20 წლის ქართველი ჩოგბურთელი მანანა შაფაქიძე ორი კვირის განმავლობაში მეორე ტიტულისკენ მიიწევს.
გასულ კვირაში შაფაქიძემ ასტანას 10-ათასიან ტურნირზე იმარჯვა, ამჯერად კი, ყაზახეთის ძველ დედაქალაქ ალმატიში იმყოფება და ანალოგიური საპრიზო ფონდი მქონე გათამაშებაში ნახევარფინალამდეა მისული.
მეოთხედფინალში მანანა მე-6 ნომრად განთესილ რუს დიანა არუტუნოვას გადაეყარა და როგორც ვივარაუდეთ, იოლად 6:2, 6:2 იმარჯვა.
თავად შაფაქიძეს ალმატიში მე-2 რეიტინგი აქვს, ნახევარფინალში კი კიდევ ერთ რუს ევგენია პაშკოვას გაეჯიბრება.
სავარაუდოა, რომ ქართველი გოგონა ამ ეტაპსაც დაძლევს და ფინალში ტურნირის პირველ ნომრად მიჩნეულ ყირგიზ კსენია პალკინასთან ჭიდილი მოუწევს. ამ უკანასკნელს მსოფლიო რეიტინგში 228-ე ადგილი უკავია, შაფაქიძე კი 456-ეა.







