საფეხბურთო კლუბმა “მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ ვებგვერდზე ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან იტალიელი სპეციალისტის, რობერტო მანჩინის გათავისუფლების თაობაზე.
დარჩენილ ორ მატჩში “სიტის” თავკაცის მოვალეობას ბრაიან კიდი შეასრულებს, რომელიც აქამდე მანჩინის ასისტენტი იყო. გუნდი წინასასეზონო ტურნეზეც კიდის ხელმძღვანელობით გაემგზავრება.
ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის ჩაგდების შემდეგ, “სიტიმ” პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნა, ხოლო გასულ უქმეებზე მანჩესტერელები ინგლისის ლიგის თასის ფინალში “უიგანთან” დამარცხდნენ (0:1).
კლუბის ოფიციალურ განცხადებაში მანჩინის შესახებ ნათქვამია: “ვერ შეასრულა მიმდინარე სეზონში კლუბის ვერცერთი ამოცანა, გარდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრისა”.
“სიტის” მთავარ მწვრთნელად მანჩინიმ სამწელიწად-ნახევარი იმუშავა და 2011 წელს ინგლისის თასი მოიპოვა, რითაც კლუბის 35-წლიანი უტიტულო პერიოდი შეწყვიტა. 2012 წელს “სიტიმ” ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა ინგლისის ჩემპიონობა.
მანჩინის შემცვლელად “მალაგას” მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის ასახელებენ, მაგრამ ორი დღის წინ ჩილელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ “სიტისთან” არავითარი შეთანხმება არ მიღწეულა.