რაგბი

19:37 | 28.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მალაღურაძის 12 და კვირიკაშვილის 2 ქულა

სამშობლოში გამომგზავრებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების იმ წევრებმა, რომლებიც საფრანგეთის მესამე, ნახევრადპროფესიულ ლიგა “ფედერალ 1”-ში თამაშობენ, მეცამეტე ტურის მატჩები მოილიეს.

პირველ ჯგუფს 51 ქულით ლიდერობს და პლეი ოფში გასვლა თითქმის განაღდებული აქვს დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილის, არჩილ კობაურის, ელიზბარ ყუფარაძისა და შალვა სუთიაშვილის “მასის”, რომელმაც განვლილ ტურში სტუმრად “ბობინი” 18:11 დაამარცხა. სტუმართა შორის სრულად ითამაშა “ბორჯღალოსანთა” მესამეხაზელმა სუთიაშვილმა. სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელები დადუნაშვილი და აშვეთია. აშვეთია 50-ე წუთზე ყუფარაძემ შეცვალა, ხოლო დადუნაშვილმა მოედანზე 68 წუთი გაატარა.

51 ქულა აქვს ნოდარ ჭეიშვილის “ნევერსაც”, რომელმაც “კოგნასი” პრემიალური ქულით, 47:0 გაანადგურა. ქართველი ლეგიონერი განაცხადში არ იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ათგუნდიანი ჯგუფიდან პლეი ოფში საუკეთესო ოთხი გადის, “მასი” და “ნევერი” კი, მეხუთე ადგილოსანს 22 ქულით უსწრებენ, მათ პლეი ოფში მოსახვედრად დარჩენილი ხუთი თამაშიდან ერთში გამარჯვება ყოფნით.

პლეი ოფში მოხვედრის შანსი აქვს თემურ გელანტიასა და რევაზ გიგაურის “მონლიუსონს”, რომელიც 29 ქულით მეხუთე ადგილზეა, თუმცა, მეოთხე ადგილს რვა ქულა აშორებს. ქართველთა გუნდი “ლილს” დაუზავდა - 19:19. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო, პირველხაზელი გელანტია 37-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და მისი ვადის გასვლის შემდეგ შეცვალეს, ხოლო გიგაურმა შუამარბად 70 წუთი ითამაშა. აღსანიშნავია, რომ საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე, “მონლიუსონი” 14 ქულას იგებდა (19:5), მაგრამ დარჩენილ დროში ორი ლელოს გაშვება მოახერხა, გარდასახვებიც ზუსტი იყო და გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

ბაჩუკი გუჯარაიძის “სენტ-ნაზერი” “ვანთან” სტუმრად 8:11 დამარცხდა და პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველმა მეორეხაზელმა სრულად ითამაშა, მისი გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლო წუთზე ლელო გაუშვა და 1 ქულას დასჯერდა. “სენტ-ნაზერს” 25 ქულით მეექვსე პოზიცია უკავია. შოთა საყვარელიძისა და გიორგი ტორაძის “სენ-ჟენისა” და ირაკლი ნინიძის “დიჟონის” მატჩი გადაიდო. “სენ-ჟენი” 17 ქულით ბოლოსწინა მეცხრე, ხოლო “დიჟონი” 10 ქულით ბოლო ადგილზეა.

მეორე ჯგუფში ავთო კოპალიანის “მაკონი” უშუალო კონკურენტ “ობნასთან” სტუმრად 10:14 დამარცხდა, თუმცა, 44 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნა. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 44-ე წუთიდან ითამაშა. პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის საბა ქართველიშვილის “ჩამბერი”, რომელმაც აუტსაიდერი, გიორგი კუთარაშვილის “ანესი” სტუმრად 45:10 დაამარცხა. ქართველიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 48-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კუთარაშვილმა ტრავმირებული თანაგუნდელი მე-17-ე წუთზე შეცვალა. “ჩამბერიმ” პრემიალური ქულაც ჩაიწერა, ჯამში 34 მოუგროვდა, მეხუთე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება “ლა სენს”. “ანესი” 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

მერაბ კვირიკაშვილისა და ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” “ლა სენთან” 12:35 დამარცხდა. კვირიკაშვილმა 15 ნომრის პოზიციაზე სრულად ითამაშა და 45-ე წუთზე გარდასახვა გამოიყენა, რის შემდეგაც ანგარიში 7:13 გახდა. 54-ე წუთზე “ბორჯღალოსანთა” საუკეთესო ლიდერს მეორე გარდასახვაც რომ გაეტანა, მისი გუნდი წინ გავიდოდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა, დასკვნით 15 წუთში კი, მასპინძლებმა ოთხი უპასუხო ლელო გაიტანეს. პეტრიაშვილი შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. “ვიენი” 13 ქულით მე-9 პოზიციაზეა. გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი” “რომანს” დაუხვდა და 9:23 დამარცხდა. ჯაშიტაშვილი თამაშში 65-ე წუთიდან ჩაერთო. მისი გუნდი 19 ქულით მერვე ადგილზეა.

მესამე ჯგუფში პლეი ოფში მოსახვედრად ორი გუნდი იბრძვის. თედო ზიბზიბაძის, გიორგი გაბელიასა და ნიკოლოზ მაღალდაძის “პერიგო” 29 ქულით მეოთხე ადგილზეა. განვლილ ტურში “პერიგო” “ტულესთან” 11:29 დამარცხდა. ზიბზიბაძემ შუამარბად სრულად ითამაშა, ხოლო გაბელია შეცვლაზე 70-ე წუთზე შევიდა.

“პერიგოს” 2 ქულით ჩამორჩება და მეხუთე პოზიციაზეა ტარიელ დონაძის “როდეზი”, რომელსაც აუტსაიდერმა, ნიკოლოზ გიორგაძის “ჰენდაიმ” 24:21 აჯობა. ორივე ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, გიორგაძემ 66 წუთი ითამაშა, ხოლო დონაძემ მოედანზე 52 წუთი გაატარა. “ჰენდაი” 13 ქულით ბოლო ადგილზეა.

მეოთხე ჯგუფში ლაშა მალაღურაძის, სიმონ მაისურაძის, გიორგი მჭედლიშვილის, ბექა ურჯუკაშვილისა და ლადო გუნიავას “ბანიერმა” ერთ-ერთ კონკურენტ “ლანემეზანს” 12:9 სძლია. მასპინძლებს 12-ივე ქულა მალაღურაძემ შესძინა, რომელიც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან მატჩისთვის გამოიძახა. ლაშამ შუამარბად სრულად ითამაშა და ორი ჯარიმა დასკვნით 5 წუთში გაიტანა, რამაც შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54 წუთი ითამაშა პირველხაზელმა მაისურაძემ.

“ბანიერი” 32 ქულით მეხუთე ადგილზეა და საპლეიოფო ზონას 2 ქულა აშორებს. უამინდობის გამო განვლილ ტურში არ უთამაშია მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმოს”, რომელიც 17 ქულით მერვე ადგილზეა.

0.113483