მართალია, 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ იგი ყველაზე გამორჩეულია ქუთაისის საკლუბო კალათბურთის ისტორიაში. 2014 წლის საქართველოს თასის ფინალში “ქუთაისი-2010”-მა “სოხუმს” მოუგო და მთავარ პრიზს პირველად დაეუფლა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საკლუბო კალათბურთს აქამდე წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევია. თასის აღებამდე ქუთათურებს მხოლოდ დუდუ დადიანის მემორიალი ჰქონდათ მოგებული, ხოლო ეროვნულ ჩემპიონატში ორჯერ გავიდნენ მე-3 ადგილზე და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
აღსანიშნავია, რომ “ქუთაისი-2010”-მა ყველა წარმატებას მთავარ მწვრთნელ მალხაზ კოხრეიძის ხელმძღვანელობის დროს მიაღწია. სახელწოდება მიგვანიშნებს, რომ “ქუთაისი-2010” შეიქმნა 2010 წელს და ეროვნულ ჩემპიონატში დებიუტი ბრინჯაოს მედლით აღნიშნა. მართალია, ქთათურებმა მომდევნო სეზონიც კარგად დაიწყეს, დუდუ დადიანის მემორიალი მოიგეს, ხოლო მიმდინარე ჩემპიონატში პირველი წრის შემდეგ მე-2 ადგილზე იმყოფებოდნენ, მაგრამ ყველასთვის მოულოდნელად კოხრეიძე გუნდიდად გაუშვეს. ის სეზონი ქუთათურებმა მე-3 ადგილზე დაასრულეს, ხოლო მომდევნო, 2012-13 წლების სეზონში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს და პრიზის გარეშე დარჩნენ.
2013-14 წლების სეზონში “ქუთაისი-2010” ისევ მალხაზ კოხრეიძემ ჩაიბარა, ხოლო მის ასისტენტად მისი მეუღლე, საქართველოს ქალთა კალათბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი მედეა მხეიძე დაინიშნა.
მიმდინარე ჩემპიონატის პლეი ოფის მეოთხედფინალური მატჩების სერიაში “ქუთაისი-2010” კრიზისში მყოფ “სოხუმს” დაუპირისპირდება, რომელიც ასევე კარგ სეზონს ატარებს. მეოთხედფინალები ხვალ, 29 აპრილს იწყება, რომელიც 3 მოგებამდე გაგრძელდება.
“მსოფლიო სპორტი” მალხაზ კოხრეიძეს ესაუბრა.
- წლეულს საქართველოს თასს დაეუფლეთ. ყველაზე მეტად რომელი თამაშის მოგება გაგიჭირდათ?
- ნახევარფინალურ სერიაში “არმიასთან” ქუთაისში ჩატარებულ პირველ შეხვედრას გამოვარჩევდი. თავიდან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით მოგება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა ფინალური საგზურის მოპოვებაში, რომელიც 2 მოგებამდე გრძელდებოდა.
- კალათბურთელებიდან ვის გამოარჩევდით, ვინ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი გუნდის წარმატებაში?
- რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირად არ უთამაშია, მაგრამ რადგან ყველა ცდილობდა, გამორჩევისგან თავს შევიკავებდი.
- ქუთათურებმა როგორ აღიქვეს საქართველოს თასის მოპოვება?
- საზეიმო შეხვედრა მოგვიწყვეს, რომელსაც სამხარეო რეგიონისა და ქალაქის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
- თასის ფინალის მსგავსად მეოთხედფინალურ სერიაშიც “სოხუმს” დაუპირისპირდებით...
- მართალია, კრიზისში მყოფი “სოხუმი” მესამე ლეგიონერმა ჯერემი საიმონსმაც დატოვა და კიდევ უფრო დასუსტდა, მაგრამ პრობლემების მიუხედავად, “სოხუმი” არსებობის მანძილზე საუკეთესო სეზონს ატარებს.
- მიმდინარე ჩემპიონატში რა მიზნები გაქვთ დასახული?
- პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში გასვლაა, შემდეგ ვნახოთ.
- რა იყო 22-ე ეროვნულ ჩემპიონატში პირველი წრის დასრულების შემდეგ თქვენი გუნდიდან გაშვების მიზეზი?
- არ მინდა წარსულს დავუბრუნდე. მთავარია სამართლიანობა აღდგა და ისევ გუნდთან ერთად ვარ.
- რა გახდა ცენტრალურ თავდამსხმელ რიჩარდ მათიაშვილის გუნდიდან წასვლის მიზეზი?
- მათიაშვილის გუნდიდან წასვლის მიზეზი ქუთაისის სპორტის სასახლის მოედანია, რომელზეც ლინოლიუმია დაგებული და მასზე მოთამაშე სპორტსმენებისთვის ტრავმის მიღების მხრივ დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
- 2013-14 წლების სეზონის დაწყების წინ “ქუთაისი-2010” ეროვნული ნაკრების წევრ ბესო ლეჟავას დამატებას აპირებდა...
- მეც მინდოდა ბესოს გუნდში აყვანა, მაგრამ როგორც კლუბის ხელმძღვანელობამ მითხრა, მისი გუნდში აყვანა ფინანსური პრობლემების გამო ვერ მოხერხდა.
- ქუთაისის სპორტის სასახლის სარბიელის შესახებ რას ამბობს მისი ხელმძღვანელობა, როდის ვეღირსებით პარკეტს?
- დაგვპირდნენ, რომ 2014-15 წლების სეზონს ლინოლიუმის ნაცვლად პარკეტდაგებულ დარბაზში შევხვდებით.