ფეტელისთვის მალაიზიაში ამინდმაც გამოიდარა და იღბალმაც - მართალია, ამჯერად მას რბოლა პოულიდან არ დაუწყია, მაგრამ სამაგიეროდ, სტარტიდანვე ხელთ იგდო ლიდერობა და ბოლომდე უხინჯოდ იასპარეზა, რითაც სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და რაც მთავარია, კლასიფიკაციის სათავეში, მოწინავე სამეულში გადაინაცვლა.
შაბათისგან განსხვავებით, ამინდს, რბოლის დროს, მისი მონაწილენი არ შეუწუხებია. მართალია, მალაიზიური ეტაპი ისეთი დაძაბული არ გამოვიდა, როგორიც ავსტრალიური იყო, მაგრამ უინტერესო ნამდვილად არ ყოფილა. ინტერესი კი მეტწილად იმ გარემოებამ გამოიწვია, რომ ორივე ”ფერარის” და ”მაკლარენებს” უკანა რიგებიდან მოუწიათ გზის გაკაფვა და გზად რამდენიმე გასწრების მომსწრენიც გაგვხადეს.
რბოლის ბედი, ფაქტობრივად, მის სტარტზევე გადაწყდა. ყოველ შემთხვევაში, ფინიშზე პირველმა სამეულმა იმავე თანმიმდევრობით გაიარა, როგორითაც ისინი პირველ მოსახვევში შევიდნენ. ფეტელმა იყოჩაღა და სტარტზე ჯერ ოდნავ შეყოვნებულ როსბერგს გაუარა, შემდეგ კი, დამუხრუჭებისას, უებერსაც გვერდში ამოუდგა და პირველი მოსახვევიდან გამოსვლისას გაასწრო.
როსბერგს მე-3 პოზიციის შენარჩუნებაც ძალიან გაუჭირდა, მაგრამ წინ აღარავინ გაუშვა და ფინიშამდე მე-3 ადგილიდან ფეხი არ მოუცვლია. რობერტ კუბიცამაც იყოჩაღა და მართალია, როსბერგის გასწრება ვერ შეძლო, მაგრამ სტარტზევე ორი პოზიცია მოიგო და ფინიშამდე მეოთხემ იარა.
”ჩვენთვის, მთელი გუნდისთვის, ეს საუკეთესო შედეგია. განსაკუთრებით, ორი უიღბლო რბოლის შემდეგ”, - ნარბოლევს განაცხადა 22 წლის ფეტელმა, ვისთვისაც ეს კარიერაში მოპოვებული მე-6 გამარჯვებაა.
კვლავ კარგად იასპარეზა ლუის ჰამილტონმა, რომელმაც კვალიფიკაციაზე გუნდის მიერ დაშვებული შეცდომის გამო, სტარტი მე-20 პოზიციიდან აიღო, თუმცა, მე-4 წრის მიწურულს უკვე ქულების ზონაში იყო. მაგრამ შემდეგ, მის წინსვლას ხელი მისმა უახლოესმა მეგობარმა ადრიან სუტილმა შეუშალა, რომელმაც 20-ზე მეტი წრის განმავლობაში, ერთი უმნიშვნელო შეცდომაც კი არ დაუშვა და ბრიტანელს წინ წაწევის საშუალება აღარ მისცა.
თავის მხრივ, თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, ჰამილტონს კუდზე ფელიპე მასა ეჯდა, მაგრამ თუ ბრიტანელი მუდმივად ცდილობდა სუტილის გასწრებას, მასას ის პრაქტიკულად არც შეუწუხებია. სამაგიეროდ, რბოლის შემდეგ, კლასიფიკაციას სათავეში სწორედ მასა მოექცა, რომელიც თავის თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს და ფეტელს 2-2 ქულით უსწრებს.
ალონსოს ბოლო წრეებზე დაძაბული პაექრობა ჰქონდა ჯენსონ ბატონთან. ბრიტანელი თავს კარგად იცავდა, ბოლო წრეზე კი ესპანელმა მასზე გადამწყვეტი იერიში მიიტანა და გაასწრო კიდეც, მაგრამ მეტისმეტი მოუვიდა და ბატონმა იქვე დაიბრუნა პოზიცია. ალონსოს ”ფერარიმ” კი ბოლი აუშვა - ძრავმა სული დალია. აქ ერთი ნიუანსი იქცევს ყურადღებას. ”ფერარის”, ძრავის გაგრილებასთან დაკავშირებით, პრობლემები აქვს. ბატონის კუდში დიდხანს სიარულის გამო კი, ძრავი, რომელიც გაგრილებისთვის საჭირო ჰაერის ჭავლს შეზღუდულად ღებულობდა, გადახურდა და მწყორიდან გამოვიდა.
ნარბოლევს, ფეტელი ღმერთს მადლობას სწირავდა იმის გამო, რომ რბოლის დროს, გამაგრილებელი სასმელის მარაგი სრულად არ ამოეწურა. ხანდახან, წვიმასაც ვნატრობდი, ისე საშინლად ცხელოდაო. უებერს მისი გასწრების ერთადერთი შანსი პიტ სტოპის დროს ჰქონდა, მაგრამ მექანიკოსებმა ავსტრალიელი ზედმეტად შეაყოვნეს - მარჯვენა წინა ბორბლის დროულად დაყენება ვერ მოხერხდა.
დაბოლოს, რბოლის დასრულება ვერ შეძლო მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა, გერმანელმა მიხაელ შუმახერმა, რომლის მანქანასაც მე-10 წრეზე უკანა მარცხენა საკიდარი დაუზიანდა.
რბოლის შედეგები
ტრასის სიგრძე - 5.543 კმ, 56 წრე, რბოლის დისტანცია - 310.408 კმ
| 1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) | 1:33:48.412 |
| 2. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) | +4.849 |
| 3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) | 13.504 |
| 4. რობერტ კუბიცა (პოლონეთი, რენო) | 18.589 |
| 5. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია) | 21.059 |
| 6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 23.471 |
| 7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) | 27.068 |
| 8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) | 37.918 |
| 9. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო) | 01:10.602 |
| 10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, უილიამსი) | 01:13.399 |
| 11. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო) | 01:18.938 |
| 12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი) | 1 წრე |
| 13. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) | 2 წრე |
| 14. ლუკას დი გრასი (ბრაზილია, ვირჯინი) | 3 წრე |
| 15. კარუნ ჩანდჰოკი (ინდოეთი, ისპანია) | 3 წრე |
| 16. ბრუნო სენა (ბრაზილია, ისპანია) | 4 წრე |
| 17. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი) | 5 წრე |
| გ. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი) | 10 წრე |
| გ. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო) | 24 წრე |
| გ. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ფორს ინდია) | 44 წრე |
| გ. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) | 47 წრე |
| გ. კ ამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) | 48 წრე |
| გ. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი) | 54 წრე |
| ს.გ. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ზაუბერი) | 56 წრე |
1. ფელიპე მასა - 39 ქულა; 2. ფერნანდო ალონსო - 37; 3. სებასტიან ფეტელი - 37; 4. ჯენსონ ბატონი - 35; 5. ნიკო როსბერგი - 35; 6. ლუის ჰამილტონი - 31; 7. რობერტ კუბიცა - 30; 8. მარკ უებერი - 24; 9. ადრიან სუტილი - 10; 10. მიხაელ შუმახერი - 9; 11. ვიტანტონიო ლიუცი - 8; 12. რუბენს ბარიკელო - 5; 13. ხაიმე ალგერსუარი - 2; 14. ნიკო ჰულკენბერგი - 1
1. ფერარი - 76 ქულა; 2. მაკლარენ-მერსედესი - 66; 3. რედ ბულ-რენო - 61; 4. მერსედეს GP - 44; 5. რენო - 30; 6. ფორს ინდია-მერსედესი - 18; 7. უილიამს-კოსუორტი - 6; 8. ტორო როსო-ფერარი - 2
http://formula1ge.blogspot.com/







