„მანჩესტერ იუნაიტედმა“ სპორტული ასპექტით სეზონი ჩააგდო, რასაც კლუბის ფინანსური წარმატებისთვის ხელი არ შეუშლია. 2014 წლის იანვრიდან მოყოლებული კლუბის შემოსავალი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 პროცენტით გაიზარდა და 115.5 მილიონი გირვანქა შეადგინა. ეს უპირველესად ტელეტრანსლაციებითა და სასპონსორო კონტრაქტებით გაზრდილმა შემოსავალმა განაპირობა.
ოლდ ტრაფორდელებმა პრემიერლიგა მეშვიდე პოზიციაზე დაასრულეს, რის გამოც ისინი მომავლი წლიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვერ ჩაებმებიან. ამის გამო „მანჩესტერი“ მინიმუმ 40 მილიონ გირვანქას დაკარგავს, თუმცა, კლუბის სატიტულო სპონსორი Chevrolet ოლდ ტრაფორდელთა ბიუჯეტში 53 მილიონს შეიტანს.
„კლუბის ფინანსურ მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება, ამიტომაც სატრანსფერო ბაზარზე ვიაქტიურებთ, შემადგენლობას მოვაძლიერებთ და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნებას შევძლებთ“, - აცხადებს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ვიცე-პრეზიდენტი ედ ვუდვორდი.







