ფეხბურთი

18:03 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” სტატისტიკის იმედად

 

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპი დღეს დასრულდება. “დორტმუნდისა” და “ზენიტის” წყვილიდან გამსვლელი გუნდის ვინაობა, შეიძლება ითქვას, უკვე ცნობილია. მანჩესტერში კი დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი. ადგილობრივი “მანჩესტერი” “ოლიმპიაკოსთან” არსებული ორბურთიანი ჩამორჩენის გაბათილებას შეეცდება.

 

მანჩესტერი-ოლიმპიაკოსი (პირველი მატჩი 0:2)

“მანჩესტერ იუნაიტედს” ძალიან რთული პერიოდი უდგას. დევიდ მოიესის შეგირდები ინგლისის ორივე თასიდან გამოვარდნენ. პრემიერლიგაში, მათ ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრის შანსი თითქმის აღარ აქვთ. ინგლისის ჩემპიონატის წინა ტურში, “წითელი ეშმაკები” “ლივერპულთან”, საკუთარ კედლებში, 0:3 განადგურდნენ. ასეთი ცუდი განწყობით ხვდება “მანჩესტერი” “ოლიმპიაკოსთან” შეხვედრას. ძალიან ცუდ ფორმაში მყოფ ინგლისელებს საბერძნეთში ახლახანს გაჩემპიონებულ გუნდთან 2-ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებთ.

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია “მანჩესტერის” გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს. 3 კვირის წინათ საბერძნეთში გამართულ მატჩამდე, “წითელ ეშმაკებს” “ოლიმპიაკოსი” ოთხივე თამაშში დამარცხებული ჰყავდა. “ოლდ ტრაფორდზე” გამართული ორივე დაპირისპირება იმ ანგარიშით დასრულდა, რომელიც “მანჩესტერს” დღეს აწყობს. 2001 წელს, ინგლისელებმა 3:0 იმარჯვეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ – 4:0.

“ოლიმპიაკოსის” გარდა, სხვა ბერძნული გუნდისთვის, “მანჩესტერს” 3-ჯერ უმასპინძლია. სამივე თამაში ინგლისელთა უპირატესობით დასრულდა და აქედან 2-ჯერ დღეს მათთვის სასურველი ანგარიშით.

საბერძნეთის წარმომადგენლებთან სულ გამართულ 11 თამაშში “მანჩესტერს” 8 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება დაუგროვდა.

“ოლიმპიაკოსი” ინგლისურ გუნდებს 23-ჯერ შეხვედრია. ბერძნებმა 6-ჯერ მოიგეს, 3-ჯერ ფრედ ითამაშეს და 14-ჯერ წააგეს. “ოლიმპიაკოსმა”, ინგლისში გამართული თერთმეტივე დაპირისპირება დათმო, აქედან 8-ჯერ იმ ანგარიშით, რომელიც ამ გუნდს დღეს არ აწყობს.

“მანჩესტერის” შემადგენლობაში საეჭვოა ნანის, ერნანდესის, ევანსისა და სმოლინგის მოედანზე გამოჩენა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს ხუან მატას. “ოლიმპიაკოსის” ერთადერთი დანაკლისი ალაიტანია.

შეხვედრას ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი მოემსახურება, რომელსაც “მანჩესტერის” მატჩში 2-ჯერ უმსაჯია. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ინგლისელებმა “ვოლფსბურგი” 3:1 დაამარცხეს. 2 წლის შემდეგ, იმავე ეტაპზე, “მანჩესტერი” “ბაზელთან” ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

“გალათასარაის” შეხვედრაში კუიპერსმა მონაწილეობა ერთხელ მიიღო. 2012 წელს, ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, თურქები “შალკესთან” 0:1 დამარცხდნენ.

  • “ოლიმპიაკოსს” ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში 1999 წლის შემდეგ არ უთამაშია;
  • “მანჩესტერმა”, ბერძნულ გუნდებთან საკუთარ კედლებში გამართული ყველა თამაში მოიგო, ხოლო “ოლიმპიაკოსმა” ინგლისში ყველა შეხვედრა წააგო;
  • “მანჩესტერმა”, მიმდინარე გათამაშებაში, სამივე საშინაო თამაში მოიგო, მაგრამ ვერცერთხელ იმ ანგარიშით, რომელიც “წითელ ეშმაკებს” დღეს აწყობთ. “ოლდ ტრაფორდზე”, 3 ბურთის სხვაობით, მანჩესტერელებმა უკანასკნელად 2011 წლის მაისში მოიგეს;
  • “მანჩესტერმა”, ევროტურნირების ფლეი ოფში, პირველი თამაში სტუმრად 16-ჯერ წააგო. ინგლისელები შემდეგ ეტაპზე 6-ჯერ გავიდნენ. ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ, 7 მცდელობიდან “მანჩესტერი” მომდევნო ეტაპზე 3-ჯერ გავიდა. 0:2 “წითელ ეშმაკებს” 4-ჯერ წაუგიათ. ისინი შემდეგ ეტაპზე 2-ჯერ გავიდნენ;
  • “ოლიმპიაკოსმა”, ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი მატჩი საკუთარ კედლებში 14-ჯერ მოიგო. ბერძნები შემდეგ ეტაპზე 10-ჯერ გავიდნენ. პირველ მატჩში 2:0 მოგების შემდეგ, “ოლიმპიაკოსი” მომდევნო ეტაპზე სამივე შემთხვევაში გავიდა;
  • უეინ რუნიმ, მიმდინარე გათამაშებაში, ყველაზე მეტი, 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. აქედან 4 “ლევერკუზენთან” 5:0 მოგებულ შეხვედრაზე მოდის;
  • “მანჩესტერს”, ევროტურნირებზე, 548 გოლი აქვს გატანილი და 299 გაშვებული;
  • საბერძნეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მოგებით, “ოლიმპიაკოსმა” ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა;
  • “მანჩესტერმა”, საკუთარ კედლებში ჩატარებული ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ 1 მოიგო;
  • “ოლიმპიაკოსს”, ჩემპიონთა ლიგის გასვლით მატჩში, 2008 წლის შემდეგ არ წაუგია იმ ანგარიშით, რომელიც ბერძნებს 1/4-ფინალს მიღმა დატოვებს;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, პირველი თამაშის საკუთარ კედლებში 2:0 მოგება შემდეგ ეტაპზე გასვლის 81%-იან გარანტიას იძლევა.

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა, რაფაელი, ვიდიჩი, ფერდინანდი, ევრა, ფელაინი, კერიკი, ვალენსია, რუნი, იანუზაი, ვან პერსი.

ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): რობერტო, სალინო, მარკანო, მანოლასი, ბონგი, მანიატისი, ნდინგა, კემპბელი, დომინგესი, ფუსტერი, ვალდესი.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).

 

დორტმუნდი-ზენიტი (პირველი მატჩი 4:2)

როგორც მერვედფინალური წყვილების უმრავლესობაში, ამ შემთხვევაშიც, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა პირველივე შეხვედრაში გაირკვა. “დორტმუნდმა” სანკტ პეტერბურგში 4:2 მოიგო და “ზენიტთან” ისეთი უპირატესობა მოიპოვა, რომელსაც იურგენ კლოპის გუნდი ხელიდან არ გაუშვებს.

გუნდები თამაშს ცუდი განწყობით ხვდებიან. “დორტმუნდი” ბუნდესლიგაში მე-2 ადგილს კი ინარჩუნებს, მაგრამ კლოპის შეგირდებმა ბოლო ტურში საკუთარ კედლებში წააგეს და მდევარ “შალკეს” სხვაობის ერთ ქულამდე შემცირების საშუალება მისცეს.

რუსეთის პრემიერლიგის განახლების შემდეგ, “ზენიტმა” 2 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 1 ქულა აიღო. სანკტ პეტერბურგელებმა გოლის გატანაც ვერ მოახერხეს. შედეგად, “ზენიტი” ლიდერ “ლოკომოტივს” 3 ქულით ჩამორჩება.

“დორტმუნდი” და “ზენიტი” 3 კვირის წინათ ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდნენ. დორტმუნდელები რუსეთის წარმომადგენლებს სულ 5-ჯერ შეხვედრიან. მათ ანგარიშზე 4 მოგება და 1 ფრეა. საკუთარ კედლებში ჩატარებული 2 მატჩიდან “დორტმუნდმა” ერთი მოიგო და ერთიც ფრედ დაასრულა.

“ზენიტს”, გერმანულ გუნებთან გამართულ 13 თამაშში 4 მოგება, 3 ფრე და 6 მარცხი დაუგროვდა. სტუმრად გამართული 6 მატჩიდან რუსებმა 2-2 მოიგეს, ფრედ დაასრულეს და წააგეს.

“დორტმუნდი” მატჩს ტრავმირებული ფეხბურთელების დიდი სიით ხვდება. მასპინძლებს სუბოტიჩი, გიონდოგანი, კუბა და ბენდერი ვერ დაეხმარებიან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პაპასტატოპულოსის, როისისა და პიშჩეკის თამაში. სტუმართა რიგებში საეჭვოა მოედანზე ანსალდის, არშავინისა და ბაბურინის გამოჩენა.

UEFA-მ შეხვედრის განსჯა ალბერტო უნდიანო მალიენკოს დაავალა. ესპანელ არბიტრს “დორტმუნდის” შეხვედრაში ერთხელ უმსაჯია. 2004 წელს, ინტერტოტოს თასის მე-3 ეტაპზე, გერმანელები “გენკთან” 1:2 დამარცხდნენ.

ასევე ერთხელ მიიღო მონაწილეობა მალიენკომ “ზენიტის” თამაშში, როდესაც 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წინ, ფლეი ოფში, რუსებმა “პაკოშ ფერეირა” 4:2 დაამარცხეს.

  • “ზენიტი” დორტმუნდს დროებითი მწვრთნელით ეწვია. ლუჩანო სპალეტის დათხოვნის შემდეგ, მისი მოვალეობის შესრულება სერგეი სემაკს დაეკისრა, რომელმაც “სანკტ პეტერბურგელებს” ერთ მატჩში უთავკაცა. 20 მარტიდან, რუსული კლუბის მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში იქნება;
  • “დორტმუნდს” ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩი გასვლაზე 12-ჯერ მოუგია. გერმანელები შემდეგ ეტაპზე 11-ჯერ გავიდნენ;
  • “ზენიტმა” ევროტურნირის ფლეი ოფის პირველი თამაში საკუთარ კედლებში 3-ჯერ წააგო და რუსებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა ვერცერთხელ მოახერხეს;
  • რობერტ ლევანდოვსკიმ, ბოლო 7 თამაშში 6 გოლი გაიტანა;
  • “ზენიტმა”, 2014 წელს გამართული 3 თამაშიდან 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა;
  • “დორტმუნდმა”, ჩემპიონთა ლიგაზე გამართული ბოლო 9 საშინაო თამაშიდან 8 მოიგო;
  • გერმანულმა გუნდმა, ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 11 თამაშიდან კარი მშრალად მხოლოდ ერთში შეინახა;
  • “ზენიტს”, ჩემპიონთა ლიგის ფინალური ეტაპის გასვლით მატჩში 2 გოლზე მეტი არასდროს გაუტანია;
  • ევროტურნირების ფლეი ოფების ისტორიის გათვალისწინებით, პირველი თამაშის სტუმრად 4:2 მოგება შემდეგ ეტაპზე გასვლის 96%-იან გარანტიას იძლევა.

სავარაუდო შემადგენლობები

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი, დუკში, ჰუმელსი, პაპასტატოპულოსი, შმელცერი, შაჰინი, კელი, ობამეიანგი, მხითარიანი, როისი, ლევანდოვსკი.

ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი, ანიუკოვი, ჰუბოჩანი, ლომბაერტსი, სმოლნიკოვი, ფაიზულინი, ვიტსელი, ჰალკი, შატოვი, დანი, რონდონი.

მსაჯი: ალბერტო უნდიანო მალიენკო (ესპანეთი).

0.300363