ფეხბურთი

16:37 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მალხაზ ჟვანია: ”ექვსში განცხადებას გავაკეთებ”

 მარტვილის "მერანის" მთავარი მწვრთნელი მალხაზ ჟვანია საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი წარმატებული სპეციალისტია. მართალია, "მერანს" ევროტურნირების საგზური არ მოუპოვებია, მაგრამ გუნდმა გამოცდილი მწვრთნელის თაოსნობით 2011 წელს პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადმოსვლა მოახერხა და წლებია  ეროვნულ ჩემპიონატის პირველობაზე საკმაოდ კარგად ასპარეზობს.

”სახლის გუნდად” მიჩნეულ მარტვილის "მერანს", სტადიონის მოუწესრიგებლობის გამო სამტრედიაში უწევს საშინაო შეხვედრების ჩატარება, თუმცა მარტვილელები არც სამტრედიაში ირცხვენენ თავს - მათ მიმდინარე ჩემიონატში "შინ" დამარცხება არ განუცდიათ.

”მერანი” ქულებს იოლად არც სტუმრად თმობს. მაგალითისთვის წინა ტურში ”დინამოსთან” გამართული შეხვედრაც კმარა, სტუმრები ბექა ციკოლიას გოლით უგებდნენ საწყის წუთებში  ძლიერ მეტოქეს და ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ”დინამოს” კლასმა და საფეხბურთო ფორტუნამ საბოლოოდ თბილისელებს მოუტანა გამარჯვება.

პირველი ლიგიდან მოყოლებული დღემდე მარტვილის ”მერანს” სათავეში სწორედ მალხაზ ჟვანია უდგას. გუნდში არსებულ სიტუაციაზე  და ”მერანის” მომავალ გეგმებზე სასაუბროდ ”მსოფლიო სპორტი” ჟვანიას დაუკავშირდა.

- სად დაიწყეთ სამწვრთნელო კარიერა?

 - აქ დავიწყე, მარტვილია ჩემი სამწვრთნელო კარიერის საწყისი. მარტვილის ხელმძღვანელობამ დიდი ნდობა გამომიცხადა, თუ არ ვცდები,  2007 წელი იყო, გუნდი რომ ჩავიბარე.

- შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში ”მერანის” უცვლელი მწვრთნელი ხართ...

- დიახ ასეა, ეს ჩემთვისაც დიდი პლუსია, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში დროც მქონდა და საშუალებაც ჩემი გამოცდილება გამომეყენებინა. როცა გუნდის ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში ნდობას გიცხადებს, ეს დამატებით სტიმულს გაძლევს.

- არცთუ დიდი ბიუჯეტის მიუხედავად, ”მერანი”ახერხებს იმას, რომ უმაღლეს ლიგაში იასპარეზოს და ტოლ-სწორად ეთამაშოს ფინანსურად მასზე ბევრად გამართულ გუნდებს. რის ხარჯე  ახერხებს ამას ”მერანი?

 - ეს ალბათ ყველას, ხელმძღვანელობის, ფეხბურთელების, დამსახურებაა. მოვახერხეთ ჩამოგვეყალიბებინა ისეთი ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც ნებისმიერ მეტოქესთან იბრძოლებს. მართალია, კლუბს არ აქვს დიდი დაფინანსება, მაგრამ ანაზღაურებას სტაბილურად ვიღებთ. შეიძლება ითქვას, რომ მარტვილის "მერანი" ერთი დიდი ოჯახია.

- რა არის მიმდინარე ჩემპიონატში გუნდის მავარი მიზა ანუ პროგრამა-მაქსიმუმი?

- ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგია ფეხბურთელები, რომლებიც დავიმატეთ ამ სეზონში, წარმატებით გამოდიან, რაც ”მერანის” შედეგზე აუცილებლად აისახება. მომავალი გვიჩვენებს რას შევძლებთ, წინასწარ ძნელია პროგნოზის გაკეთება, თუმცა ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, მაქსიმუმს ვაკეთებთ საიმისოდ, რათა ”მერანმა” მიმდინარე ჩემპიონატში საუკეთესო შედეგი ანახოს.

- სტადიონთან დაკავშირებით რა ხდება? როგორც ვნახეთ, მინდვრის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია...  

- მოლოდინში ვართ,  ფრიდონ ინჯია ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობს და კარგი იქნება გვერდით თუ დაუდგებიან, რადგან ეს კაცი დიდი ხანია ქართულ ფეხბურთს ემსახურება და ასეთ ხალხს ხელი  ყოველმხრივ უნდა შეუწყონ.

- აკაკი შულაიაზე რას იტყვით? 17 წლის ფეხბურთელი წარმატებულად წარმოჩინდა ”მერანში” და ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში უხმო...

- შულაია ძალიან კარგი ფეხბურთელია, შემოქმედებითი ყაიდის ფეხბურთელია და ფიზიკურადაც ძლიერია. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი აქვს საშრომი. შრომისმოყვარე ბიჭია და ვფიქრობ, მისგან მაღალი კლასის მოთამაშე გაიზრდება.

- სხვა გუნდიდან ხომ არ იყო შემოავაზება შულაიასთან დაკავშირებით?

- გვქონდა რაღაც წინადადებები, მაგრამ კონკრეტულად არაფერი.

- წინა ტურში დინამოსთან გამართულ შეხვედრაზე "მერანმა" საკმაოდ დიდი წინააღმდეობა გაუწია საქართელოს მრავალგზის ჩემიონს...

- „დინამოსთან“ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებულია. მთავარია ბიჭები არ შეუშინდნენ ”დინამოს” და ეცადნენ თავიანთი თამაში ენახებინათ. ბოლომდე იბრძოლეს ჩვენეული პრინციპით: "არ დანებდე მოწინააღმდეგეს”. საინტერესო მატჩი გამოვიდა, ხარვეზებიც გვქონდა, მაგრამ მათ გამოსწორებაზე ვმუშაობთ.

- და ბოლოს, რაც არ უნდა დიდხანს იმუშაოს მწვრთნელმა გუნდში, დგება მომენტი, როცა თავისი სამწვრთნელო კარიერა სხვა გუნდს უნდა დაუკავშიროს. ამ მხრივ თქვენ შემთხვევაში რა ხდება?

- ამ თემაზე ექვსში (6 ოქტომბერი-ავტ) გავაკეთებ განცხადებას.

ედემ ელერჯია

0.156137