“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა დევიდ მოიესმა დაადასტურა, რომ კვირას, პრემიერლიგის მორიგ ტურში ლონდონის “ჩელსისთან” მატჩში, უეინ რუნი და რობინ ვან პერსი არ ითამაშებენ.
მიმდინარე კვირაში, რუნი ინგლისში ეგვიპტიდან დაბრუნდა, სადაც რამდენიმე დღე დაისვენა, მაგრამ საზარდულის ტრავმა კვლავ აწუხებს.
რაც შეეხება ვან პერსის, ამ უკანასკნელმა, 10 ნოემბრის შემდეგ მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. მოიესს იმედი აქვს, რომ ჰოლანდიელი ბომბარდირი ბარძაყის ტრავმას საბოლოოდ მოირჩენს.
“უეინი დასვენებული დაბრუნდა, მაგრამ “ჩელსისთან” სათამაშოდ მზად არაა. გარბენებს აკეთებს და კარგად გამოიყურება. ჩვენ ის დავასვენეთ და საზარდულისთვის ზოგიერთ ძალისმიერ ვარჯიშს აკეთებდა. იმედი მაქვს, რომ ეს ყოველივე მას წაადგება, მაგრამ არა ამ მატჩისთვის.
იმედია, რობინი ვარჯიშს მომავალი კვირის დასაწყისში შეუდგება. თუ მას მოედანზე დროულად დავაბრუნებ, ჩვენთვის დიდი იმპულსი იქნება, რადგან ვან პერსი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა და აშკარად გვაკლია.
ორივე მათგანი სათამაშო ფორმას იბრუნებს და იმედია, თამაშს მალე დაიწყებენ”, – იუწყება მოიესის სიტყვებს Sky Sports-ი.