ფეხბურთი

9:46 | 26.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერობა” “ქალაქელებმა” მოიგეს

ინგლისის პრემიერლიგაში გადმოტანილი თამაშების დრო დადგა. სამშაბათ საღამოს სამი მატჩი ჩატარდა: 28-ე ტურის მანჩესტერული დერბი, ასევე 29-ე სათამაშო დღის -  “არსენალი” – “სუონსი” და “ნიუკასლი” – “ევერტონი.”

გვიან ოთხშაბათს 29-ე ტურის კიდევ ორი დაპირისპირება გაიმართება: “ლივერპული” “სანდერლენდს” უმასპინძლებს, ხოლო “ვესტ ჰემი” – “ჰალ სიტის.” ეს შეხვედრები თავის დროზე დიდთოვლობისა და წყალდიდობის გამო გადაიდო.

ცხადია, დღის მთავარი ამბავი მანჩესტერული დაპირისპირება იყო. ბოლო დროს თითქოს მოფერიანებულ “იუნაიტედს” უნდა დაემტკიცებინა, რომ ცუდი დღეები ისტორიის კუთვნილება გახდა. მაგრამ პირიქით კი გამოვიდა, “სიტიმ” ყველანაირად აჯობა ოპონენტს და ამაში მომხვდურთ სწრაფი გოლიც დაეხმარა. უკვე 44-ე წამზე სამირ ნასრის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და დამატებაზე ყველას ედინ ჯეკომ დაასწრო. ჩვენმა ინგლისელმა კოლეგებმა სტატისტიკა მოქექეს და აღმოაჩინეს, რომ ეს იყო “ოლდ ტრეფორდზე” სტუმრების მიერ გატანილი ყველაზე სწრაფი გოლი პრემიერლიგის ისტორიაში. “იუნაიტედი” რაღაცას ცდილობდა, განსაკუთრებით ეს უეინ რუნიზე ითქმის, რომელიც “ყველგან იყო,” ფელაინის კარგი მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს ზემოდან გადააცილა. მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე ჯეკომ მეორე გოლიც გაიტანა და ამით, ფაქტობრივად, დამთავრდა თამაში. მოიესმა შეტევის გასაძლიერებლად მინდორზე ვალენსია და ერნანდესი გაიყვანა, მაგრამ არც ამან უშველა. უელბეკს ჰქონდა მომენტი, ლამაზად, ქუსლით ცდილობდა გატანას, მაგრამ მეკარე ჰარტმა კარგად ითამაშა. “ქალაქელები” კი კონტრშეტევებით ცდილობდნენ ფონს გასვლას და ერთხელ გამოუვიდათ კიდეც, როცა იაია ტურემ დიდოსტატურად დააგვირგვინა სტუმართა იერიში.

“სამი გავიტანეთ და ერთი ამდენი კიდევ შეგვეძლო გაგვეტანა. კარგად ვითამაშეთ როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. განსაკუთრებით დაცვის სტაბილურობა მახარებს,” – უთხრა შემდეგ “ქალაქელთა” დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ BBC-ს.

“არსენალი” რამდენიმე დღის წინათ “ჩელსისთან” “სტემფორდ ბრიჯზე” მიღებული სტრსიდან (0:6) ეტყობა ბოლომდე ჯერ ვერ გამოვიდა. ყოველ შემთხვევაში, “სუონსისთან” ქულების დაკარგვა კიდევ ერთი დარტყმა იყო მათ საჩემპიონო ამბიციებზე. მასპინძლებმა რიხით დაიწყეს თამაში, მაგრამ პირველივე სწრაფი კონტრშეტევისას გოლი გაუშვეს, კოტდივუარელმა ბონიმ ივაჟკაცა. შემდეგ თითქმის ერთი საათის განმავლობაში საინტერესო აღარაფერი მომხდარა და უცებ “მეთოფეებმა” ერთი წუთის განმავლობაში ორჯერ გაიტანეს. ეპიზოდის გმირი ლუკას პოდოლსკი გახდა, გერმანელმა ჯერ თავად შეაგდო, მერე კი ჟირუს უასისტენტა. თამაში უკვე მთავრდებოდა, როცა მერტესაკერმა, შჩესნიმ და ფლამინიმ საკუთარ კარში გოლი “მოიგონეს,” მერტესაკერი ვარდნაში აპირებდა სიტუაციის განმუხტვას, მაგრამ ბურთი ჯერ შჩესნის მოხვდა, მერე კი იქვე მყოფ ფლამინის და კარში აღმოჩნდა.

“სენტ ჯეიმსიზ პარკზე” კი “ევერტონმა” მასპინძელ “კაჭკაჭებს” აჯობა. 22-ე წუთზე როს ბარკლის შესანიშნავი სოლო-რეიდი პირველი გოლით დამთავრდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კი თავი ტრავმამოშუშებულმა ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ გამოიჩინა. ნიუკასლელთა რბევა კი ვეტერანმა ლეონ ოსმანმა დაამთავრა.

 

მანჩესტერ იუნაიტედი – მანჩესტერ სიტი  0:3 (0:1)

მანჩესტერი. “ოლდ ტრეფორდი.” 75 203

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ფერდინანდი, ევრა, რაფაელი, ჯონსი, კერიკი, ფელაინი (ვალენსია 66), კლევერლი (კაგავა 46), რუნი, მატა, უელბეკი (ერნანდესი 76)

მწვრთნელი: დევიდ მოიესი

მანჩესტერ სიტი: ჰარტი, კომპანი, დემიკელისი, კლიში, საბალეტა, ნასრი (მილნერი 74), დავიდ სილვა, იაია ტურე, ხესუს ნავასი (ხავი გარსია 68), ფერნანდინიო, ჯეკო (ნეგრედო 79)

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 0:1, 0:2 ჯეკო (1, 56), 0:3 იაია ტურე (90)

გაფრთხილება: უელბეკი (17), ფელაინი (30); კომპანი (13), ფერნანდინიო (45+3)

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 4(2)-1(2), ჯარიმა: 12-8, კუთხური: 5-8, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-4

 

არსენალი – სუონსი 2:2 (0:1)

ლონდონი. “ემირეითსი.” 59 937

არსენალი: შჩესნი, მერტესაკერი, სანია, ვერმალენი, გიბსი, როსიცკი (კალსტრიომი 79), არტეტა, ფლამინი, კასორლა, ჟირუ (სანოგო 88), ოქსლეიდ-ჩემბერლენი (პოდოლსკი 73)

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

სუონსი: ვორმი, ტეილორი (დევისი 73), უილიამსი, ანხელ რანხელი, ჩიკო, დე გუზმანი, რუტლიჯი, ბრიტონი, შელვი (პაბლო ერნანდესი 79), მიჩუ (დაიერი 63), ბონი

მწვრთნელი: გარი მონკი

გოლები: 0:1 ბონი (11), 1:1 პოდოლსკი (73), 2:1 ჟირუ (74), 2:2 ფლამინი (ს.კ. 90)

გაფრთხილება: ბონი (34)

მსაჯი: ლი პრობერტი

ბურთის ფლობა: 63%- 37%, დარტყმა: 2(5)-1(5), ჯარიმა: 11-12, კუთხური: 7-0,  თამაშგარე: 0-3, სეივი: 0-2

 

ნიუკასლი – ევერტონი 0:3 (0:1)

ნიუკასლი. “სენტ ჯეიმსიზ პარკი.” 47 622

ნიუკასლი: კრული, კოლოჩინი, იანგა-მბივა (მავრო 75), უილიამსონი, დამეტი, ტიოტე, სისოკო, ანიტა, გუფრანი (შოლა ამეობი 90+1) , სისე, დე იონგი (ბენ არფა 58)

მწვრთნელი: ალან პარდიუ

ევერტონი: ჰოვარდი, ბეინსი, დისტინი, სტოუნზი, ბერი, ოსმანი, კოულმენი, მაკარტი, ბარკლი (ნეისმიტი 82), ლუკაკუ, დელოფე

მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

გოლები: 0:1 ბარკლი (22), 0:2 ლუკაკუ (53), 0:3 ოსმანი (88)

გაფრთხილება: ბერი (64)

მსაჯი: მაიკ ჯონსი

ბურთის ფლობა: 54%-46%, დარტყმა: 8(8)-5(4), ჯარიმა: 8-8, კუთხური: 9-8, თამაშგარე: 2-0, სეივი: 3-3

 

მეგოლეები:

28 – ლუის სუარესი (“ლივერპული”)

19 – დენიელ სტარიჯი (“ლივერპული”)

17 – იაია ტურე (5, “სიტი”)

15 – სერხიო აგუერო (“სიტი”)

0.115367