პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის", მილანის "ინტერისა" და "გალათასარაის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ, შესაძლოა, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს.
თავად იტალიელ სპეციალისტს პორტუგალიელთა მწვრთნელობა იზიდავს, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ახალგაზრდა სპეციალისტია და კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.
"ჯერჯერობით, ახალგაზრდა მწვრთნელი ვარ და მიუხედავად სხვა და სხვა ქვეყნებში მიღებული გამოცდილებისა, კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი. ვიქნებოდი თუ არა პორტუგალიის მწვრთნელი? რა თქმა უნდა. ეს ფანტასტიკური იქნებოდა, რადგან პორტუგალიის ნაკრები მაღალი კლასის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუ ამ ნაკრებში მიხმობენ, ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება" - განაცხადა მანჩინიმ.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელებმა ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპზე, შინ, ალბანეთის ეროვნულ ნაკრებთან 0:1 წააგეს. წარუმატებელი თამაშის გამო, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ პაულო ბენტუს კონტრაქტი გაუწყვიტა.
გიორგი ბალახაძე