სხვა

14:41 | 28.12.2009 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ ცხადაია ჟურნალისტებმაც საუკეთესოდ აღიარეს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია საქართველოს 2009 წლის საუკეთესო სპორტსმენად ბოლო სამ დღეში უკვე მეორედ დასახელდა. სპორტის სამინისტროსა და სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის აღიარებიდან ორიოდ დღეში, იგი ქართველ ჟურნალისტთა რჩეული გახდა.
მსოფლიოს ვერცხლისა და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა და “ოქროს დიდი პრიზის” მომგებმა ხობელმა მოჭიდავემ გამოკითხვაში 326 ქულა მოაგროვა და 24 ქულით გაუსწრო ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძეს, რომელმაც წლეულს მერვედ მოიპოვა მსოფლიოს სუპერთასი, ევროპის ჩემპიონატზე კი მეორე ადგილზე გავიდა. კრივში მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა კობა ფხაკაძემ 231 ქულით მესამე ადგილი დაიკავა. მეოთხე-მეათე ადგილები კი კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ, ძალოსანმა ალბერტ კუზილოვმა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გიორგი გოგშელიძემ, კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ, მოჭადრაკე ნანა ძაგნიძემ და სამბისტმა უშანგი კუზანაშვილმა გადაინაწილეს. ათეულთან ახლოს იყვნენ მორაგბე მამუკა გორგოძე, თავისუფალი სტილით მოჭიდავე ბესიკ გუჩაშვილი, მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა და ძიუდოისტი ნესტორ ხერგიანი.
წლის საუკეთესო გუნდად ჟურნალისტებმა საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები აღიარეს, რომელმაც წლეულს ევროპის Aდივიზიონის საგზური მოიპოვა. საუკეთესოთა შორის დასახელდნენ აგრეთვე საქართველოს მორაგბეთა (ევროპის ერთა თასის მფლობელი) და მოჭადრაკე ქალთა (ევროპის გუნდური ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი) ნაკრები გუნდები.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგები ტრადიციულად, საახალწლო ცერემონიალზე უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო ამ ღონისძიების ორგანიზება ვერ მოხერხდა და საუკეთესოთა სია “მსოფლიო სპორტს” ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა მიაწოდა.
“საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის საახალწლო რეფერენდუმი 44-ედ გაიმართა და მასში მონაწილეობა ქართული მედიის 45-მა წარმომადგენელმა მიიღო. ტრადიციულად, გამოვლინდა 2009 წლის 10 საუკეთესო სპორტსმენი და საუკეთესო გუნდი. ანკეტებში სულ დასახელებული იყო 37 სპორტსმენი _ სპორტის 18 სახეობის წარმომადგენელი. ბოლო ათ წელიწადში პირველად ხდება, რომ ოფიციალური ცერემონიალის ჩატარება არ ხერხდება. სამწუხაროდ, ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო ფინანსების მოზიდვა ვერ მოხერხდა და საუკეთესოთა დასახელება ასე მოკრძალებულად გვიწევს. ჟერ კიდევ მაქვს იმედი, რომ ჟურნალისტების რჩეულთა დაჯილდოვებას ნაახალწლევს მაინც შევძლებთ” – უთხრა ”მსოფლიო სპორტს” ელგუჯა ბერიშვილმა.
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმი 1964 წლიდან ტარდება. ლაურეატები კი შემდეგი სპორტსმენები გახდნენ:
1964 - სლავა მეტრეველი, 1965 - ომარ ფხაკაძე, 1966 - ალექსანდრე მეტრეველი, 1967 - ზურაბ საკანდელიძე, 1968 - ვიქტორ სანეევი, 1969 - ნონა გაფრინდაშვილი, 1970 - თინათინ ლეკვეიშვილი, 1971 - ლევან თედიაშვილი, 1972 - ვიქტორ სანეევი, 1973 - ლევან თედიაშვილი, 1974 - ლევან თედიაშვილი, 1975 - ნონა გაფრინდაშვილი, 1976 - ვიქტორ სანეევი, 1977 - დავით კვაჭაძე, 1978 - მაია ჩიბურდანიძე, 1979 - თემურ ხუბულური, 1980 - ქეთევან ლოსაბერიძე, 1981 - რამაზ შენგელია, 1982 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1983 - თეიმურაზ აფხაზავა, 1984 - მაია ჩიბურდანიძე, 1985 - დავით გობეჯიშვილი, 1986 - მაია ჩიბურდანიძე, 1987 - ლერი ხაბელოვი, 1988 - ნინო სალუქვაძე, 1989 - არ ჩატარებულა, 1990 - დავით გობეჯიშვილი, 1991 - არ ჩატარებულა, 1992 - კახი კახიაშვილი, 1993 - კახი კახიაშვილი, 1994 - მოჭადრაკე ქალთა ნაკრები, 1995 - გიორგი ვაზაგაშვილი, 1996 - ელდარ კურტანიძე, 1997 - გიორგი კანდელაკი, 1998 - გიორგი ასანიძე, 1999 - ნინო სალუქვაძე,  2000 - გიორგი ასანიძე, 2001 - გიორგი ასანიძე, 2002 - ელდარ კურტანიძე, 2003 - ელდარ კურტანიძე, 2004 - ზურაბ ზვიადაური, 2005 - რევაზ მინდორაშვილი, 2006 - ზაზა კედელაშვილი, 2007 - რამაზ ნოზაძე, 2008 - ირაკლი ცირეკიძე, 2009 - მანუჩარ ცხადაია.

2009 წლის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. მანუჩარ ცხადაია (ბერძნულ-რომაული) - 326 ქულა
2. ნინო სალუქვაძე (ტყვიის სროლა) - 302
3. კობა ფხაკაძე (კრივი) - 231
4. ვიქტორ სანიკიძე (კალათბურთი) - 203
5. ალბერტ კუზილოვი (ძალოსნობა) - 198
6. ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო) - 185
7. გიორგი გოგშელიძე (თავისუფალი ჭიდაობა) - 182
8. ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) - 180
9. ნანა ძაგნიძე (ჭადრაკი) - 161
10. უშანგი კუზანაშვილი  (სამბო) - 102

ოთარ მაღლაკელიძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093875