება. დასანანად წავაგეთ, თუმცა დაკარგული არაფერია. წინ ხომ კიდევ 3 შეხვედრაა”.

იასმინ რეპეშა: “მაღალი დონის თამაში იყო და მინდა, ორივე ნაკრების კალათბურთელებს მივულოცო. ასეთი მატჩები ხშირია. გამარჯვებასთან ორივე გუნდი ახლოს იყო და ბოლოს ფორტუნამ ჩვენ გადმოგვხედა. ისე კი, მოსაგებად ყველაფერი გავიღეთ, როგორც ფიზიკურად, ასევე – მენტალურად. ადრეც ვთქვი, რომ საქართველოს კარგი ნაკრები ჰყავს და ეს, ჯერ კიდევ ევრობასკეტამდე, მოსამზადებელ ციკლში გამოჩნდა, შემდეგ კი პოლონეთთან ჩინებული გამარჯვება იყო. მეტოქის მხრიდან ცინცაძე და ჰიკმანი უნდა გამოვყო. მათ ძალიან პროდუქტიულად ითამაშეს. იმედია, ეს ჩვენი მომგებიანი სერიის დასაწყისი იქნება. მომავალი თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ”.

ანტე ტომიჩი: “ესპანეთთან მძიმე მარცხის შემდეგ, დღევანდელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. ბიჭებმა ძალიან მოინდომეს და წარმატებას მივაღწიეთ. ახლა, დასვენება გვაქვს და მომავალი თამაშებისთვის უკეთ უნდა მოვემზადოთ”.

www.worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი დათო მანჯავიძე ცელიედან

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.140356