ვიწყებთ სტატიათა ციკლის გამოქვეყნებას, რომელშიც ევროპულ საფეხბურთო გრანდებში, აწმყოსა და წარსულში მოთამაშე ფეხბურთელებზე მოგითხრობთ. ერთადერთი კრიტერიუმი, რითაც “ვარსკვლავები” შეირჩა, საკუთარი კლუბის ერთგულებაა. პირველი, ვისაც წარმოგიდგენთ, უელსელი რაიან გიგზი გახლავთ, რომელსაც აქტიური ფეხბურთელის კარიერა ჯერ არ დაუმთავრებია და ახლაც იმ გუნდში თამაშობს, სადაც პროფესიულ ასპარეზზე პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
რაიან გიგზი
ამპლუა: ნახევარმცველი
ეროვნება: უელსელი
სეზონი კლუბში: 21
მატჩი კლუბში: 847
ტიტული: 31. მათ შორის:
ინგლისის პრემიერლიგა - 11 (1993, 1994, 1996, 1997, 1999, 2000, 2001, 2003, 2007, 2008, 2009);
ინგლისის სუპერთასი - 8 (1993, 1994, 1996, 1997, 2003, 2007, 2008, 2010);
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი - 4 (1994, 1996, 1999, 2004);
ინგლისის ლიგის თასი - 3 (1992, 2006, 2009);
უეფას ჩემპიონთა ლიგა - 2 (1999, 2008);
უეფას სუპერთასი - 1 (1991);
საკონტინენტთაშორისო თასი - 1 (1999);
კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი - 1 (2008).
ცნობილთა ციტატები
იოჰან კრუიფი: “ერიკ კანტონა - დიადი ფეხბურთელია, მაგრამ ისიც კი ვერაა გიგზისნაირი”.
როი ატკინსონი (“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელი): “რაიანი, კაცს საფეხბურთო ღმერთის არსებობაში დაგაჯერებს”.
ალექს ფერგიუსონი (“მანჩესტერ იუნაიტედის” ახლანდელი მწვრთნელი): “ჩემს გუნდს მხოლოდ სერ რაიან გიგზი აკლია”.
თუ ინგლისის პრემიერლიგის ემბლემა, მთელი 19 სეზონის განმავლობაში ბურთზე თათდადებული ლომია, მის სიმბოლოდ რაიან გიგზის დასახელება თამამად შეიძლება. უელსელის მორიგი, მიმდინარე სეზონი 15 წუთის დაწყებულიც არ იყო, როცა მან საკუთარ გოლების ანგარიშს ერთიც მიუმატა. შეცვლაზე შესულმა, “ნიუკასლის” მარცხს (3:0) წერტილი დაუსვა, თან, ყოველ პრემიერლიგურ სეზონში გოლის გატანის უპრეცენდენტო ტრადიციაც არ დაარღვია.
არადა, რაიანისთვის მშობლიურად ქცეული კლუბი, სიმბოლოების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. რაც არ უნდა იყოს, “მანჩესტერ იუნაიტედის” ისტორია 19-ს კი არა, 132 წელს ითვლის და ისეთი დამკვრელური ხუთწლედი აქვს გამოვლილი, როცა მისი სამი “ვარსკვლავი” რიგრიგობით ჯილდოვდებოდნენ ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი “ოქროს ბურთით”. მაგრამ თვით ჩარლტონის, ბესტისა და ლოუს ფონზე, გიგზი არასოდეს “დაბნეულა” საკუთარ გადაწყვეტილებებში - არ გადასულა “სიტიში”, არ გაუცვლია მისი ნიჭი ლუდის ბარში გატარებულ ტკბილ-მწარე ღამეებზე. უელსელმა, განვლილი ცხოვრების უმეტესი ნაწილი “იუნაიტედს” მიუძღვნა და სწორედ ამის ხარჯზე დაამხო, ერთხანს მუდმივად მიჩნეული ბობი ჩარლტონის საკლუბო რეკორდი (758 მატჩი).
კლუბის ისტორიაში საკუთარი სახელის ჩაწერას, გიგზი “იუნაიტედის” მაისურში ჩატარებულ მეორე მატჩშივე გატანილი გოლით შეუდგა. ეს, მისი პირველი მანჩესტერული დერბისას მოხდა. ცნობილია, რომ მოზარდობისას “ქალაქელთა” საწვრთნელ ბანაკში მყოფი რაიანი, “სიტის” ცისფერი მაისურის ქვეშ კიდევ ერთ - წითელ მაისურს ატარებდა.
“კარგად მახსოვს, როცა იგი პირველად ვნახე, 13 წლის იყო და მინდორზე ისე დაჰქროდა, როგორც პაპირუსის ქაღალდზე გამოდევნებული კოკერსპანიელი”, - იგონებს ალექს ფერგიუსონი. პაპირუსის ქაღალდზე “ფერგის” სახით, “ცოტათი ძვირადღირებული” ფურცლით - მისი პირველი კონტრაქტით - ხელდამშვენებულ ძვირფას სტუმარს რაიანი 14 წლის შესრულებამდე ეღირსა.
გიგზის საფეხბურთო დღეგრძელობის ყველაზე თვალსაჩინო საიდუმლო, მის უნიკალურ ჩვევაშია - დღეს გასაკეთებელი, არასოდეს არ გადადოს ხვალისთვის. გახდა თუ არა სრულწლოვანი, ჭაბუკი ვინგერი მაშინვე საფუძვლიანად “დაეპატრონა” გუნდის მარცხენა ფლანგს (მნიშვნელობა არ ჰქონდა, რა ტაქტიკური მონახაზით ათამაშებდა ფერგიუსონი “მანჩესტერს”). შედეგად, იგი კოლეგებმა ზედიზედ ორჯერ დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად. თუმცა, გიგზის ტიტულების ჩამოსათვლელად ერთი აბზაცი კი არა, ენციკლოპედიის თავი, ან გვერდია საჭირო. მით უფრო, ტიტულებზე მეტად, მისი პროფესიონალური და პირადი თვისებებია ხაზგასასმელი, რომელთა გარეშე, წარმოუდგენელია “იუნაიტედის” მიერ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში მიღწეული ნებისმიერი წარმატება.
მემკვიდრეობით მიღებული ათლეტიზმი (მამამისი მორაგბე იყო) და სისწრაფე (მის ძარღვებში აფრიკული სისხლიცაა) იმ აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, რომლის სიმძლავრე, რაიან გიგზის ოპონენტებს თანდათანობით ავიწროვებდა. ძველი სისხარტის დაკარგვის კომპენსირებას, გიგზი სათამაშო ინტელექტისა და მარგი ქმედების კოეფიციენტის ზრდით ახერხებდა. შეცვლაზე 10-15 წუთით შესულს, ბევრს არ შეუძლია საკვანძო პასის გაკეთება, ან გადამწყვეტი გოლის გატანა - გიგზი კი ამას რეგულარულად ახერხებდა. ერთეულები მოქმედებენ ვინგერის და ფლეიმეიკერის ზონებში ტოლსწორად ეფექტიანად - გიგზი სწორედ მათ რიცხვშია. და ბოლოს, გიგზის გარდა არავის შეუძლია, 35 წლის ასაკში ტოპ-ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.
ბოლო პრეცენდენტი, ალბათ, არც მოხდებოდა, რაიანს მინდორზე და მის გარეთ, კოლოსალური ავტორიტეტი რომ არ ჰქონოდა. სანაკრებო კარიერაში, მას ხელშესახები მიღწევით თავის მოწონება არ შეუძლია.
უელსი, ეროვნულ ნაკრებში გიგზის გამოსვლისას, ყველაზე ახლოს ევრო-2004-ის ფინალურ ტურნირზე მოხვედრასთან იყო, მაგრამ ფლეი ოფში რუსებთან წააგო (0:0, 0:1). მას შემდეგ, რაიანმა საკუთარ თავზე მაღლა ახტომის კიდევ ორი მცდელობა გააკეთა და 2007 წლის შემოდგომაზე, სანაკრებო კარიერის (64 მატჩში 12 გოლი) დასრულება გამოაცხადა.
მით უკეთესი “იუნაიტედის” გულშემატკივართათვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ გიგზი მუდამ გუნდში უნდა იყოს. მათთვის მნიშვნელობა არ აქვს - იგი, გასული საუკუნის 90-იანი წლების მსგავსად, კანტონას ღირსეული შემცვლელის რანგში იქნება, თუ ახალგაზრდული ენერგიის მოზღვავების მქონე მეოთხე ათწლეულის “დახურდავების” მოლოდინში მყოფი.
თითქმის 37 წლის რაიან გიგზი, ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ერთადერთი სიმბოლო სულაც არაა. თუმცა, ისეთი კოლეგების ფონზეც კი, როგორებიც გარი ნევილი და შესანიშნავ ფორმაში მყოფი პოლ სკოულზია, უელსელი ვარსკვლავი ახლაც გამორჩეულია.
ახალ სეზონში, “ოლდ ტრაფორდის” ყველაზე პოპულარული ლოზუნგი ასე გამოითქმის: “ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებამდე, ნევილს, სკოულზს, ვან დერ სარს და გიგზს კიდევ ერთი ტიტულის მოგება სურთ”. მაგრამ დადის ხმები, რომ ამ ჩამონათვალში უკანასკნელი, “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტის გაგრძელებას 2050 წლამდე აპირებს. მოდი და, ნუ დაიჯერებ.
მოამზადა ფრიდონ კერვალიშვილმა