24 წლის ხობელი მოჭიდავე მანუჩარ ცხადაია საქართველოს ნაკრებში დასამკვიდრებლად წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელად შრომობდა, მაგრამ მიზნამდე სულ ცოტაოდენი აკლდებოდა. საოცარი მონდომებისა და საბრძოლო ჟინის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონობა ერთხელაც ვერ შეძლო. ნაკრებში დასამკვიდრებლად კი, პირველყოვლისა, შიდა კონკურენციაში გამარჯვება იყო საჭირო. მანუჩარისთვის სასურველი სცენარით არც 2009 წლის სეზონი დაიწყო – საქართველოს პირველობა კვლავაც ოქროს გარეშე, ამჯერად ვერცხლის მედლით ჩაამთავრა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებზე ნაჩვენები შედეგებით პირველნომრობა მაინც გაინაღდა. მოგვიანებით კი, ბრინჯაოს ევროდებიუტი მოიწყო და მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაც ფაქტობრივად გაინაღდა. სეზონის უმთავრეს ტურნირზე მანუჩარ ცხადაია საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთადერთი წევრი გახდა, ვინც კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო. პირველსავე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება ერთი შეხედვით მშვენიერი შედეგია, მაგრამ ცხადაიას მე-2 ადგილი თავად მოჭიდავისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც დიდი იმედგაცრუება იყო. ჩემპიონის ბედი საოცრად უსამართლო მსაჯობამ გადაწყვიტა. ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორ ქართველ ბერძენ-რომაელს გარჯა მაინც საკადრისად დაუფასდა. 2009 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენთან მცირე ინტერვიუს აქვე გთავაზობთ:
- ელოდი აღიარებას?
- ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა დავესახელებინეთ, მაგრამ დარწმუნებული, რა თქმა უნდა, ვერ ვიქნებოდი. საუკეთესო სიურპრიზი იყო. სიტყვები არ მყოფნის. უბედნიერესი ადამიანი ვარ. ემოციებს ვერ ვმალავ. ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება უდიდესი პასუხისმგებლობა და რაც მთავარია, სტიმულია. გულშემატკივრებს ვპირდები - საქართველოს სასახელოდ მომავალში უფრო მეტს ვიშრომებ.
- არადა 2009 წელი საუკეთესოდ ნამდვილად არ დაიწყო შენთვის...
- საქართველოს ჩემპიონი ვერ გავხდი, მაგრამ მერე მაინც მოვახერხე ნაკრებში დამკვიდრება და საკმაოდ კარგი სეზონიც მქონდა. საერთო შედეგი ნორმალურია, მაგრამ ძალიან მწყდება გული, საქართველოს ჰიმნის მოსმენის ბედნიერება ერთხელაც რომ არ მომეცა. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის გახსენება აღარც მინდა. იმ შეხვედრის შემდეგ, ყველაზე დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი და ის წუთები ყველაზე ცუდი იყო, რაც კი ოდესმე ყოფილა. ოქროს მედლის მოპოვებისთვის მომავალში აუცილებლად ვიბრძოლებ. მადლობა ყველას, ვინც წლევანდელი გამოსვლა ასე ლამაზად დააფასა.
- დაბოლოს, შენი ნება რომ იყოს, ვის დაასახელებდი საუკეთესო სპორტსმენად?
- მართლა ძნელია პასუხის გაცემა. დიდი კონკურენცია იყო და აქედან გამომდინარეც ძალიან მიხარია, რომ არჩევანი ჩემზე შეაჩერეს.
ოთარ მაღლაკელიძე







