რაგბი

21:30 | 12.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მამუკა გორგოძე გამარჯვებით დაბრუნდა

 

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

29 წლის მორაგბემ ფეხის ტრავმა სეზონისწინა შეკრებაზე მიიღო და ამ სეზონში ერთი თამაშიც არ ჩაუტარებია. თავიდანვე ითქვა, რომ ის მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდებოდა. ფაბიენ გალტიემ გორგოძეს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასის” სადებიუტო ტურში სასტარტო შემადგენლობაში ანდო ადგილი. “მონპელიე” ტრევიზოს ეწვია და ადგილობრივ “ბენეტონს” 27:10 სძლია.

ქართველ ლეგიონერს რეფერიმ 25-ე წუთზე მხრებს ზევით სახიფათო ბოჭვაში დასდო ბრალი და 10 წუთით გაასინბინა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, სამჯერ შეეძლოთ ლელოს გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწიეს და ტაიმი ჯარიმების წყალობიღ 9:3 მოიგეს. მეორე ნახევარში “მონპელიემ” კიდევ უფრო გაზარდა უპირატესობა და ტაიმის შუაში პირველი ლელო გაიტანა. 72-ე წუთზე სტუმრებმა მეორე ლელოც მიითვალეს და ბოლო პასი სწორედ ქართველის ანგარიშზეა – მან მიწიდან ამხტარი ბურთი უხერხულოდ კი მიიღო, მაგრამ რთულ სიტუაციაში შებოჭილმა გადაცემის გაკეთება მოახერხა და “მონპელიე” 27:3 დაწინაურდა.

ტაიმის მიწურულს ლელო-გარდასახვა “ტრევიზომაც” მიითვალა და ფრანგებმა 27:10 მოიგეს. შეხვედრის დასრულებამდე ორიოდე წუთი რჩებოდა, როდესაც მამუკამ საკუთარ ნახევარზე რაქიდან აიტაცა ბურთი და სამ მოწინააღმდეგეს ჯიქურ ეკვეთა, მისი წაქცევა ვერ მოახერხეს და თანაგუნდელის დახმარებით გორგოძემ დაახლოებით 20 მეტრი მოიგო, რის შემდეგაც მეტოქე დაჯარიმდა, მაგრამ ქართველი დაშავდა და საფინალო სასტვენამდე 30 წამით ადრე შეცვალეს. ერთი შეხედვით, მან უპრობლემოდ დატოვა მოედანი და იმედია, მისი დაზიანება ეპიზოდური იყო და ტრავმის გამო თამაშის გაცდენა აღარ მოუხდება.

მომდევნო თამაშს “მონპელიე” 19 ოქტომბერს კვლავ “ჰაინეკენის თასზე” გამართავს - ირლანდიურ “ოლსტერს” დაუხვდება, რომელმაც პირველ ტურში ინგლისური “ლესტერ თაიგერსი” 22:16 დაამარცხა.

0.128954